1.3.10

პიროვნული ურთიერთობის როლი სწავლების პროცესში

    მასწავლებელი შედის საკლასო ოთახში, წინასწარ ვერავინ იტყვის, როგორ ჩაივლის გაკვეთილი – იქნება მშვიდი და სასწავლო გარემო, თუ ქაოსური და უარყოფითი ემოციებით დატვირთული. ძალიან ბევრი რამ მოსწავლეთა განწყობაზეა დამოკიდებული, თუმცა მიმაჩნია, რომ კლასის სასწავლოდ განსაწყობად მასწავლებელს მთავარი როლი ეკისრება.
    ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლია იმას, თუ რა განწყობით შედის მასწავლებელი, რა აცვია, როგორ გამოიყურება. ჩამოთვლილი ფაქტორები დასაწყისისთვის კეთილგანაყწობს ბავშვებს, შემდეგ კი დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად საინტერესო თემას განიხილავთ, რამდენად  მიმზიდველი ფორმით გადასცემთ მასალას.
     გარეგნობა, იუმორი, თავაზიანობა, სიხალისე – ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებთან კარგი პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ამას გარდა, აუცილებელია, რომ მოსწავლემ იგრძნოს მასწავლებლის სამართლიანობა, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ პედაგოგი სამართლიან გადაწყვეტილებას ღებულობს. ამისათვის უნდა მოხდეს მიღებული  შეფასების ანალიზი. თუ ეს მოსწავლეს აინტერესებს, უნდა განვუმარტოთ, თუ რატომ დაიმსახურა მან ესა თუ ის  შეფასება. ამას თან უნდა სდევდეს ფრაზები, რომელიც მოსწავლეს უკეთესი შედეგისთვის განაწყობს. ("ჩემი მოთხოვნები მნიშვნელოვანია შენი წარმატებისათვის", "ვიცი, რომ შენ  ამის დაწერა უკეთ შეგიძლია", "შენ ამას შეძლებ").
       ყოველივე ზემოთ თქმული სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თუ რამე არ შეესაბამება დადგებილ  წესებს ან დავალება არ პასუხობს მოცემულ პირობას, ეს არ უნდა აღვნიშნოთ. არა! პირიქით, ყოველთვის უნდა მოხდეს ამგვარი შემთხვევების აღნიშვნა, რადგან სწორედ ეს ქმნის სამართლიანობის განცდას მოსწავლეში.  თუ დარღვევამ ხშირი ხასიათი მიიღო, არც "სადამსჯელო ღონისძიებებს" უნდა ავარიდოთ თავი. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აგრეთვე ურთიერთობების აღდგენა. მოსწავლეს არ უნდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ პედაგოგმა გულში ჩაიდო ბოღმა.
      ბავშვები  აფასებენ იმასაც, როცა მათ  უსმენენ და ამჩნევენ და არ მოსწონთ, როცა მათ არ უსმენენ, ამიტომ აქტიური მოსმენა და ამ დროს სხვა დანარჩენი საქმის (დავალების შემოწმების, რვეულების გადაფურცვლის...)  გადადება ნამდვილად კარგ შედეგს მოიტანს.
       რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებთან კარგი პიროვნული ურთიერთობის დამყარება? ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც კარგი პიროვნული ურთიერთობა მოსწავლეებში მაღალ მოტივაციას განაპირობებს.
     მოტივაცია არის იმპულსი, შინაგანი პროცესი, რომელიც ადამიანს ქმედებისკენ უბიძგებს და ამ ქმედებებს გარკვეული მიზნის მიღწევისაკენ მიმართავს.
       დასავლური ფსიქოლოგიური სკოლა გამოარჩევს ე.წ. შინაგან და გარეგან მოტივაციას.
შინაგანი მოტივაცია განაპირობებს კონკრეტული ქმედებისაკენ სწრაფვას შინაგანი ცნობისმოყვარეობის დაკამყოფილების სურვილით. შინაგანი მოტივაციის გასაღვივებლად მასწავლებელმა უნდა უბიძგოს მოსწავლეს აზროვნებისკენ, შემეცნებისკენ, აქ განმსაზღვრელია მოსწავლის შინაგანი ინტერესი, რომელიც მოსწავლეს სიამოვნებას ანიჭებს.
   შინაგანი მოტივაციის გასაღვივებლად შესაძლებლია რამდენიმე სტრატეგიული  ნაბიჯის განხორციელება–
  • დავალების მოსწავლეთა ინტერესების მიხედვით შერჩევა; 
  • გარკვეულ შემთვევევბში მათთვის აჩევანის უფლების მინიჭება; 
  • თავისი აზრის, თუნდაც საწინააღმდეგო მოსაზრების, თამამად გამოხარტვის შესაძლებლობა;
  • თამაშის ტიპის სახალისო აქტივობების ჩართვა სასწავლო პროცესში.
     გარეგანი მოტივაცია სწრაფვას იწვევს გარე ფაქტორების გათვალისწინებით, გარკვეული ჯილდოს ან აღიარების სურვილით.
      ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება:
  • საჩუქრის შეთავაზებას. (ყველაზე მაღალი ნიშანი ან გარკვეული ტესტიდან გათავისუფლება...);
  • წერილობით ან სიტყვიერ შექებას;
  • შეჯიბრების მოწყობას;
     ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით , მასწავლებელი უნდა ცდილობდეს კარგი პიროვნული ურთიერთობა დაამყაროს მოსწავლეებთან და შეეცადოს მათი მოტივაციის ამაღლებას. ამასთან სასურველია, რომ მოტივაციის ორივე ფორმა           თანაბრად იქნეს ჩართული სასწავლო პროცესში  გასათვალისწინებელია ასაკობრივი ჯგუფი, კონკრეტული მოსწავლის ხასიათი და მუშაობის სტილის თავისებურებები. 
    


 
  

1 comment:

LEVAN TEPNADZE said...

ძალიან საინტერესო სტატიაა, მით უფრო რომ ამას ძალიან ახალგაზრდა მასწავლებელი წერს. მეგონა რომ ჩემს ერთ–ერთ მასწავლებელზე წერდი. მისი დამსახურებაა ჩემი დღევანდელი პროფესია და კიდევ ბევრი დადებითი თვისება რაც გამაჩნია. ვისურვებდი, რომ ბევრმა გამოსცადოს სიამოვნება, რომელიც კარგი მასწავლებლის ყოლას მოაქვს. კმაყოფილი ვარ, რომ მქონდა ბედნერება მყოლოდა მასწავლებელი, რომელიც ჩვენი მეგობარი, მეორე მამა და უსაყვარლესი ადამიანი იყო. დიდი მადლობა გოგი მასწავლებელო, თქვენ დიდებული იყავით!