26.5.12

" შუშანიკის წამება "


„შუშანიკის წამების“  შესწავლისას, სასურველია, თუ გავითვალისწინებთ და ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე. (გთავაზობთ საკითხთა ჩამონათვალს,რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ):
1. შესავალი–  ჟანრის შესახებ–  ძველი ქართული მწერლობის ერთ–ერთი ძირითადი დარგია ჰაგიოგრაფია. (ანუ სასულიერო პროზა) . ჰაგიოგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს წმინდანთა, ანუ ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა, წამების ან ცხოვრების აღწერას. (ჰაგიოს– წმინდა , გრაფოს– ვწერ).
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იქმნებოდა იმიტომ, რომ ტექსტები ეკლესიაში წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს, რათა მრევლისთვის განემტკიცებინათ რწმენა და ეჩვენებინათ, რომ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეუძლიათ ქრისტეს გზის გამეორება.
ქართული სასულიერო მწერლობა მდიდარია როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ნიმუშებით.  ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებად ითვლება  იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება".  
2. ნაწარმოების ისტორია–  იაკობ ხუცესის  "შუშანიკის წამება" დღემდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლია. იგულისხმება, რომ მანამდე უეჭველად არსებობდა სხვა თხზულებები , რომლებმაც საფუძველი მოუმზადეს ამ ნაწარმოებს.  "შუშანიკის წამებით" იწყება 1500 წლოვანი ქართული მწერლობის შესწავლა.
"შუშანიკის წამებაში" კონკრეტული ეროვნულ–ისტორიული საკითხების გვერდით აისახა მაშინდელი მსოფლიოს ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა : ბრძლოლა ორ დიდ რელიგიას _ ქრისტიანობასა  და  მაზდეანობას  შორის .
მაზდეანობა , ცეცხლთაყვანისმცემლობა –  ზოროასტრიზმი ( შუშანიკის თქმით "ატროშანი") – ძველ ირანში, ახლო და შუა აღმოსავლეთში გავრცელებული რელიგიაა. სახელწოდება მმდინარეობს წინასწარმეტყველ ზოროასტრისგან.  ღვთაებრივი სამართლის გამოვლინებად მიაჩნიათ ცეცხლი.  მათი წმინდა წიგნია "ავესტა" . არაბთა მიერ ირანის დაპყრობისა და სასანიანთა დაცემის შემდეგ მოსახლეობამ მიიღო ახალი რელიგია – ისლამი (იგივე მაჰმადიანობა, მუსულმანობა)

3. ისტორიული ვითარება  –  "შუშანიკის წამებაში"  აღწერილია ის პერიოდი, როდესაც ირანი საქართველოს დასამორჩილებლად ინტენსიურად ცდილობდა ქრისტიანობის აღმოფხვრასა და მაზდეანობის დანერგვას.  უკვე გაუქმებულია მეფობა სომხეთსა და ალბანეთში. რჩება მხოლოდ საქართველო. მდგომარეობას ართულებს ისიც , რომ ვახტანგ გორგასალი საქართველოში არ იმყოფება, ამით გათამამაბული დიდგვაროვნები უარყოფენ ქრისტეს რჯულს და აღიარებენ მაზდეანობას, ყოველივე ამას პირადი განდიდებისა და შაჰის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჩადიოდნენ.
4. ავტორი –  დაზუსტებული ცნობები  ავტორზე შემონახული არაა, ვიცით მხოლოდ , რომ ერქვა იაკობი და იყო ხუცესი, ანუ მღვდელი. არსებობს ჩანაწერი, რომ ცურტავის ეპისკოპოსი იყო ვინმე იაკობი, ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს არის "შუშანიკის წამების" ავტორი. ამიტომ ავტორს ხშირად იაკობ ცურტაველადაც მოიხსენებენ.

       ნაწარმოების შესწავლისას თავს იჩენს ორი ძირითადი თავისებურება, რომელიც კარგად უნდა განვუმარტოთ მოსწავლეებს, რომ ტექსტი სრულყოფილად  შეისწავლონ. გთავაზობთ ორ თავისებურებას და ორ აქტივობას, რომელსაც  ვითვალისწინებთ და ვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში:

თავისებურება 1 – ისტორიული–კულტურული გარემო
    ნაწარმოების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს V საუკუნის ისტორიულ–კულტურული გარემოს შესწავლას. ეს ის თავისებურებაა, რომელიც კარგად თუ არ ავუხსენით  და განვუმარტეთ მოსწავლეებს,  ნაწარმოების საფუძვლიან და სრულყოფილ შესწავლას ვერ მოახერხებენ.  მოსწავლემ  რომ გაიგოს მთავარი გმირის, მოწამის (ამ შემთხვევაში შუშანიკის)  ნაბიჯის მნიშვნელობა, აუცილებელია იცოდეს, რომ იმ დროს სარწმუნოების ერთგულება  სახელმწიფოს ინტერესების  დაცვასაც ნიშნავდა. საინტერესოა ამ კუთხით ისიც, რომ ვარსქენის მამა, არშუშა და შუშანიკის მამა, ვარდანი, ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. ამას შუშანიკი ახსენებს მეუღლეს.   შენმა წინაპარმა თავი გაწირა (ეკლესიანი და სამარტვილენი ააშენა), ხოლო შენ– დაამხეო.  შუშანიკის თავგანწირვა უბრალო სიკეპრე და სიჯიუტე არ იყო, შუშანიკმა მოღალატე ქმრის ნების აღსრულებაზე უარის თქმით სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები დაიცვა. ეს მოსწავლისთვის ცხადი იქნება, თუ ნაწარმოების შესწავლისას, უპირველეს ყოვლისა, ამას დაეთმობა ყურადღება.
      აქტივობა: აქტივობა, რომელიც შეიძლება ამ თავისებურების ახსნისას გამოვიყენოთ , შეიძლება , იყოს მინი–ლექცია. სასურველია, თუ საუბრისას რამდენიმე შესვენებას გავაკეთებთ და მოსწავლეს მოსმენილის შესახებ კითხვებს დავუსვამთ. მონოტონურ საუბარს ნამდვილად აჯობებს, თუკი რამდენიმე მნიშვნელოვანი პასაჟის გახსენების შემდეგ, კლასს  დავყოფთ წყვილებად ან ჯგუფებად, ჩავატარებთ სახელდახელო ვიქტორინას იმის ირგვლივ, რაზეც ვესაუბრეთ და შევამოწმოთ, რამდენად კარგად გაიგეს ახსნილი. შეიძლება, საკლასო დისკუსიის მოწყობაც თემაზე: დიდგვაროვანთა საქციელი იყო/არ იყო ღალატი.

  თავისებურება 2– ციტატები სახარებიდან.
 „შუშანიკის წამების“ სრულყოფილად გააზრებისთვის აუცილებელია სახარებისეული სახე–სიმბოლოების, გამონათქვამების განმარტება. მოსწავლე ვერ შესძლებს სრულყოფილად გაიგოს ნაწარმოების შინაარსი, ვერ შეიგრძნობს ნაწარმოების მხატვრულობას, თუ  ციტატები სახარებიდან არ განვუმარტეთ.
 მაგალითად, რატომ მოიხსენიებს შუშანიკი თავის თავს ასე– „მეთერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“? ან ვის ეკუთვნის სიტყვები: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ?“ და რა მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმოებში ამ ციტატების გამოყენებას? ეს კარგად უნდა განვუმარტოთ.
  გაგაცნობთ  რამდენიმე განმარტებას:
განმარტება 1: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.                                                                      შუშანიკის სახლიდან წასვლის შემდეგ მის სანახავად მივა იაკობ ხუცესი. იაკობი ამოწმებს დედოფლის სიმტკიცეს და აფრთხილებს: – მწარე (ბოროტი) გონება აქვს ვარსქენს და ტანჯვასა და გვემას  შეგამთხვევსო. ამაზე პასუხობს შუშანიკი:
        უმჯობესია, მისი ხელით მოვკვდე, ვიდრე მას შევუერთდე და სული წავიწყმიდო. მსმენია პავლე მოციქულისგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.
ეს სიტყვები ნათქვამი პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ მიძღვნილ პირველ ეპისტოლეში. (ქრისტეს მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, ზოგან ეპისტოლეებით მიმართავდნენ ხალხს). ციტატა ასე განიმარტება: მორწმუნეების ნება თავისუფალია. იგი დამონებული არ არის. თუ ურწმუნო და ან ძმა (თუნდაც მეუღლე)  მორწმუნე დის ან ძმის  (თუნდაც მეუღლის) მეშვეობით  არ მოექცევა ქრისტეს რჯულზე, მაშინ განშორება სჯობს.
განმარტება 2. „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.                                                                                                ექვსი წლის გასვლის შემდეგაც არ ისვენებდა  ვარსქენი და ცდილობდა შუშანიკის დაბრუნებას სასახლეში. ერთ–ერთი ასეთი მცდელობისას შუშანიკმა ვარსქენს მოხერხებულად გაუხსენა  მისი ნათქვამი:
        შენ თვითონ მითხარი, შენი ფეხით(ცოცხალი) მაგ ციხიდან ვერ გამოხვალო. ხოლო თუ შეგიძლია მკვდრის აღდგენა, მაშინჯერ დედაშენი გააცოცხლე, რომელიც ურდშია დამარხული. ხოლო თუ მისი აღდგენა არ შეგიძლია, მაშინ ვერც ჩემს გაყვანას შეძლებ, თუ არ გამათრევო.
მეორე დღეს ვიღაც შევიდა შუშანიკთან და შეუქო მოსწრებული სიტყვა. მაშინ დედოფალმა მიუგო:
        შენ ღმერთი „ძილსა შინა“ ნუ გგონია, იგი სათქმელს განუმზადებს ადამიანს, რადგან თავად უფალი ამბობს: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.
განმარტება 3. „მეთერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“.  (მეთერთმეტე მუშაკი ვენახისა, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი). 
  ასე უწოდებს შუშანიკი თავის თავს. ეს სიტყვები გამოძახილია მათეს სახარების იგავისა.   ვენახის პატრონმა მუშაკები დაიქირავა განთიადზე და თითო დრაჰკანი აღუთქვა, დღის სხვადსხვა მონაკვეთში მან კვლავ დაიქირავა მუშაკები და მათაც იმავე ანაზღაურებას დაპირდა. სულ ბოლოს კი ღამის 11 საათზე დაიქირავა ვენახის მუშაკი. შუაღამისას, როცა ყველას გაუსწორდა პატრონი, მეთერთმეტე ჟამის მუშაკსაც იმდენივე გადაუხადა, რამდენიც განთიადზე მისულთ.                                      ამ იგავის მორალი არის ის, რომ არასოდეს არის გვიან ღვთის სამსახურში ჩადგომა, ღვთის სამართალი თანაბრად მიეზღვება ჭეშმარიტების მსახურთ.
ჰაგიოგრაფიის გმირები ხშირად მოიხსენებიან, როგორც „მეთერთმეტე ჟამის მუშაკები“. ისინი ღვაწლით გაუტოლდნენ ღვთის გზაზე ადრე დამდგართ. შუშანიკი მიიჩნევს, რომ მოკრძალებულია მისი ღვაწლი, მაგრამ ღვთიური მადლი მასაც ისევე მიენიჭება, როგორც პირველ მოწამებს. 
აქტივობა: ციტატები თავდაპირველად უნდა განიმარტოს კონტექსტის მიხედვით. ამის შემდეგ დაფაზე შევადგინოთ ცხრილი, რომლის კომპონენნტები იქნება – "ციტატა"– "განმარტება" – "ეპიზოდი".  

1 comment:

Anonymous said...

დიდი მადლობა, თქვენი სტატია ძალიან დამეხმარაა :))