25.2.10

ბავშვის ფიზიკური განვითარება

     ბავშვის ფიზიკური განვითარება მოიცავს ბავშვის ზრდას, მოტორულ განვითარებას, ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას, ჰორმონალურ ცვლილებებს. 
ფიზიკური განვითარების რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა:
  • ადრეული ბავშვობა (1–6 წელი),
  • შუა და გვიანი ბავშვობა (6–11 წელი) და
  • სიმწიფის ანუ პუბერტაციის ხანა (11–16 წელი). 
  თითოეულ მათგანს გარკვეული მახასიათებელი გააჩნია.  ასაკთან ერთად ვითარდება მოტორიკა. მოტორული განვითარება გულისხმობს მოძრაობის განვითარებას და სწავლას. მოტორულ განვითარებაში გამოიყოფა მსხვილი მოტორული უნარები  და ნატიფი (წვრილი) მოტორული უნარები.
       მსხვილი მოტორული უნარები დიდი კუნთების კონტროლის მოპოვებასთან ერთად ჩნდება, სამი–ოთხი წლის ბავშვს შეუძლია ხტუნვა, სირბილი, აძვრომა, ყოველივე ეს კი მათ სიამაყის გრძნობასა და თავდაჯერებულობას იწვევს.
  ასაკთან ერთად იმატებს კოორდინაციის უნარი, მატულობს ერთ ადგილზე ჯდომისა და ყურადღების კონცენტრაცია. თუმცა მასწავლებელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი ერთ ადგილზე ჯდომით უფრო იღლება , ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით. ამას თუ გაითვალისწინებს პედაგოგი და შეეცდება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები უფრო ხშირად ჩართოს აქტიურ  და არა პასიურ საქმიანობაში, შედეგი უკეთესი ექნება.
     ნატიფი (წვრილი) მოტორული უნარები სამი წლის ასაკის ბავშვსაც გააჩნია, თუმცა ჩანასახის სახით. თანდათანობით მოტორული უნარის განვითარებასთან ერთად, მოსწავლეს შეუძლია გადაბმით და გათანაბრებული ასოებით წერა.


     საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ ბიჭები გოგონებზე უკეთესად ასრულებენ ისეთ მოქმედებებს, რომელთაც მსხვილი მოტორული უნარები ესაჭიროება.
 გოგონები კი ბიჭებზე უკეთ ასრულებენ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ნატიფ (წვრილ ) მოტორულ უნარებს მოითხოვენ.


    ფიზიკური განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარება.  ტვინი ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვილობის ასაკში. 3–დან 15 წლამდე ტვინის მთლიანი მოცულობა არ იზრდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება სხვადასხვა ნაწილში. შეიძლება, ერთი წლის მანძილზე ტვინის ზოგიერთი ნაწილი ძალიან გაიზარდოს, მაგრამ შემდეგ ისევ შემცირდეს. ეს მოხდება მაშინ, როცა იგი გათავისუფლდება უსარგებლო უჯრედებისაგან და რეორგანიზაციას მოახდენს. 
     სკოლამდელი ასაკის ბავშვის ტვინის წინა (ფრონტალური) ნაწილი იზრდება. ტვინის ეს ნაწილი ახდენს მოქმედებების დაგეგმვას, ახალი დავალებების ორგანიზებას და ყურადღების კონცენტრაციას.
  სკოლამდელი ასაკის შემდეგ ვიდრე გარდამავალ ასაკამდე სწრაფად იზრდება ტვინის ის ნაწილები, რომლებიც არეგულირებენ ენისა და სივრცითი მიმართებების განვითარებას.
     ტვინის თანდათან მომწიფება,  ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, ბავშვს საშუალებას აძლევს შეიმეცნოს და გამოსცადოს სამყარო. 


   ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე საუბრისას ხშირად აიგივებენ სიმწიფის ხანასა და მოზარდობის ასაკს. არადა, სიმწიფის ხანა და მოზარდობის ასაკი განსხვავებული ცნებებია. სიმწიფის ხანა წინ უძღვის მოზარდობის პერიოდს და მომწიფება მოზარდობის დაწყების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია.
   სიმწიფის ხანა განისაზღვრება, როგორც სწრაფი ფიზიკური მომწიფების პერიოდი, რომელიც მოიცავს ჰორმონალურ და სხეულის ცვლილებებს. ეს ხანა ხასიათდება ჰორმონების მოზღვავებით. 
   ბიჭებში გამოიყოფა ჰორმონი ტესტესტერონი, გოგონებში კი– ესტრადიოლი. ეს ჰორმონები ძლიერი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც ენდოკრინული ჯირკვლები გამოყოფს და სხეულში სისხლის მეშვეობით ვრცელდება.ჰორმონები მოზარდის ფსიქოლოგიურ განვითარებასაც უწყობს ხელს.
   საინტერესო  დაკვირვება ჩაატარეს მეცნიერებმა და დაამტკიცეს, რომ ბიჭებს, რომლებსაც უფრო მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ კომპეტენტურობაზე, ტესტესტერონის უფრო მაღალი კონცენტრაცია აქვთ ორგანიზმში.
   ხოლო გოგონები, რომლებიც უფრო მეტ აგრესიასა და გაბრაზებას გამოხატავენ , ესტრადიოლის უფრო მეტ რაოდენობას შეიცავენ სისხლში. 
      

ვსაუბრობთ რა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, არ უნდა გამოგვრჩეს როლი ისეთი ფაქტორებისა, როგორიცაა სტრესი, დაძაბულობა, დეპრესია
კვება,
ვარჯიში . ჩამოთვლილ ფაქტორებს შეუძლიათ გაააქტიურონ ან , პირიქით, ჩაახშონ ჰორმონების გამოყოფა.
     მასწავლებელი უნდა გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. ბავშვთან ყოველდღიური შეხებისას  თავს იჩენს ხოლმე რიგი პრობლემებისა, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციაში ფიზიკური განვითარების ამა თუ იმ ეტაპს, ფაზას უკავშირდება.

16.2.10

მგოსნის ხმა

          ქართველებს ძალიან ბევრი საყვარელი და სათაყვანო მოღვაწე გვყავს. როცა შემოქმედი გაინტერესებს, ცდილობ, გაიგო მის შესახებ ყველაფერი, მისი ცხოვრებისეული დეტალები. ამ მხრივ დიდ ფუფუნებად მიმაჩნია,    ამა თუ იმ მოღვაწის ხმის მოსმენა.
აქ კი არ არის საქმე კარგად, თითებზე ჩამოსათვლელი საამაყო პოეტის ხმა თუ არის შემორჩენილი. ერთ–ერთია გალაკტიონი.  მოვისმინოთ, ყურადღებით და ჩვენს წარმოსახვაში, წარმოვიდგინოთ მისი სახე, გავიხსენოთ გალაკტიონის ლექსები..... ამ ჩანაწერში პოეტი სწორედ საკუთარ ლექსებს მიმართავს. კითხულობს თავად გალაკტიონი.
http://www.youtube.com/watch?v=TJ1koNh-4eI

13.2.10

"ერის წყლული მაჩნდეს წყლულად"


ილიას შემოქმედების გასააზრებლად საინტერესო იქმება, თუ გარკვეულ ქრონოლოგიურ ხაზს შევადგენთ.
24 წლის ილია ბრუნდება რა სამშობლოში, წერს
"მგზავრის წერილებს", სადაც წარმოადგენს საკითხთა ნუსხას – "ერის წყლულს" და მთელ სამოქმედო პროგრამას, რომელიც მას უნდა გაეხორციელებინა დაბრუნების შემდეგ. ამას ილია 1861 წელს წერდა.
ერთი წლით ადრე კი, 1860 წელს, რუსეთში, პავლოვსკში, ყოფნის დროს აყალიბებს პოეზიისა და პოეტის დანიშნულებას ლექსში "პოეტი". ამ ლექსში პოეტი შუამავალია, რომელმაც "გარეგანი ფრინველივით" კი არ უნდა იგალობოს, არამედ მეფსალმუნე დავითივით უნდა შეძლოს სანუგეშო სიტყვის თქმა. ალექსანდერე ჭავჭავაძის, ვახტანგ ორბელიანისა და სხვათა პოეზიას ილია "უსაქმო ფრაზებად" მიიჩნევს და თვლის, რომ საქმიანი სიტყვა სჭირდება ქართულ "ფეხმოტეხილ ლიტერატურას". რუსეთში მყოფი ილია გარკვეულ ამოცანებს განსაზღვრავს, რომელიც როგორც პოეტს ევალება, ბრუნდება და გზად პროგრამას შეადგენს. მაგრამ რა ხდება მას შემდეგ , რაც ჩამოვიდა?
ჩამოსვლის შემდეგ ილია იწყებს "კაცია–ადამიანზე" მუშაობას, სადაც ყველა ნაკლოვანება წარმოჩენილი, არაფრობის უარყოფაა წარმოდგენილი... და რეაქციამაც არ დააყოვნა. ნაკლის გაკიცხვა, საკუთარი თავის სარკეში დანახვა ილიას არ მოუწონეს. ბრალდებათა კვალდაკვალილიამ დაწერა "ჩემო კალამო", 1861 წელს, სადაც ყველა იმ გაკიცხვას უპასუხა, რომელიც თავს "კაცია–ადამიანის" დაწერისათვის დაატყდა თავს.
ილიას გული ყოველთვის უგრძნობდა, რომ თავის სიმახინჯეზე საუბარი ბევრს არ მოეწონებოდა, ამას ჯერ კიდევ "პოეტში" ეხმაურება. პოეტის მოვალეობად სახავს სიმართლის თქმას და იქვე იგრძნობა, რომ ხმალი–კალამი არ დაეშვება არაფრის წინაშე.
"ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს–
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია."
დაწყებული პოლემიკა, სიმართლის თქმისთვის ბრძოლა წიწამურთან დასრულდა. აქვე აღსრულდა ის საშინელი წყევლა, რომელიც სიჭაბუკიდან მუდამ თან სდევდა პოეტს.

11.2.10

საორიენტაციო თემატიკა "მგზავრის წერილების ანალიზისთვის"


ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილების" შესწავლისას მოსწავლემ, გარდა იმისა, რომ კარგად უნდა აითვისოს შინაარსი, ასევე უნდა მოახდინოს თავმოყრა იმ პრობლემებისა, რაც ნაწარმოებშია წარმოჩენილი. ამაში კი მეგზურად და გზამკვლევად მასწავლებელი უნდა მოევლინოს.

ალბათ, გვახსოვს, როგორ გვასწავლეს თავად ჩვენ სკოლაში ეს ნაწარმოები. პირადად ჩემს შემთხვევაში მოხდა ასე: გავიარეთ "მგზავრის წერილები", დავწერეთ შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცეს სააანალიზო თემა: "მგზავრის წერილების" განხილვა. ამით შემოიფარგლა ჩვენი, როგორც მოსწავლეების, შეხება ამ ნაწარმოებთან.

ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური და საინტერესოა ის , რომ სააანალიზო თემებისა და პრობლემების წარმოჩენა მოხდეს ნაწარმოების შესწავლის კვალდაკვალ.

I. პირველივე თავში ვითარდება საინტერესო სცენა რუს "იამშჩიკთან" დაკავშირებით. სასურველია, ამ დროს მოსწავლეებს სააზროვნოდ და დასაწერად შევთავაზოთ თემა:
"მგზავრი ვლადიკავკაზის სატუმროსთან." გეგმა კი, რომელიც უნდა გაითავალისწინონ, შემდეგია: თემაში უნდა ჩანდეს ანალიზი იმ პორტრეტისა, რაც პირველივე სტრიქონებიდან იკვეთება, ფრანგის სიტყვები, მგზავრის ფიქრები და "პოვოსკის" დაძვრის სცენა. უნდა იყოს გადმოცემული ანალიზი იმისა, თუ რა იგულისხმა ილიამ ყოველივე ამის უკან, რა სიმბოლოების დანახვა და შეფასებაა შესაძლებელი. ეს თავი და ეს სცენა საყურადღებოა იმიტომაც, რომ "იამშიკის" სახით წარმოდგენილია რუსი დამპყრობელის სახე, "ორ იმოდენად უფრო საძაგელი."


II. შემდეგ ყურადღება უნდა გავამახვილოთ მგზავრის განცდებზე, რომელიც მას ეუფლება სამშობლოსთან მოახლოებისას. იგი განიცდის და ერთგვარად შიშობს კიდეც, არ იცის, როგორ შეხვდება მშობლიური გარემო უცხო ქვეყნიდან ჩამოსულს. ამასთან დაკავშირებით სასურველია, მოსწავლეებს სამსჯელოდ მივცეთ თემები :
"ოთხი წელიწადი" (ეს თემა გააერთიანებს "თერგდალეულობის" დაბრალების შიშს და კიდევ იმას, თუ როგორ აფასებს ილია იმ ოთხ წელიწადს, რომელიც მან სწავლას დაუთმო სამშობლოსგან მოშორებით)და მეორე თემა , რომელიც ასევე ეხმაურება ოთხი წელიწადის საკითხს, არის "მშობელს შვილის სიტყვა ყოველთვის ესმის". აქ უფრო ფართოდ გაიშლება საქართველოსთან შეხვედრის თემა და ილიას განზრახვა "ღვიძლი სიტყვის" თქმის შესახებ. ეს ორივე თემა კი ერთ მიზანს ემსახურება, მოსწავლემ გაიაზროს, როგორ ხედავს ილია თავის მომავალს, როგორ სურს, რომ თავისი სწავლა–განათლება მამულის სამსახურში ჩააყენოს და ეს მისი უპირველესი მიზანია.

III. ვაგრძელებთ ნაწარმოების შესწავლას და წინ უმნიშვნელოვანესი საუბარია მგზავრსა და რუს ოფიცერს შორის. მოსწავლემ კარგად უნდა გაიაზროს, რას ამბობს რუსი ოფიცერი, რაზე მეტყველებს მისი თითოეული სიტყვა, რატომ არ ეკამათება მას ილია და საუბრისას ოდენ მცირე რეპლიკებით იფარგლება. ამ ყველაფრის მოქცევა კი შეიძლება თემში სათაურით "სამეცნიერო საუბარი." თემაში უნდა მოხვდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რასაც რუსი ოფიცერი ქართველების მისამართით ამბობს, და იქვე უნდა ჩანდეს, თავად მოსწავლე როგორ უპასუხებდა ამგვარ გამოწვევას. ამით ვაყალიბებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სახეს დამპყრობი რუსეთისა. ეს ლოთი, ხეპრე, ბნელი, უტიფარი, ცხვირაბზეკილი, ბრიყვი, თავხედი პოდპორუჩიკი სხვა არაფერია, თუ არა სახე ჩვენი "ბატონ–პატრონისა"


IV. შემდეგ რიგში დგას ძალიან საინტერესო სახეები თერგისა და მყინვარისა, და დღისა და ღამისა. შეგვიძლია ეს ორი თემა გავაერთიანოთ, მაგრამ რაკიღა ნაწარმოები ისეა აგებული, რომ ეს სიმბოლოები ერთად არ გვხვდება და ჯერ თერგზე და მყინვარზეა საუბარი, ჩვენც ჯერ
"მყინვარისა და თერგის" შეპირისპირებაზე ვიმსჯელოთ, და შემდეგ "დღისა და ღამის" შედარებაზე. სასურველი, მოსწავლეებს მივაწოდოთ მოკლე ინფორმაცია გოეთესა და ბაირონის შესახებ, გავაცნოთ მათი შემოქმედების ძირითადი ასპექტები და ცხოვრება, რათა მოსწავლეებმა თავად შეძლონ მსჯელობა, რატომ შეადარა ილიამ მაინცდამაინც ეს ორი შემოქმედი. ამ ორი თემის ანალიზით, მივიყვანთ მოსწავლეებს უმთავრეს დასკვნამდე, რომელიც ნაწარმოებში კითხება: სიცოცხლის არსი ქმედებაშია!!!


V.და ბოლოს, მივადექით მოხევისა და მგზავრის საუბარს, საკვანძო საუბარს ნაწარმოებისას. აუცილებლად უნდა დაიწეროს თემა, რომელიც ლელთ ღუნიას მიერ წამოჭრილ თემებს გააერთიანებს. თხზულებას სათაური შევურჩიოთ დიალოგიდან გამომდინარე. მაგალითად, შეგვიძლია ვუწოდოთ
"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" ან რომელიმე სხვა გამონათავამი მოხევის ლაპარაკიდან. მთავარია, თემაში ჩანდეს, რა აწუხებს ქართველს. ეს პრობლემები კი დაახლოებით ასე გამოიყურება:
1. ქართველისათვის საკუთარი მიწა–წყალი უსარგებლო გამხდარა.
2. თავისუფლების დაკარგვით ქვეყანამ დაკარგა სახე, ტრადიციები, ზნეობა (ადრიდა და აწინა).
3. მტერი და მოყვარე ძნელი გასარჩევი გახდა.
4. დამყარებულია მოჩვენებითი მშვიდობა. (საინტერესოა, რომ მოხევეც თერგს იხსენებს და ჭაობს, როდესაც ამ თემაზე ესაუბრება).
5. ლელთ ღუნია იხსენებს, რომ სადაც "ღონე ვერ ღონობს" იქ სიბრძნემ და ხერხმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.

VI. ყოველივე ამის შემდეგ , შეგვიძლია წარვმართოთ
შემაჯამებელი მსჯელობა, რომელიც გააერთიანებს, თავს მოუყრის იმას, რაც მანამდე უკვე თქმულა და დაწერილა. მოსწავლე, რომელიც ნაბიჯ–ნაბიჯ წაჰყვა მასწავლებელს, დაწერა და იმსჯელა ყველა ამ თემაზე, შემაჯამებელ მსჯელობასაც ადვილად გაართმევს თავს. შემაჯამებელი, დასკვნითი მსჯელობის თემატიკა და საკითხების ჩამონათვალი კი ასეთია:

"მოძრაობა და მარტო მოძრაობა"
აქ ერთიანდება თემები
"თერგი და მყინვარი" და "დღე და ღამე" – ძირითადი დებულება "სიცოცხლის არსი ქმედებაშია".

"ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი"
ამ ნათქვამის გახსენების მიზანია, გამოკვეთოს დამპყრობელი რუსეთის სახე. მოსწავლეს შეუძლია გადახედოს თემებს :"მგზავრი ვლადიკავკასის სასტუმროსთან" და "სამეცნიერო საუბარი".

"ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა–ქვეშ არ ჩასწყდომია"
დებულება_ ცოდნისა და განათლების უპირველესი მიზანი _ სამშობლოს სამსახური. აქ ერთიანდება თემები:
"ოთხი წელიწადი" და " მშობელს შვილის სიტყვა ყოველთვის ესმის".


"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს"
ეს ფრაზა აერთიანებს თავისუფლების იდეისთვის ბრძოლას, და პრობლემას, რომელიც ლელთ ღუნია მტკივნეულად სვამს: თავისუფლებასა და პყრობილებაში, ანუ "ადიდა" და "აწინა".



შემაჯამებელ მსჯელობას ასრულებს ილიას ფიქრები, რომელიც მას მოხევესთან საუბრის შემდეგ მოეძალა. სასურველი იქნება თუ გავიხსენებთ, რა მოხდა მას შემდეგ , რაც ილია დაბრუნდა, როგორ წარიმართა მოვლენები, აღსრულდა თუ არა ის, რასაც 24 წლის ილია სამშობლოში დაბრუნებისას გეგმავდა.

8.2.10

ჩემი ვედრება


ვაჟა–ფშაველა ლექსში "ჩემი ვედრება" აყალიბებს თავის პრინციპებსა და შეხედულებებს, წარმოთქვამს სათხოვარს უფლისადმი. შესავედრებელი, მართლაც, რომ ბევრია, თუმცა ნუსხა ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს. ჩემი აზრით, ვაჟას ვედრება ღვთისადმი არის ნიმუში ადამიანობისა, კეთილშობილებისა, მოკრძალებულობისა.
ვაჟა–ფშაველას ლექსს –"ჩემი ვედრება"– კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი.

6.2.10

"მგზავრის წერილები" – გზა ვლადიკავკასიდან თბილისამდე

ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილების" სრული სათაურია– "მგზავრის წერილები, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე". რას გრძნობს ავტორი, ბრუნდება რა სამშობლოში , ეს ძალიან კარგადაა გადმოცემული თავად ნაწარმოებში. უფრო კარგად გავიაზრებთ ამ გზის მნიშვნელობას, თუ გავიგებთ, რომელ გზას ეწოდება "საქართველოს სამხედრო გზა"? როდის დაიწყო მისი გაყვანა? რა მონაკვეთებს მოიცავს ? ცოტა რამ საქართველოს სამხედრო გზის შესახებ:
საქართველოს სამხედრო გზა სახელწოდებაა ისტორიული გზისა, რომელიც გადის კავკასიონის მთავარ ქედზე და აერთებს თბილისსა და ვლადიკავკაზს.
გზის სიგრძე 208 კმ-ია. იგი მიემართება მტკვრისა და არაგვის ხეობებში, გადის ჯვრის უღელტეხილზე (2384 მ), მიუყვება ბაიდარის ხეობას, შემდეგ დარიალის ხეობაში გადაკვეთს კავკასიონის გვერდით ქედს და ეშვება თერგის ხეობაში ვლადიკავკაზისაკენ. საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები: ზემო ლარსი და ყაზბეგი.

გზის მშენებლობა დაიწყეს გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, 1783 წელს, გზის მშენებლობა ტრაქტატით იყო გათვალისწინებული, მფარველი რუსეთი ამით უკავშირდებოდა საქართველოს. ამავე დროს დაიწყო ვლადიკავკაზის ციხე-სიმაგრის მშენებლობა. ახალი გზა გაყვანილ იქნა ძველი ისტორიული გზის გასწვრივ, რომელიც დარიალის ხეობით უკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიას სამხრეთთან.
მუდმივი მიმოსვლა გზაზე გაიხსნა 1799 წელს. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801), დაიწყო ახალი გაუმჯობესებული სამხედრო გზის მშენებლობა. საქართველოს სამხედრო გზას, პოლიტიკური და სამხედრო დანიშნულების გარდა, დიდი ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სხვადასხვა დროს ამ გზაზე გაუვლიათ ა.გრიბოედოვს, ა.პუშკინს, ვ.მაიაკოვსკის და სხვა ცნობილ მოღვაწეებს.

ამ სტატიაში განლაგებული ყველა სურათი წარმოდგენას შეგვიქმნის,როგორ გამოიყურებოდა ეს მონაკვეთი ილიას მგზავრობისას.რას ხედავდა მწერალი.
ქვემოთ მოყვანილ სურათზე კი დაბა ყაზბეგთან ერთად მყინვარწვერიც მოჩანს, რომელიც ილიამ გოეთეს შეადარა და იქვე დასძინა , რომ მას მძვინვარე და ბაირონვით მოუსვენარი თერგი ურჩევნია.სხვათა შორის, ავტორი ადარებს რა მყინვარს გოეტეს და თერგს–ბაურონს, უთუოდ მათი ცხოვრება ჰქონდა მხედველობაში და არა მათი შემოქმედება. (ძნელია, "ფაუსტის" ავტორს, გოეთეს, უკარებლობა და მძვნვარება დაუწუნო). ესეც თერგი, მუდამ მოუსვენარი და დაუდგრომელი.

"მგზავრის წერილებში" ილია თერგისა და მყინვარის მხატვრული სახეებით, მათი შედარებითა და დაპირისპირებით აყალიბებს თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად პრინციპს, რომელიც ამგვარადაა ფორმულირებული: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის... ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი". სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ქართველობა ილიას აზრით: აქტიური, ფხიზელი, ზნეობრივი პოზიციით. და არა ისეთი, როგორსაც ხედავდა მაშინ– ღირსებააყრილს, მოდუნებული მაჯისცემით, ჩაგრულსა და მონობას შეგუებულს. ამავე შინაარსს გამოხატავს ილიას ერთ–ერთი პერსონაჟის, ოთარაანთ ქვრივის სიტყვები: " თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გადაგთელავს , როგორც დიდოელი ლეკი– ნაბადსაო". ამ ფიქრებით ილია უახლოვდებოდა სამშობლოს. უნდა შეხვედროდა პირისპირ მწარე რეალობას, რუსეთის ჩექმის ქვეშ გათელილი მშობლიურ მიწას ... წინ დიდი ბრძოლა, ერის გამოფხიზლება და ეკლიანი გზა ელოდა, ეს გზა, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე მოგვიანებით თბილისიდან წიწამურამდე გაგრძელდება და იქ დასრულდება... დასრულდება დიდი ადამიანის დიდი გზა... კვალი კი წარუშლელია... მოდიოდა ილია სამშობლოში და უყურებდა თერგის მოძრაობას, ნატრობდა ნეტავ ასეთი სიცოცხლე და მოძრაობა ჩემს ქვეყანაშიც მანახაო. მაშინ ილია ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ მდინარის სახელი ერთ–ერთ ტერმინს დაედებოდა საფუძვლად, ისე კი ჰქონდა რაღაც ეჭვი გულში: "თერგდალეულობაზე" ხომ ნაწარმოებში საუბრობს. "თერგდალეულობა" თერგის გადალახვით სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს.(და არა მარტო ამას, მოგვიანებით ამ ტერმინმა გააერთიანა ზოგადად უცხოეთში ნაცხოვრები და ნასწავლი, პროგრესული იდეების მატარებელი ყველა ახალგაზრდა). იმ დროის საქართველოში "თერგდალეულებს" ეჭვით, შიშით და უნდობლობით უყურებდნენ.