29.11.10

ზმნისწინი

       ზმნისწინი იგივე პრევერბი ზმნას თავში დაერთვის. ზმნისწინის გამოყენების თვალსაზრისით ქართულში ზმნები სამგვარია:
1. ზმნები, რომლებიც საერთოდ არ დაირთავენ ზმნისწინს (აქვს, ჰყავს, უყვარს..)
2. ზმნები, რომლებიც უზმნისწინოდ არ გამოიყენება (მოფრინდა, მიდის, გაიგო...)
3. ზმნები, რომელთაც შეუძლიათ ზმნისწინი დაირთონ ან არ დაირთონ.
ზმნისწინის დართვით ზმნამ შეიძლება:
I. გამოხატოს მიმართულება (გეზი)

• ზევიდან –> ქვევით : და– (დავარდა, დაეცა, დახტა, დაენარხცა, დაასხა...)
• ქვევიდან –> ზევით: ა– , ამო–. (ავიდა, ავარდა, ამოვიდა, ამოიყვანა...)
• გარედან –> შიგნით: შე–, შემო–. (შევიდა, შევარდა, შემოვიდა, შემოიარა...)
• შიგნიდან –> გარეთ: გა–, გამო–. (გავიდა, გაიხედა, გამოვიდა, გამოიხედა...)
II. გამოხატოს მოქმედების დასრულება
• შევადაროთ ზმნათა წყვილები:
ვხატე– დავხატე წერს– დაწერა აკეთებ–გააკეთე
ვხატე, წერს და აკეთებ ზმნები დაუსრულებელ მოქმედებას გამოხატავენ, ხოლო დავხატე, დაწერე და გააკეთე კი– დასრულებულს.
წყვილის პირველ ზმნას (ვხატე,წერს, აკეთებ) მეორისაგან (დავხატე, დაწერე, გააკეთე) განასხვავებს ზმნისწინი. სწორედ, ზმნისწინის დართვის შემდეგ გამოხატა ზმნამ დასრულებული მოქმედება.
III. შეიცვალოს მნიშვნელობა
ზმნის ერთსა და იმავე ძირს თუ დავურთავთ სხვადასხვა ზმნისწინს ზმნის მნიშვნელობა შეიცვლება.
მოიგო, გაიგო, ჩააგო, წააგო, დააგო...
ამ შემთხვევაში ზმნისწინი წარმოქმნის საშუალებაა!!!

IV. აწარმოოს მომავალი დრო
ზმნისწინის მეშვეობით შესაძლებელია ახლანდელი დროისაგან მომავალი დროის წარმოება.
ხატავს– დახატავს, წერს– დაწერს...

შედგენილობის მიხედვით ზმნისწინი შეიძლება იყოს მარტივი და რთული.
მარტივი ზმნისწინებია : მი, მო, ა, და , ჩა, შე, გა, წა.
რთული ზმნისწინები მიიღება მარტივზე მო– ზმნისწინის დართვით: ამო, ჩამო, შემო, გამო, წამო, გადმო...
ზოგიერთმა ზმნისწინმა ახალ ქართულში განიცადა ცვლილება:
ძველი ფორმა ახალი ფორმა
გან–ვძლიერდი გა–ვძლიერდი
აღ–ივსო ა–ივსო
წარ–იღო წა–იღო
შთა–ყარნეს ჩა–ყარეს
გარდა–დრიკნეს გადა–დრიკეს
წარმო–ვიდა წამო–ვიდა

ძველ ქართულში ამათ გარდა იხმარებოდა ზმნისწინები:
დამო–, უკუ– , უკმო–, წიაღ–, წიაღმო–.
ზოგი ზმნისწინი ძველი სახით თანამედროვე ქართულშიც არის რამდენიმე სიტყვაში შემორჩენილი:
განთავისუფლება, შთაგონება, წარდგენა, გარდაქმნა, აღდგომა, აღორძინება...

2 comments:

GyroZeppelisSteelBall said...
This comment has been removed by the author.
GyroZeppelisSteelBall said...

მადლობა!