7.10.10

ხისგან თუ ხიდან?



                      ხისგან თუ ხიდან?

    თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ორივე ფორმა სწორია! მთავარია,  ვახერხებთ თუ არა ამ სიტყვების სწორი მნიშვნელობით გამოყენებას. ძალიან ბევრჯერ უთქვამთ: "ეს ფიგურა თიხიდან გავაკეთე" ან "ეს ნაყენი ჭინჭრის ფოთლებიდან მოვხარშეთ" და ა.შ.   ეს კი შეცდომაა! განვიხილოთ ფორმები ხისგან და ხიდან.
    ხისგან და ხიდან ფორმები ნაწარმოებია სიტყვისაგან "ხე" –დან და –გან თანდებულების დართვით. თითოეულ ამ თანდებულს თავისი ფუნქცია აქვს. მათი დართვით სიტყვა გარკვეულ მნიშვნელობას  გამოხატავს და ეს მნიშვნელობები ერთმანეთისგან განსხვავებულია.
   –გან  თანდებული გამოიყენება , როდესაც სახელი აღნიშნავს რაიმე მასალას, ნივთიერებას, რისგანაც რაიმეს ამზადებენ, აცხობენ, კერავენ და ა.შ. მაგალითად,  
  • ხორცისგან გემრიელი სადილი მზადდება. 
  • ამ ქსოვილისგან ულამაზეს კაბას შევიკერავ. 
  • თიხისგან ფიგურების გაკეთება მახალისებს. 
          –გან თანდებული გამოიყენება მაშინაც, როდესაც რაიმესაგან თავის დაღწევა, განთავისუფლება გვინდა.
  • თანამშრომელმა  პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა სცადა.
  • ემიგრანტი სამშობლოსგან შორს ყოფნას განიცდიდა.
  • მეზობელმა ბავშვი გაჭირვებისგან იხსნა.
       გამონაკლისი :  როგორც უკვე აღვნიშნეთ, რაიმესგან თავის დაღწევის დროსაც –გან თანდებული გამოიყენება, თუმცა არსებობს გამონაკლისი. ამბობენ: "სამსახურიდან გაათავისუფლეს", "პატიმრობიდან გაათავისუფლეს"და ა.შ.  ეს გამონაკლისი იმის გამოა, რომ სამსახურიდან გათავისუფლების თუ პატიმრობიდან თავის დაღწევის შემთხვევაში საწყისი პუნქტის დასახელება ხდება.  
  
     –დან თანდებული გამოიყენება, როდესაც მანძილის მითითება გვსურს ისე, რომ თან საწყის პუნქტასაც ვასახელებთ. მაგალითად, 
  • ხიდან ფოთოლი ჩამოვარდა. 
  • სახლიდან გავედი უკვე.
 მარტივი ხერხი, რომელიც დაგვეხმარება იმის გარკვევაში –დან თანდებული გამოვიყენოთ თუ –გან: 
თუ წინადადების წევრი მოგვიგებს კითხვაზე– ვისგან? ან რისგან? –მაშინ უნდა გამოვიყენოთ –გან თანდებული, ხოლო თუ მოგვიგებს კითხვაზე – საიდან? – მაშინ –დან თანდებულს ვიყენებთ. მაგალითად,
 ხისგან (რისგან?) კოვზი გამოთალა.
 ხიდან (საიდან?) ფოთოლი ჩამოვარდა.  
  
  

No comments: