4.10.10

აღქმა და აღთქმა


რომელია სწორი?
                                          აღქმა და აღთქმა
        ეს  ორივე  სიტყვა ენობრივი ნორმების მიხედვით სწორია, მთავარია, ვიცოდეთ, რომელს რა ვითარებაში ვამბობთ. შეცდომას ამ ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით, უშვებს ის ადამიანი, რომელმაც არ იცის, თითოეული ეს სიტყვა რას ნიშნავს და როდის უნდა გამოვიყენოთ.
     აღქმა ფსიქოლოგიაში ხმარებული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს გარკვეული ფაქტისა თუ მოვლენის გაცნობიერებას, გაგება–გააზრებას. მაგალითად, „დაღლილ კაცს უჭირს რისამე ნორმალურად აღქმა“, „გოგონამ პოეტურად აღიქვა ნაწარმოები“.
    აღთქმა ნიშნავს „დაპირებას“, „დანაპირებს“. იგი იხმარება რელიგიური მნიშვნელობითა და აღნიშნავს „ღვთის სიტყვას“ ადამიანებისადმი. გაიხსენე წმინდა წიგნები – ძველი და ახალი აღთქმა, რაც ამ განმარტების გათვალისწინებით ნიშნავს ღვთის ძველ და ახალ დანაპირებს ადამიანებისადმი.
   აღთქმა სიტყვისაგან არის ნაწარმოები აღთქმული, რომელიც გარკვეულ სახელებთან  (აღთქმული მიწა, აღთქმული ქვეყანა) შეხამებაში „ისრაელს“ აღნიშნავს.
! აღთქმული მიწა , აღთქმული ქვეყანა  –  სანეტარო საოცნებო მიწა, ქვეყანა,          
                                                                              ისრაელის სინონიმი.
       სიტყვები აღთქმა და აღქმა სხვა ფორმითაც ერევათ ხოლმე ერთმანეთში. ხშირად მოისმენთ ან წაიკითხავთ უმართებულოდ, კონტექსტისტვის შეუსაბამოდ ჩასმულ ამ ორ სიტყვასაც– აღთქმული და აღქმული.
  • მაგალითად, შეცდომაა – დადო აღქმა , რადგან ამ შემთხვევაში შეპირების მიცემა, ფიცის  დადება იგულისხმება და უნდა იყოს დადო აღთქმა.
  • ასევე არასწორია – პოეტური აღთქმა, რადგან ამ შემთხვევაში გარკვეული ფაქტისა თუ მოვლენის  გაცნობიერება, გააზრება იგულისხმება და უნდა იყოს პოეტური აღქმა.
დავაკვირდეთ:
Ø  დაუნაწევრებელი მეტყველება აღქმას აძნელებს.        
Ø  დავდოთ აღთქმა, რომ საქვეყნო საქმეს არ ვუღალატებთ.
სავარჯიშო 1. შემოხაზე სწორი ვარიანტი.
1.ცალკეულ მოვლენას თითოეული ინდივიდი თავისებურად /............./.
            ა. აღიქვამს        ბ. აღითქვამს.
2. მეომრებმა დაიჩოქეს და უფლის წინაშე /............./ დადეს, რომ თავს გაწირავდნენ სამშობლოსთვის.
             ა. აღთქმა        ბ. აღქმა
3. ეს წიგნი შეიცავს ძველ და ახალ /............./.
         ა. აღქმას          ბ. აღთქმას
4. მეოცნებე გოგონამ რომანტიკულად   /............./ დანაპირები .
        ა. აღიქვა      ბ.აღითქვა
5. 1970–იან წლებში ბევრი ებრაელი დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში– ისრაელში, რომელსაც  /............./ მიწას უწოდებენ.
     ა. აღთქმულ        ბ. აღქმულ  
სავარჯიშო 2. შემოხაზე გამოყოფილი სიტყვების მნიშვნელობები.
1.ნიჭიერმა სტუდენტმა ადვილად აღიქვა რთული ფილოსოფიური აზრები.
ა. გაიგო, გაიაზრა      ბ. შეპირდა
2. ბატონმა თავის ერთგულ მსახურს ავადმყოფი ცოლის მკურნალობაში დახმარება აღუთქვა.
ა. გაიგო, გაიაზრა       ბ. შეპირდა
3. ტექსტი აღსაქმელად ადვილია, მუსიკას კი ჩემი ყური ჯერ ვერ შეეჩვია.
ა. გასააზრებლად, გასაგებად        ბ.დაპირების მისაცემად
4. ზოგი ჟურნალისტი ისე ცუდად მეტყველებს, რომ მისი საუბარი ძნელი აღსაქმელია.
ა. გასაგები, გასააზრებელია         ბ.  შესაფიცია
     

    
      

No comments: