28.6.12

შოთა რუსთაველი – "ვეფხისტყაოსანი" (პროლოგი)


    „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პოემის გასაგებად. ანტიკურ ეპოქაშიც და შუასაუკუნეებშიც ლიტერატურულ ნაწარმოებს  საკმაოდ ხშირად წაუმძღვარებდნენ შესავალს (პროლოგს), სადაც ასახელებდნენ ღვთაებას, მეფეებს, მთავრებს ან უბრალოდ, დამკვეთებს, გამოთქვამდნენ ხოლმე ფილოსოფიურ ან თეორიულ–ლიტერატურულ შეხედულებებს და ა.შ. „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად ტექსტსაც უძღვის პროლოგი, სადაც ჩამოთვლილი პუნქტებია განხილული.
      პროლოგი სტრუქტურულად რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია, დავყოთ.
    I ნაწილში ნახსენებია ღმერთი, მეფე, მთავარი გმირი, პოემის ავტორი, პოემის ფაბულა. ამის შემდეგ, II ნაწილში, კი ავტორი საუბრობს ფილოსოფიურ, თეორიულ, ლიტერატურულ საკითხებზე. კერძოდ, ადამიანის ორ უმთავრეს უნარზე: შემოქმედებით უნარზე (შაირობაზე) და სიყვარულის უნარზე (მიჯნურობაზე).  

თავისებურება 1.  პროლოგში რუსთაველი ჩამოთვლის შაირობისა და მიჯნურობის სახეებს, თითოეულის მახასიათებელ და ამოსაცნობ ნიშან–თვისებებსაც  წარმოგვიდგენს,
რომელია კარგი და რომელი –არა, ამის ამოცნობასაც გვასწავლის.  მაგალითად, რუსთველი გამოყოფს სიტყვიერი ხელოვნების სამ სახეს („სამ ლექსს“) – ეპიკური ჟანრის ვრცელი ნაწარმოები, რომელიც ბაძავს შაირობის პირველად იდეას და ცდილობს იყოს, „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი“ და „მსმენელთათვის დიდი მარგი“, მეორე ჯგუფი – ამ ლექსის ავტორთ არ შეუძლიათ სრულყოფილი პოეტური ნაწარმოების შემქნა, თუმცა კი ჯიუტობენ და თავი შემოქმედი ჰგონიათ, მესამე ჯგუფის წამომადგენელნი კი მოსალხენ, საარშიყო ლექსებს ქმნიან, "ამხანაგთა  სათრეველად". მიჯნურობის ასევე სამი სახეობაა ჩამოთვლილი (ზეციური, ღვთაებრივი სიყვარული, მისი ამქვეყნიური ბაძვა და სიძვა–გარყვნილება).

პრობლემა. მოსწავლეს გაუჭირდება  ჩამოთვლილი სახეობების გამიჯვნა და დახასიათება. სიტყვიერი ხელოვნების (შაირობის) რამდენ სახეს გამოყოფს და რა განასხვავებს  ამ ჯგუფებს,  მიჯნურობის რამდენგვარობაზე საუბრობს ავტორი და როგორ ხასიათდება თითეული მათგანი  –ამის დადგენაში  უნდა დავეხმაროთ მოსწავლეს.

აქტივობა. გამოვიყენებ ცხრილებს იმისათვის, რომ შაირობისა და მიჯნურობის ჯგუფების კლასიფიკაცია უფრო ნათელი გავხადო,  ხოლო თითოეული ჯგუფის მახასიათებლების ტექსტიდან ამოსაკრეფად გამოვიყენებ „გონებრივ იერიშს“. 

თავისებურება 2. „ვეფხისტაოსანზე“ საუბრისას გასათვალისწინებელია ისტორიული კონტექსტი. მით უფრო, რომ  პროლოგში, შეფარვით თუ პირდაპირ, ნახსენებია  ისტორიული პიროვნებები. („ვის ჰშვენის,– ლომსა,– ხმარება შუბისა, ფარ–შიმშერისა, –მეფისა მზის თამარისა, ღაწვ–ბალახშ, თმა–გიშერისა“, „თამარს ვქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ–დათხეული...“).  ამ სტროფების წაკითხვისა და გარჩევის შემდეგ მოსწავლე კითხულობს „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“. 

პრობლემა. მოსწავლეს გაუჩნდება კითხვა, თუკი ქართველა მეფეებზე ვსაუბრობთ, როგორღა არის ეს პოემა სპარსული? იქნებ მართლაც არსებობს სპარსულად თხზულება, რომელიც რუსთაველმა თარგმნა?

აქტივობა.  პირველ რიგში, გავაცნობ ხანგრძლივი კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც, "ვეფხისტყაოსანი" არ ითარგმნა ერთი რომელიმე კონკრეტული სპარსული ნაწარმოებიდან,  შემდეგ დავწერ დაფაზე  სტრიქონს („ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“) და სიტყვა–სიტყვით განვუმარტავ. (სიტყვა „ნათარგმანები“ ყოველთვის არ ნიშნავს ერთი ენიდან მეორეზე თარგმნილს. მაგალითად ვახტანგ VI- ბეჭდურ „ვეფხისტყაოსანს“ დაურთო კომენტარები, რომელსაც „თარგმანი“ უწოდა.  ამდენად, ეს სტრიქონი ასე განიმარტება „ეს ამბავი სპარულია, უცხოა, ქართულად გააზრებული“. მოქმედების სხვა ქვეყანაში გადატანა ერთგვარი პოეტური ხერხია, რომელიც რუსთველის მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს. ამის შემდეგ  გამოვიყენებ კიდევ ერთ აქტივობას – საკლასო დისკუსიას, თემას ჩამოვაყალიბებ ასე: თქვენი აზრით, რუსთაველმა რატომ მოისურვა პოემის სიუჟეტის უცხოდ წარმოჩენა, გაუცხოება?  (სავარაუდოდ, გამოიყოფა ორი ძირითადი მოსაზრება: 1. ნაწარმოების უცხოურ წარმომავლობაზე საუბარი იმის მიმანიშნებელია, რომ იგი საყოველთაო, ზოგადადამიანურ თემებს ეხება; 2. ამავე დროს ეს ერთგვარი ხერხია, რომლითაც ავტორი თავს იცავს მოსალოდნელი კრიტიკისგან – მან მიწიერი, ხორციელი სიყვარული განადიდა, ამასთანავე თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების არსი თამამად გამოსახა). 


No comments: