26.6.12

"ხევისბერი გოჩა" – ტრადიციები და ადათ–წესები

       „ხევისბერი გოჩას“ შესწავლისას მნიშვნელოვანია იმ ტრადიციებისა და ადათ–წესების  განმარტება, რომელიც ასე მრავლადაა აღწერილი მწერლის მიერ.  მოხევეების ჩვეულებები,  ტრადიციები მათ ზნეობრივ პრინციპებს ეყრდნობა, მათი ცხოვრების სტილის გამომხატველია. ამდენად ამაზე ყურადღების შეჩერება ერთ–ერთი საკვანძო საკითხია „ხევისბერი გოჩას“ შესწავლისას.

  •  დროშებისა და ხატების გამოსვენების რიტუალი – დროშები და ხატები მოხევეთათვის  სიწმინდეებია, მათ წინაშე ნათქვამი თითოეული სიტყვა არის ფიცი, „დროშის თავის შეხება“ შეუძლიათ მხოლოდ ორკვირიანი მარხვით განწმენდილ ხევისბერსა და თანაშემწეებს. ამიტომ გაიყინა თემი, როდესაც მოთხრობის ბოლოს ონისემ გოჩას საუბარი შეაწყვეტინა და დროშის ტარს შეეხო. ამით ალ.ყაზბეგმა  ვითარება დაძაბა და მღელვარება შემოიტანა.


  • უფროს–უმცროსობის ტრადიაცია –  უფროსის მიმართ პატივისცემა, მისი სიტყვის ყურის გდება, მოვალეობაა ყმაწვილი მოხევესათვის. უფროსების სტატუსის გამო, მათი მიგებება სტუმრებისადმი პატივისცემის გამოხატვაა.  


·         ქალის სიწმინდის კულტი – ამ საზოგადოებისთვის ქალის უმანკოება ოჯახის სიწმინდის, სიმტკიცის წინაპირობაა. ამიტომაც არ შეიძლება ჯვრისწერამდე ნეფე–პატარძლის ერთი მარხილით მგზავრობა.
·         კერიასთან სტუმრის შემოტარების ტრადიცია – კერია (კერა) სიმბოლურად გამოხატავს ოჯახს. ყველაზე საპატიო სტუმრების კერასთან შემოტარებით მოხევე გამოხატავს სტუმრის მიმართ პატივისცემას, რომელიც ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი.
·         „ხმა ღვთისა – ხმა ერისა“ – თემის გადაწყვეტილება მოხევეებისთვის არის კანონი, ხევისბერი რელიგიურ–სოციალური ინსტიტუტია, მისი პირით ღმერთი ამბობს სათქმელსა და აცნობს გადაწყვეტილებას, ამიტომ განსჯას აღარ ექვემდებარება და  ყველა ემორჩილება.
·         დამწყალობება – დამწყალობებისას ხევისბერი იხსენებს მათ, „ვინც სათემოდ თავი გამოიჩინა“, სისხლი და ოფლი დაღვარა ქვეყნისთვის. მსგავსი რიტუალი აგულიანებს მოხევეებს თავის გამოსაჩენად.
·         თემიდან მოკვეთა – ამ სასჯელით სჯიან თემის შემარცხვენელს. თემიდან მოკვეთა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. მთაში მარტო, საზოგადოების გარეშე, ყველასგან ზურგშექცეული ადამიანი განწირულია სასიკვდილოდ. 

No comments: