9.12.10

სხვათა სიტყვათა მართლწერის საკითხები


უფრო მეტი გრამატიკა

            ქართულ ენაში არის ნაწილაკები –მეთქი, –თქო  და –ო. მათი დანიშნულებაა მოსაუბრის ნათქვამის უცვლელი გამეორება, ამიტომ ამ ნაწილაკებს სხვათა სიტყვის ნაწილაკებს უწოდებენ.
     –მეთქი ნაწილაკი წარმოშობით წინადადებაა (< მე ვთქვი) და იხმარება მაშინ, როდესაც პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამი უნდა გავიმეოროთ. მაგალითად,
·         მე გითხარით, ვისაც დავალება არ ექნება ექსკურსიაზე ვერ წამოვა–მეთქი.
·         აკი გითხარი, ასეთ ამინდში გარეთ თუ გახვალ, გაცივდები–მეთქი.
·         მე ვკითხე კიდეც , ასე რატომ ჩქარობ–მეთქი.
     –თქო  ნაწილაკი იხმარება მაშინ , როდესაც პირველი პირი (მოსაუბრე)  მეორე პირს (თანამოსაუბრეს) თავის ნათქვამს აბარებს მესამე პირთან.  მაგალითად,
·         უთხარი  დედას, რომ ყველაფერი კარგად იქნება–თქო.
·         გადაეცი ნიკას, რომ შემდეგ გაკვეთილზე ტესტია–თქო.
·         უთხარი ანას, თინამ საქმეები უკვე მოაგვარა–თქო.
   –ო ნაწილაკით გადმოიცემა მესამე პირის ნათქვამი. მაგალითად,
  • მოსამართლემ ჰკითხა, მოწმე გყავსო?
  • დედამ მითხრა, მალე მოდიო.
  • თქვენ არ მითხარით, აქ დამელოდეო?!
     –ო ნაწილაკი ძალიან ხშირად გამოიყენება ანდაზებსა და თითქოს ნაწილაკიან წინადადებებში. მაგალითად,
  • კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო.
  • რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.
  • თითქოს, ქორმა ჩამოიქროლაო, ისე აფორიაქდნენ წიწილები.
   დაიმახსოვრე:
1.–მეთქი და –თქო ნაწილაკები ყოველთვის გამოიყოფა დეფისით, ხოლო –ო ნაწილაკი– არა.
2.–მეთქი, –თქო და –ო ნაწილაკებიანი სხვათა სიტყვა ბრჭყალებში არ უნდა ჩავსვათ.    
სავარჯიშო 1. ჩასვი გამოტოვებული ნაწილაკი: –მეთქი, –თქო ან –ო.
  • ყოველთვის ვამბობ, ყურადღებით მომისმინე........
  • გთხოვ, გადაეცი დედას, შაბათს შეხვედრა არის.......
  • დაიწყო ბიჭმა ყვირილი, მგელი მოვიდა......
  • ყველა  გზა რომში მიდის........
  • თითქოს,  ავსულმა გაიღვიძა......., ისე წამოხტა გიჟებული.
  • დედამ მთხოვა, არ დაიგვიანო.......
  • მე გუშინ ვთქვი , აღარ გავიმეორებ ამას..........
  • უთხარი შენს მეზობელს, ძალიან ხმაურობ............
სავარჯიშო 2. გადააქციე პირდაპირი ნათქვამი ირიბ ნათქვამად.
Ø  „– თითქოს, გულში რაღაც ჩამწყდა, ისე მეწყინა“.– თქვა სულხანმა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  „–საღამოს ვიკრიბებით და კინოში მივდივართ“.– თქვა ნუკიმ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Ø  „– სანდროს უთხარი, შეხვედრაზე არ დააგვიანოს“.– მითხრა ნიკამ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სავარჯიშო 3. გახაზე სწორი ვარიანტი:
v  რა დაუშავა კრუხმა ქორს, რომ წიწილებს სტაცებს და არ ასვენებს.../–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  ასე მეგონა, დამუნჯდა... /–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  უთხარი, როცა მგელი კვდებოდა, შენ გლოცავდა.... /–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  ნეტავ, ის წიგნი ჩემი იყოს..... /–მეთქი/ –თქო/ ო/, ვიფიქრე.
v  გადაეცი, როგორც გითხარი, ისე მოიქეცი... /–მეთქი/ –თქო/ ო/.
v  გააფრთხილე , შინ არ დამხვდე... /–მეთქი/ –თქო/ ო/.



No comments: