28.6.11

ინკლუზიური სწავლება (ნაწილი II)


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები
1.      სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლების ინკლუზიური მიდგომის საფუძველში ისეთი ფუნდამენტური პრინციპები დგას, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, ბავშვთა უფლებების დაცვა და მათი სპეციალური ადაპტაციის უზრუნველყოფა, ასევე, განსხვავებულის აღიარება და პატივისცემა.
2.      ინკლუზიური განათლება ზოგადად  გულისხმობს განსხვავებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ერთად სწავლებას ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.
3.      განსაკუთრებული საჭიროება შესაძლოა ჰქონდეს როგორც განვითარებაში შეფერხებისა და კონკრეტული უნარების დაქვეითების მქონე მოსწავლეს, ასევე იმასაც, ვინც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული.
4.    ინკლუზიური განათლების ძირითად იარაღს წარმოადგენს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.
5.      ინკლუზიური განათლების მოწინააღმდეგეებს აქვთ შემდეგი არგუმენტები:

·         სპეციალურ სკოლებში, მცირე კლასებში სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლების ყურადღება გადამწყვეტია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
·         სპეციალურ სკოლებში სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს უფრო მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლებში.
·         ჩვეულებრივ სკოლას არ აქვს ადეკვატური რესურსები, მიიღოს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები.
·         ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელს არ აქვს ამგვარი ტიპის მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება.
6.      ინკლუზიური განათლების მომხრეებს აქვთ შემდეგი არგუმენტები:
·         სპეციალურ სკოლებში მოსწავლეთა მიმართ დაბალი მოლოდინებია, რაც იწვევს მათ სწავლის მიმართ დემოტივაციას.
·         სპეციალურ სკოლებში დაბალი აკადემიური მოთხოვნებია, იშვიათად ხდება მაღალი ინტელექტუალური უნარების გავარჯიშება, დაბალია სწავლების ტემპი, მცირე დრო ეთმობა აკადემიურ საქმიანობას.
·         ინკლუზიური სწავლების შემთხვევაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ, რადგან ისინიც ჩვეულებრივ სკოლაში დადიან.
·         ინკლუზიური სწავლებისას ჩვეულებრივი ბავშვები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თანატოლებთან ურთიერთობას ისწავლიან და მომავალში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დისკრიმინაცია ნაკლებად მოხდება.
7.      უმნიშვნელოვანესია, რომ მასწავლებლებს სჯეროდეთ, რომ შესაძლებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების აკადემიური წინსვლა, მათი წარმატება.
8.      მასწავლებელი უნდა მოემზადოს, რაც გულისხმობს
·         მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასებას.
·         ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნას.
·         მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს.
·         ბავშვის ქცევაზე ობიექტურ დაკვირვებასა და მის აღწერას.
9.      მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მიმაგრებული ჰყავთ კოორდინატორი, რომელიც მასწავლებელთან ერთად მოქმედებს.

უნარის/უნარების  დეფიციტი მოსწავლეებში
1.      უნარშეზღუდულობას ორ დიდ ჯგუფად ყოფენ:
თვალსაჩინო უნარშეზღუდულობა (როდესაც მოსწავლეს თვალშისაცემი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი აქვს) და
არათვალსაჩინო უნარშეზღუდულობა (როდესაც მოსწავლეს თვალსაჩინოდ არ ეტყობა უნარშეზღუდულობა)
2.      არათვალსაჩინო  უნარების დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს
·         კითხვის ათვისებასთან დაკავშირებით (დისლექსია) – მოსწავლე ვერ არჩევს ბგერებს, ვერ აერთიანებს ბგერებს სიტყვებში, მაღალ კლასებში – ვერ იაზრებს წაკითხულ ტექსტს.
·         წერის ათვისებასთან დაკავშირებით – ეს პრობლემა პირდაპირ კავშირშია მოტორული კოორდინაციის დარღვევასთან.
მოტორული კოორდინაციის დარღვევა ანუ დისპრაქსია, მოტორული განვითარების შეფერხებაა. ძირითადი გამოვლინებაა მოძრაობათა კოორდინაციის სირთულეები. ამ მდგომარეობას „მოუქნელი ბავშვის სინდრომსაც“ უწოდებენ.
·         ანგარიშის ათვისებასთან დაკავშირებით – მოსწავლე ვერ ცნობს ციფრებს, უჭირს მრავალნიშნა რიცხვების წაკითხვა, რაოდენობის გაგება და არითმეტიკული ოპერაციების შესრულება.
3.      აუტიზმი განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანს უჭირს სხვებთან კომუნიკაცია და სოციალური ურთიერთობების დამყარება.
4.      აუტისტ ბავშვებს არ უყვართ სიახლეები, ურჩევნიათ ჩვეულ გარემოში ყოფნა. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სოციალური და კომუნიკაციის ჩვევების ათვისების ჩართვა.
5.      გონებრივი ჩამორჩენა ფსიქიკური განვითარების დაღვევაა, რაც ვლინდება ინტელექტუალური შესაძლებლობების მნიშვნელოვნად ჩამორჩენასა და ადაპტაციური ქცევების მნიშვნელოვან სირთულეებში.
6.      გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვების სწავლებისას სასურველია:
·         ხელშესახები და თვალსაჩინო მასალის გამოყენება.
·         დავალებების მცირე ნაწილებად დაყოფა.
·         სწავლების ნელი ტემპი.
·         დასწავლილი ჩვევის სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.
7.      ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების, ანუ ნეირობიოლოგიური დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობა.
8.      რჩევა მასწავლებელს:
·         ეფექტურია გაკვეთილის დაწყებისას საინტერესო შესავლის გაკეთება.
·         მასალა მიაწოდეთ ნაბიჯ–ნაბიჯ და ამ პროცესში განმარტეთ ყოველი ნაბიჯის მნიშვნელობა.
·         დასახეთ მოკლევადიანი მიზნები, რომელთა შესრულება მოსწავლეთათვის არაა რთული.
·         გამოიყენეთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი.
·         აქტივობები ხშირად შეცვალეთ.
·         სწავლების დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია თანმიმდევრულობა.
·         ასეთი ბავშვები დასვით წინა რიგებში, რომ ყურადღება კიდევ უფრო მეტად არ გაეფანტოთ.
9.      კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც ნორმისგან განსხვავდება და განსაკუთრებული გარემოს შექმნას საჭიროებს სკოლაში, არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ჯგუფი.
10.  განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სწავლებამ ჩვეულებრივ საკლასო გარემოში შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს.
პრობლემა 1. ასეთი ბავშვისთვის გაკვეთილის თემატიკა უინტერესო და მარტივია.
პრობლემა 2. ისინი თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს საკლასო ოთახის ფარგლებში ვერ გამოავლენენ.
პრობლემა 3. სწყინდებათ სასწავლო პროგრამით სწავლა და გული უცრუვდებათ სკოლაზე.
პრობლემა 4. კვლევებმა აჩვენა,  ნიჭიერი მოსწავლეები სკოლაში დროს კარგავენ, რადგან მათ უკვე იციან ის, რაზეც მასწავლებელი საუბრობს.
11. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებთან  ძალიან ეფექტურია ერთ–ერთი გავრცელებული პრაქტიკა – თანამშრომლობითი სწავლა.
12.  თანამშრომლობითი სწავლის არსი არის ის, რომ ნიჭიერი მოსწავლეები რჩევას აძლევენ თანატოლებს და ეხმარებიან მათ. შედეგად, მათ აღარ სწყინდებათ გაკვეთილზე ჯდომა.
13.  კიდევ ერთი საშუალებაა – დაჩქარებული სწავლება. ამ მეთოდის თანახმად, ნიჭიერ ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, თანაკლასელებთან შედარებით უფრო სწრაფად აითვისონ სასწავლო პროგრამა.
14.  თუმცა დაჩქარებული სწავლის არჩევამდე ძალიან ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. მოსწავლე კი არის ნიჭიერი, მაგრამ მას, შესაძლოა, არ ჰქონდეს განვითარებული სოციალური უნარ–ჩვევები, რაც მომავალში ხელს შეუშლის.ამდენად, დაფიქრება ღირს, ვიდრე სკოლა და მშობელი ამ არჩევანს გააკეთებენ.

No comments: