2.7.12

როგორ ვადგენთ "აბოს წამების" დაწერის თარიღს?

"აბოს წამებას" წინ უძღვის იოვანე საბანისძისა და სამოელ კათალიკოსის მიმოწერა. კათალიკოსი სთხოვს ავტორს, აღწეროს მათი თანამედროვე  არაბი ჭაბუკის, აბოს, მარტვილობა.   
     ამ მიმოწერიდან რამდენიმე საკითხი ირკვევა: ავტორის ვინაობა, ნაწარმოების შექმნის მიზეზი და ნაწარმოების დაწერის დრო.

1. აბო აწამეს 786 წლის 6 იანვარს.

2. სამოელი ქართლის კათალიკოსი იყო 790 წლამდე.

3. ე.ი. ნაწარმოები დაწერილია 786–790 წლებში. 
   

როგორ ვადგენთ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" დაწერის თარიღს?

  "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" დაწერის დრო ზუსტად არის დადგენილი თავად ამ  ნაწარმოებში დაცული ცნობების საფუძველზე.

   1.  თხზულებაში ნათქვამია, რომ გრიგოლი გარდაცვლილა წელთაღრიცხვის ქრონიკონული სათვალავის 81–ე წელს.

2. ქრონიკონის სისტემა 532 წლიან ციკლს მოიცავდა. გამოთვლილია, რომ 780 წელს დამთავრდა 12 ასეთი მოქცევა.

3. ე.ი. გრიგოლი გარდაიცვალა მე–13 მოქცევის 81–ე წელს. 780+81= 861 წელს

4. "ჟამი იყო სთულისაი" ე.ი. ოქტომბერი.


5. 861 წლის ოქტომბრის თვეში 102 წლის გრიგოლი გარდაიცვალა. 

6. ნაწარმოები კი დაწერილია გრიგოლის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, ე.ი. 861+90=951 წელს

1.7.12

ქალივით თუ ქალისავით? შურდულივით თუ შურდულისავით?

მოსწავლეთა ნაშრომებში ხშირად შეგხვდებათ ასეთი შეცდომა : "ტარიელი ქალისავით ტიროდა", "ბიჭი შურდულისავით გაქანდა".
"ქალისავით" და "შურდულისავით" შეცდომაა. იმისათვის, რომ მოსწავლემ მსგავსი შეცდომა აღარ დაუშვას, უნდა გავახსენოთ თანდებულიანი ბრუნვები და კერძოდ, რომელი თანდებული რომელი ბრუნვის ფორმასთან გამოიეყენება.

 
       –ვით თანდებული ორ ბრუნვას დაერთვის – სახელობითსა და მიცემითს.
სახელობითში მისი გამოყენება შეზღუდულია: მხოლოდ ფუძეთანხმოვნიან სახელებს დაერთვის : კაც–ი–ვით, ქალ–ი–ვით, ლომ–ი–ვით....
   ფუძეთანხმოვნიან სახელებს იშვიათად მიცემითი ბრუნვის თანდებულიანი ფორმაც მოეპოვებათ:


სახელობითი                                მიცემითი 
კაც–ი–ვით             //                    კაც–სა–ვით
ქალ–ი–ვით           //                    ქალ–სა–ვით
ლომ–ი–ვით         //                     ლომ–სა–ვით

ფუძეხმოვნიანი სახელები კი –ვით  თანდებულს მხოლოდ მიცემითის ფორმაზე დაირთავს: ცა–სა–ვით, წყარო–სა–ვით, ბუ–სა–ვით....

   –ვიტ თანდებულთან სახელობითი და მიცემითი ბრუნვების თანაარსებობამ განაპირობა მცდარი ფრომის გაჩენა მათი შერწყმის გზით
შეცდომაა : შურდულისავით, ქალისავით...
უნდა იყოს : შურდულივით, ქალივით
                   ან შურდულსავით, ქალსავით ...