30.5.12

ნ.ბარათაშვილი – „ბედი ქართლისა“



          ნ.ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“ ისტორიულ მოვლენას ასახავს და გადმოგვცემს. თავად პოემა ერთგვარი გასაღებია ავტორის მსოფლმხედველობის გასაცნობად და ამოსახსნელად. პოემის დიალოგური ფორმა, რიტმისა და ინტონაციის ცვალებადობა პოემის შესწავლის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. 


    თავისებურება 1პოემაში ისტორიული ფაქტები არათანმიმდევრულადაა დალაგებული. „ბედი ქართლისაში“ კრწანისის ბრძოლაა აღწერილი. პოემის მიხედვით, სწორედ ამ საბედისწერო ბრძოლის შემდეგ გადაწყვიტა ერეკლე მეფემ რუსეთთან კავშირის დამყარება, რასაც ეწინააღმდეგება სოლომონ მსაჯული. პოემის სიუჟეტი მათი დიალოგის სახით ვითარდება. სინამდვილეში, აღა–მაჰმად–ხანის შემოსევა , კრწანისის ბრძოლაში ქართველთა დამარცხება და აღა–მაჰმად–ხანის მიერ თბილისის გადაწვა 1795 წელს მოხდა. ამ დროისთვის კი რუსეთთან კავშირი უკვე დამყარებული იყო.მეფე ერეკლე მეორემ ამ ბრძოლამდე 12 წლით ადრე, 1783 წელს გააფორმა რუსეთთან ხელშეკრულება, რომელიც „გეორგიევსკის ტრაქტატის“ სახელითაა ცნობილი.


   პრობლემა: სწორედ ამ თავისებურებამ, ისტორიული ფაქტების არათანმიმდევრულად
დალაგებამ, შეიძლება, შექმნას პრობლემა ტექსტის გააზრებისას. ამ თავისებურებას შეუძლია საკმაოდ უხერხული და პრობლემური სიტუაცია შექმნას საგაკვეთილო პროცესში.  მოსწავლეს, რომელმაც კარგად იცის ისტორია, ამის ამოცნობა არ გაუჭირდება. ამ დროს თუ მასწავლებელი მზად არ არის კითხვებზე პასუხის გასაცემად, არასასურველ შედეგს მივიღებთ.


      აქტივობა: მასწავლებელმა თავდაპირველად უნდა მისცეს საშუალება მოსწავლეებს, რომ ეს თავად შეამჩნიონ. დასვას კითხვები, რომელიც ამ თემას ეხება, დაწეროს დაფაზე რამდენიმე თარიღი (მაგალითად, კრწანისის ბრძოლის, გეორგიევსკის ტრაქტატის დადების, ერეკლე მეფის მეფობის და ა.შ.). თავად აღმოვაჩენინოთ მოსწავლეს ეს თავისებურება. შემდეგ მინი–ლექციით განვუმარტოთ, რატომ დაალაგა ნ.ბარათაშვილმა ისტორიული ფაქტები არათანმიმდევრულად? ვისაუბროთ, ისტორიულ და მხატვრულ სინამდვილეზე; რისი შეცვლა შეუძლია მწერალს/პოეტს და რისი–არა. გავახსენოთ შესწავლილი სხვა ისტორიული ნაწარმოებებიც (იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები თავდადებულ ქართვლებზე, ჯემალ ქარჩხაძის „რაჰათ–ლუხუმი“... ). დავაკვირდეთ, რა შევალა მწერალმა  და რა დატოვა შეუცვლელად. შევადგონოთ ცხრილი და  ჩატარებულ კვლევას  სისტემური სახე მივცეთ.


     თავისებურება 2– პოემის შესწავლისას მოსწავლეებს აინტერესებთ ავტორის პოზიცია. პოემაში ეს შენიღბულია. მასწავლებელი  თუ დაბეჯითებით ეტყვის მოსწავლეებს, რომ ნ.ბარათაშვილი იზიარებს ერეკლეს პოზიციას ან პირიქით, ემხრობა სოლომონ ლიონიძეს, ეს გამოიწვევს ტექსტის არასრულ და არასწორ გააზრებას.


     პრობლემა: მოსწავლე, რომელიც გადაწყვეტს, რომ ნ.ბარათაშვილი იზიარებს სოლომონ ლიონიძის პოზიციას, გაეცნობა რა ლექსს „საფლავი მეფის ირაკლისა“, დაიბნევა. აგრეთვე მოსწავლე, რომელიც გადაწყვეტს, რომ ავტორი ემხრობა ერეკლე მეფის პოზიციას გაიაზრებს „სუმბულსა და მწირს“ და გაურკვევლობაში ამოჩნდება. სწორედ ასეთ დროს არის სჭირო მასწავლებლის მოხერხებულობა, რომ ეს მსუყე საკითხი კარგ სადისკუსიო თემად აქციოს.


    აქტივობა: იმისათვის, რომ წამოჭრილი პრობლემა  მოგვარდეს, სასურველია, თუ მოვაწყობთ საკლასო დისკუსიას.  ჩამოვწეროთ  სამი პოზიცია:
  1. ნ.ბარათაშვილი იზიარებს ერეკლე მეფის პოზიციას და გამართლებულად მიიიჩნევს რუსეთთან შეერთებას;
  2. ნ.ბარათაშვილი უთანაგრძნობს სოლომონ მსაჯულს და იზიარებს მისი ცოლის, სოფიოს, პოზიციას („რა ხელს ჰყრის პატივს ნაზი ბუბული, გალიაშია დატყვევებული“).
  3. ავტორის პოზიცია თემაში გარკვევით არ ჩანს.
ამ პოზიციების ჩამოწერის შემდეგ კლასი დაიყოფა რამდენიმე ჯგუფად, თითოეული მოსწავლე აირჩევს მისთვის მისაღებ პუნქტს. დაიწყება მზადება საკლასო დისკუსიისთვის. თითოეულ ჯგუფს დაევალება მოამზადოს წერილობით საკუთარი მოსაზრება, რომელიც გამყარებული იქნება არგუმენტებით. პოზიციის გასამყარებლად მოსწავლეებს გამოადგებათ  ნ.ბარათაშვილის ლექსები– „სუმბული და მწირი“ და „საფლავი მეფის ირაკლისა“.
საკლასო დისკუსიის დროს მოხდება აზრების, არგუმენტების, მოსაზრებების გაცვლა–შეჯერება. ეს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის „ბედი ქრათლისას“ შესწავლის პროცესს. 


P.S. ამ თავისებურებებისა და აქტივობების გათვალისწინებით საინტერესო პროექტი განვახორციელე X კლასში, გთავაზობთ რამდენიმე ლინკს, რომელიც საშუალებას მოგცემთ თვალი გადაავლოთ ჩატარებულ სამუშაოს.


გაეცანით  მოსწავლეთა ნამუშევრებს:
ნამუშევარი 1
ნამუშევარი 2 
ნამუშევარი 3

3 comments:

xcisis skola said...

გამარჯობა ლელა.სამწუხაროა თქვენი ამბავი...ძალიან გვეხმარებით მე და ჩემს კოლეგებს,ეგებ დიდოსტატზეც დაგეწერათ თუ არ შეწუხდებით...აქ ვერ შევჯერდით,აი თქვენ კი სიამოვნებით დაგიჯერებთ

Unknown said...

ძალიან საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებებიც, რაზე ვერ შეჯერდით, რომელმა საკითხმა შეგიქმნათ საკამათო ვითარება? მომწერეთ და ერთად ვიმსჯელოთ.
ისე კი აღარ ვიცი, "დავითიანი" შარშან ყოფილა გამოცდაზე და დავწერო? იქნება კიდევ? ღირს? ამაზეც თუ მომწერთ, კარგი იქნება. :)

Anonymous said...

qalbtono,lela didi madloba,rom arsebobs es blogi,dzalian damexmara, wels swored es sakitxi iyo ert-erti,"bedi qartlisa" da me is davwere tqvens mier agwerili taviseburebebis gatvaliswnebit.