30.6.12

რამოდენიმე თუ რამდენიმე?


  ყველაზე ხშირად შეცდომას იწვევს ხმოვნის ზედმეტი ხმარება. ამასთან დაკავშირებით განვიხილავთ ორი ტიპის შეცდომას:
  1. მასწავლებელს ძალიან ხშირად შეუსწორებია, ალბათ, თქვენს რვეულში სიტყვა რამოდენიმე. შესწორების მიზეზი ერთია, ამ სიტყვაში ო ხმოვანი ზედმეტია. უნდა ეწეროს რამდენიმე. არადა, ამ ორი ფორმიდან მოსწავლეები რატომღაც ამჯობინებენ შეცდომიან ფორმას, მაღალფარდოვნად მიაჩნიათ და იმიტომ. ჰგონიათ, ამ სიტყვას ო ხმოვნით თუ გამოიყენებენ უფრო ლამაზი თზხულება ან საუბარი გამოუვათ. :)
     რამდენიმე სიტყვა ასე წარმოიშვა: რამდენი გაჩნდა ძველი ფორმის რაოდენის ნაცვლად. რაოდენი > რავდენი > რამდენი. შემდეგ დაერთო მე- ნაწილაკი და მივიღეთ რამდენი-მე.
   ე.ი. სიტყვა რამდენში მ თვითონ არის ო ხმოვნისაგან მიღებული, ამიტომ ახალი ო-ს დართვა შეცდომაა.

დავიმახსოვროთ, სწორია რამდენიმე, რამდენიღაც, რამდენჯერმე...

  2. მეორე მაგალითი ჭარბი, ზედმეტი ხმოვნის ხმარებისა არის ზმნა წარმოჩინდა. აქ ზედმეტია ხმოვანი ი. სწორი ფორმაა წარმოჩნდა.
  იმავე ფუძისაგან ნაწარმოები ზმნები გავიხსენოთ: გაჩნდა, გაჩნდება, გამოჩნდა, აღმოჩნდა, აღმოჩნდება. ამ ზმნებში ხომ წარმოუდგენელია ი ხმოვნის ზედმეტად ხმარება?! მაშინ, რატომ ვურთავთ ზედმეტ ი ხმოვანს წარმოჩნდა ზმნაში?!
დავიმახსოვროთ, სწორი ფორმაა წარმოჩნდა, წარმოჩნდეს, წარმოჩნდება...

No comments: