3.7.11

ბენჯამენ ბლუმი – განათლების მიზნების ტაქსონომია

  1.     ბენჯამენ ბლუმმა შექმნა სწავლის მიზნებისა და სწავლების შედეგების ისეთი სისტემა, რომელიც გამოდგება სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ობიექტური შეფასებისთვის. ეს სისტემა „ბლუმის ტაქსონომიის“  სახელითაა ცნობილი.
  2.       ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების საფუძველზე ჯგუფების, კატეგორიების გამოყოფის სისტემა.
  3.     ბლუმის ტაქსონომია იძლევა დეტალურ სტრუქტურას სწავლების დაგეგმვის, სასწავლო მეთოდებისა და ტრენინგის ეფექტური შეფასებისთვის.
  4.     ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტური ანუ შემეცნებითი სფერო მოიცავს 6 დონეს. ეს 6 დონე შეესაბამება აზროვნების, ინტელექტუალური მოქმედებების განსხვავებულ დონეებს მარტივიდან რთულისკენ.
I დონე – ცოდნა.

  • დახასიათება:ეს არის ინფორმაციის ცნობის ან გახსენების დონე. მოიცავს ფაქტების, ცნებების, განმარტებების, წესის, შინაარსის გახსენებას.             
  •  აქტივობა: ამ დონის შესაბამისად შემუშავებული აქტივობები ძირითადად ფაქტების დამახსოვრებას მოითხოვს. მოსწავლეთა ყურადღება ახალი ინფორმაციის აღქმაზე, მის ხშირ გამეორებასა და დამახსოვრებაზეა ორიენტირებული.                
  • სიტყვები:ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: დაალაგე, აღწერე, განსაზღვრე, გაიხსენე, შეარჩიე, დააკავშირე.

II დონე – გაგება.
  • დახასიათება: ამ დონეზე ხდება აზრის გაგება, საკუთარი სიტყვებით ფაქტის გადმოცემა. მოიცავს მსჯელობას, ცნებების ან კონცეფციის აზრის ახსნას და ინტერპრეტაციას, სამოქმედო გზის ან პრობლემის გადაწყვეტის  გზის დასახვას.  
  • აქტივობა: ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობები მიღებული ცოდნის ინტეპრეტაციას მოითხოვს მოსწავლეთაგან. მოსწავლეები ასევე შეძლებენ გრაფიკების, ცხრილების თუ დიაგრამების ინტეპრეტირებას.                                         
  • სიტყვები: ამ დონეზე მასწავლებელი მოსწავლეებს მიმართავს შემდეგი დავალებებით: ახსენი, შეაჯამე, განსაჯე, მოიყვანე მაგალითი, ილუსტრაცია, დააჯგუფე, შენი სიტყვებით ჩამოაყალიბე. 

III დონე – გამოყენება .
  • დახასიათება:  ეს არის თეორიის პრაქტიკაში და რეალურ სიტუაციაში გამოყენების დონე. ხასიათდება თეორიის პრაქტიკაში გატარებით,  ამოცანის გადაწყვეტით, მოქმედების განხორციელებით.                                                                   
  •   აქტივობა: ამ დონის შესაბამისად მომზადებული სასწავლო აქტივობა მოსწავლისაგან მოითხოვს საკუთარი ცოდნის ტრანსფერს (გადატანას), პრაქტიკულ ვითარებაში მის გამოყენებას. მოსწავლეებს ევალებათ მიღებული ცოდნის კონკრეტულ ვითარებაში გამოყენებისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგიების მოფიქრება და რეალიზება.                                                             
  •     სიტყვები: მასწავლებელი მათ შემდეგი დავალებების შესრულებას სთხოვს: გამოიყენე, გადაწყვიტე, განახორციელე, მოამზადე, შეცვალე, ააგე.

IV დონე– ანალიზი.
  • დახასიათება: ამ დონეზე ხდება ელემენტების სტრუქტურის, აგებულების ორგანიზაციული  პრინციპების, შინაგანი მიმართებების ინტერპრეტირება. ეს დონე ხასიათდება პროცესის ან ცნების ნაწილების გამორჩევით, მეთოდოლოგიის ან პროცესის ფუნქციების ანალიზით, ელემენტების მიმართების, მათი  ფუნქციონირების შედეგების თვისებრივი ანალიზით.                                                                  
  •  აქტივობა: ამ დონის შესაბამისად  მომზადებული სასწავლო აქტივობა მოსწავლეებისგან მოითხოვს ერთი მთლიანის, კომპლექსური კონცეფციის შემადგენელ კომპონენტებად დაშლას; მთელსა და მის ნაწილებს შორის არსებული მიმართებების დანახვას, წვდომას; მათ შორის მსგავსება/განსხვავებულობის წვდომით მთლიანის უკეთ გაგებას; რთული კონცეფციების მიღმა მდგარი ძირითადი იდეისა და სტრუქტურის ამოკითხვას, გაგებას.                                       
  •  სიტყვები:  მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს– გააანალიზე, შეადარე, გაზომე, შეამოწმე, ჩაატარე ექსპერიმენტი, გამოსახე გრაფიკულად, ააგე დიაგრამა, შეაფასე.
     
     V დონე– სინთეზი.
  • დახასიათება: ეს დონე ხასიათდება ახალი უნიკალური სტრუქტურის, სისტემის მოდელის შემქნით, ახალი იდეის, ახალი მიდგომის ჩამოყალიბებით. ან დონეზე ხდება გეგმისა და პროცედურების შემუშავება, იდეების, საშუალებებისა და მეთოდების ინტეგრირება, ახალი მიდგომების შემუშავება.                                      
  •  აქტივობა:  ამ დონეზე მომზადებული დავალება, საკლასო აქტივობა მოსწავლეებისგან ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს მათთვის უცნობი, სრულიად ახალი პროდუქტის შესაქმნელად. სინთეზის დონე ითვალისწინებს კარგად ნაცნობი ელემენტების (მოვლენების, ფაქტების, საგნების) ახლებურად გააანალიზებას.                                                                                              
  • სიტყვები: მოსწავლეებს მასწავლებელი აძლევს შემდეგ დავალებას– შეიმუშავე გეგმა, შექმენი, ააგე, გადაამოწმე, გარდაქმენი, ააწყვე, შეცვალე, შეიმუშავე ჰიპოთეზა და შეამოწმე.
      VI დონე– შეფასება
      
  •      დახასიათება: ამ დონეზე ხდება მოდელის, კონცეფციის ეფექტურობის შეფასება მისი შედეგიანობის თვალსაზრისით, ხდება კრიტიკული ანალიზი, სტრატეგიული ვარიანტებისა და გეგმების შეფასება, რისკების გათვლა.                                                   
  • აქტივობა: ამ დონის დავალებები მოსწავლეებისგან მოვლენების ან ფაქტების შეფასებას, მათზე დასკვნების გამოტანას მოითხოვს ისეთი მახასიათებლების მიხედვით, როგორიცაა ხარისხი, სანდოობა, ღირებულება, პრაქტიკული მნიშვნელობა. მოსწავლეებს ევალებათ საკუთარი პოზიციის მხარდამჭერი მტკიცებულებების წარმოდგენა, მათი აზრის მიღმა არსებული ლოგიკის პრეზენტაცია და პოზიციის გამყარება მსჯელობებით.                              
  •  სიტყვები: მოსწავლეს აძლევს მასწავლებელი შემდეგ დავალებას: შეაფასე, დაასაბუთ, გამოიკვლიე, მოიყვანე არგუმენტები.
  1. კრიტიკული აზროვნების უნარი ყველაზე მჭიდროდ ბლუმის ტაქსონომიის ყველაზე მაღალ V და  VI საფეხურებთან არის დაკავშირებული.
  2. ამ კალსიფიკაციის მიხედვით, ინფორმაციის შენახვა და გახსენება ინტელექტუალური აქტივობის ყველაზე დაბალი საფეხურია.
  3. ბლუმის ტაქსონომიიის გამოყენება ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილის დასაგეგმადაც გამოდგება.
  4. I  დონეზე კონკრეტული თემის ახსნისას ხდება ახალი ფაქტების გაცნობა, ახალი წესების განმარტება.
  5. II დონეზე მასწავლებელმა უნდა წარუდგინოს მოსწავლეებს თემასთან დაკავშირებული თვალსაჩინოებები, მოსწავლეებისთვის გასაგები ენით მოკლედ შეაჯამოს ახალი ცნებები, ინფორმაცია.
  6. III დონეზე მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს, რომ მოიძიონ რეალური სიტუაციები, რომელთა დროსაც ისინი გამოიყენებენ გაკვეთილზე მიღებულ თეორიულ ცოდნას.
  7. IV დონეზე მასწავლებელი გამოყოფს საკითხის სხვადასხვა მხარეს, ადარებს ერთმანეთს, პროცესი იშლება ნაწილებად. შესაძლოა ამ ეტაპზე მასწავლებელმა მოსწავლეებს ჩაატარებინოს ექსპერიმენტი, ასევე ავალებს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფაქტების მოძიებას, მათ შორის მსგავსებისა და განსხვავების დაფიქსირებას.
  8. V დონეზე მასწავლებელი კონკრეტული ფაქტების თუ მოვლენების გათვალისწინებით ავალებს მოსწავლეებს, რომ მოიფიქრონ პრობლემის გადაჭრის გზები, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, დასახონ შემოწმების გზები.
  9. VI დონეზე ახალი მასალის ახსნის შემდეგ მასწავლებელი გეგმავს დისკუსიას, სადაც მოსწავლებთან ერთად განიხილავს შესწავლილი თეორიის ან მიდგომის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებს. სთხოვს მათ გამოიყენონ არგუმენტები ამ თეორიის პრაქტიკული დანიშნულების წარმოსაჩენად თუ უარსაყოფად.


No comments: