27.6.12

მ. ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“


მიხეილ და ქეთევან
 ჯავახიშვილები 


 თავისებურება 1. მ.ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“  ლიტერატურულად და რეალისტურად  გადმოგვცემს საქართველოს ისტორიის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს. მწერალი თავის შემოქმედებაში აღწერს, თუ რა ზარალი მოუტანა სოციალიზმმა ერს. 1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლაც სისხლში ჩაახშეს. „ჯაყოს  ხიზნები“ 1924 წელს დაიწერა. ამდენად, დიდია ისტორიული მოვლენების გავლენა მ.ჯავახიშვილის  რომანზე. ეს ნაწარმოები ერთგვარი გამოტირებაა, თვითდასჯაა იმის გამო, რომ გონიერმა ქართველმა  ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო  და ერი მგელს შეატოვა ხელში.

პრობლემა. მოსწავლე ვერ მოახერხებს ნაწარმოების დაკავშირებას ისტორიულ მოვლენებთან. ტექსტის სწავლებისას  თუ ამ თავისებურებას არ გავითვალისწინებთ, მოსწავლე ვერ გაიაზრებს სრულყოფილად „ჯაყოს ხიზნების“ სათქმელს. შესაბამისად,  გადმოცემული ამბავი მისთვის ოდენ ერთი ოჯახის ისტორია  იქნება. არადა, თეიმურაზის სულიერი დაცემა–გაპარტახებით მწერალი გვიჩვენებს ერის სასიცოცხლო ენერგიის დაშრეტას ახალი რეჟიმის პირობებში.


აქტივობა. მინილექციის დახმარებით  მოსწავლეებს გავახსენებ ამ მონაკვეთს (XX საუკუნის 10–20–იან წლებს) საქართველოს ისტორიიდან. მოსწავლეებს გავაცნობს მ.ჯავახიშვილის შვილის, ქეთევან ჯავახიშვილის, მოგონებებს მამაზე. კონკრეტულად რას იგონებს მწერლის ქალიშვილი „ჯაყოს ხიზნებთან“დაკავშირებით. ("ჯაყოს ხიზნების" მეორე გამოცემის ყდაზე დახატული იყო ორი ძაღლი, რომლებიც ყმუოდნენ. მ.ჯავახიშვილს უთქვამს, მარგო გათავისუფლებას ელის და ყმული იმას ნიშნავსო. "ჯაყოს ხიზნები" გმინვაა ჩემი სულისო" და ა.შ.) 

თავისებურება 2. რომანში წარმოდგენილია სამი ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი.  „ჯაყოს ხიზნების“ პირველი ნაწილი მარგოს სურათს წარმოაჩენს, მეორე ნაწილი – თეიმურაზისას და მესამე –ჯაყოსას. მკითხველს უწევს ადამიანის ფსიქიკის უღრმესი შრეების გააზრება. ამ სამი ადამიანის (თეიმურაზ ხევისთავის, მარგო ყაფლანიშვილისა და ჯაყო ჯივაშვილის) პორტრეტები ჩვენ თვალწინ იკვეთება, ვითარდება, აღზევდება, ეცემა და პარტახდება.

პრობლემა. მოსწავლემ უნდა მოახდინოს ამ სამი პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტის გააზრება, მათი განზოგადება და ალეგორიული ჩანაფიქრის ამოხსნა. თეიმურაზი კონკრეტული ადამიანის სახეცაა და იმავდროულად სიმბოლურიც. ასევეე ჯაყო და მარგო.

აქტივობა. პერსონაჟთა ხასიათების  ამოსახსნელად ძალიან კარგია საკლასო დისკუსიის მოწყობა. არგუმენტირებულად ვიმსჯელებთ თითოეული გმირის შესახებ.  შევთავაზებ მოსწავლეებს  რამდენიმე საკითხს განსახილველად. მაგალითად,
  • „ნაკაცარი, ნამოღვწარი, ნავექილარი თეიმურაზ ხევისთავი“;
  • „ჯვარცმული ანგელოზი“
  • „სიცოცხლე, როგორც აყროლებული ლეში – თეიმურაზი და ახალი ქვეყანა“
  • „ქალაქში შემოვარდნილი დათვი“.

თავისებურება 3. ნაწარმოებში გარდა არსებული პერსონაჟებისა, ორი ისეთი პერსონაჟია, რომელიც არ–არსებულია, არადა, მნიშვნელოვან როლს კი ასრულებს. „ბედი მდევარი“ და თეიმურაზის „ორეული“ (სინდისი) მაშინ ჩნდებიან, როცა მთავარ გმირს სასიცოცხლო ყველა ძალა ამოეწურება. თეიმურაზს არ შესწევს ძალა და ნებისყოფა რამე შეცვალოს და უკანასკნელ იმედად ბედი მდევარიღა ეგულება– ის იძიებს შურს, ის გაასწორებს ქვეყანას და აღადგენს სამართალს. რაც შეეხება თეიმურაზის ორეულს, რომელიც ესაუბრება თეიმურაზს, ეს მისი სინდისია (როგორც სულხან–საბა ორბელიანი იტყოდა, „მამხილებელი გონება“)

პრობლემა. მოსწავლე, შესაძლოა, ვერ მიხვდეს, რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ორ არარეალურ პერსონაჟს რომანის საერთო ქარგაში. უნდა დავეხმაროთ მოსწავლეს, რომ ბედი მდევარი და ორეული თეიმურაზის ფსიქოლოგიურ პორტრეტს დაუკავშიროს.

აქტივობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოსწავლეებს კიდევ ერთხელ წავაკითხებ ეპიზოდებს, სადაც ეს ორი არარეალური პერსონაჟი ჩნდება. კლასში ვიმსჯელებთ, რა ათქმევინა  მწერალმა „ორეულს“ და რა ფუნქცია დააკისრა „ბედ მდევარს“. ვის გასაკეთებელს აკეთებენ და ვის სათქმელს ამბობებენ ხსენებული პერსონაჟები? 

9 comments:

https://diko4ber.blogspot.com/ said...

საინტერესოდ განიხილავთ თითოეულ თემას ქალბატონო ლელა!!!:)თუმცა რამდენად ფიქრობთ,რომ ეს მასალები იქნება სასერთიფიკაციო გამოცდის მასალებში შეტანილი?!:):):)

Unknown said...

დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. :) კრებულში – "როგორ მოვემზადოთ სასერტიფიკაციო გამოცდისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში"– მოცემულია სავარაუდო ტესტები. ერთ–ერთი 11–ქულიანი საკითხი არის ამგვარად ფორმულირებული:
მოცემულია რამდენიმე ნაწარმოები, უნდა აირჩიო ერთ–ერთი, დაწერო თავისებურებები, რომელიც ამ ნაწარმოებს ახასიათებს; პრობლემა, რომელსაც წააწყდები სწავლებისას და აქტივობა, რომლითაც ამ პრობლემას გადაჭრი.
ამიტომ ჩავთვალე მიზანშეწონილად საკითხების ამგვარად გაშლა.
ზუსტად ეს ნაწარმოებები იქნება თუ არა მოცემული, ეგ კი ნამდვილად არ ვიცი. ისე კი გამიხარდებოდა , რაღა დაგიმალო. :))))))

xcisis skola said...

ლელა ნაწარმოებიდან მარტო ერთი პრობლემის გამოყოფა არ გვევალება?ასე იყო შარშან...დიდოსტატში რომელი პრობლემა იქნება უფრო ადვილად გასაანალიზებელი?ჩვენ მწერლის სფეციფიკური თხრობის სტილი ავირჩიეთ.რას გვირჩევ ლელა? თქვენ ჩააბარეთ ეს გამოცდა?

https://diko4ber.blogspot.com/ said...

ამავე დავალების გ-პუნქტში გვთხოვენ მსჯელობისას ავხსნათ ,როგორ(რა გზით)დაეხმარება ეს სასწავლო ქმედებები მოსწავლეებს ამ ნაწარმოების თავისებურებების გაგებასა და გააზრებაში და როგორ(რა გზით) დააძლევინებს ტექსტის შესწავლისას წამოჭრილ პრობლემებს.აქვე ითვალისწინებენ ეროვნული სასწავლო გეგმიდან შესაბამისი ინდიკატორების ჩამოყალიბებას...ზოგადად კი სამივე პუნქტში მაგალითების მოხმობასა და მაგალითებით დამოწმებას გვთხოვენ!:(:)) თქვენ როგორ ფიქრობთ?

Unknown said...

მე შარშან ჩავაბარე პროფესიული უნარები, წელს გავდივარ ქართულზე. :) "დიდოსტატის მარჯვენაზე" დავწერ აუცილებლად.

Unknown said...

დიანა, მე ვფიქრობ ასე: გამოცდამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს მოვახმარ ამ საკითხებზე აქტიურ ფიქრს და თუ რამე იდეა მომივიდა ჩავინიშნავ ბლოგზე, უშუალოდ გამოცდაზე კი საკითხს მივცემ ზუსტად ისეთ ფორმულირებას, როგორსაც მომთხოვენ, მთავარია, რომ ამაზე მიფიქრია! :))))))

https://diko4ber.blogspot.com/ said...

ძალიან კარგია,მეც შევეცდები ანალოგიურად მოვიქცე, საგნობრივი მაქვს მეც ჩასაბარებელი და ძალიან მინდა გამომივიდეს რამე:)თუმცა არასაკმარისი გამოცდილების გამო, ცოტა არ იყოს ვღელავ:(თქვენი ბლოგი კი ამის დაძლევაში მგონი მშველის:):)დიდი მადლობა!!!!

https://diko4ber.blogspot.com/ said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...

დიანა, პირველ რიგში, წარმატებას გისურვებ. მე კი მაქვს გამოცდილება, სამი წელია სკოლაში ვასწავლი, მანამდე კერძო პრაქტიკა მქონდა. მაგრამ ყველა საფეხურზე არ მისწავლებია, არის ნაწარმოებთა ნუსხა, რომელთანაც შეხება სასწავლო პროცესში არ მქონია.
ვცდილობ ახლა დავფიქრდე, ეს რომ მესწავლებინა, რა სირთულეს წავაწყდებოდი? ;)))))))))
ნააზრევს გიზიარებთ.
მაგალითად, "ხევისბერი გოჩა" და "ჯაყოს ხიზნები" არ მისწავლებია ჯერ, უბრალოდ, წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ბავშვისთვის რთული ამ ნაწარმოებების შესწავლისას. :) მადლობა, რომ მეხმიანები.