25.2.10

ბავშვის ფიზიკური განვითარება

     ბავშვის ფიზიკური განვითარება მოიცავს ბავშვის ზრდას, მოტორულ განვითარებას, ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებას, ჰორმონალურ ცვლილებებს. 
ფიზიკური განვითარების რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა:
  • ადრეული ბავშვობა (1–6 წელი),
  • შუა და გვიანი ბავშვობა (6–11 წელი) და
  • სიმწიფის ანუ პუბერტაციის ხანა (11–16 წელი). 
  თითოეულ მათგანს გარკვეული მახასიათებელი გააჩნია.  ასაკთან ერთად ვითარდება მოტორიკა. მოტორული განვითარება გულისხმობს მოძრაობის განვითარებას და სწავლას. მოტორულ განვითარებაში გამოიყოფა მსხვილი მოტორული უნარები  და ნატიფი (წვრილი) მოტორული უნარები.
       მსხვილი მოტორული უნარები დიდი კუნთების კონტროლის მოპოვებასთან ერთად ჩნდება, სამი–ოთხი წლის ბავშვს შეუძლია ხტუნვა, სირბილი, აძვრომა, ყოველივე ეს კი მათ სიამაყის გრძნობასა და თავდაჯერებულობას იწვევს.
  ასაკთან ერთად იმატებს კოორდინაციის უნარი, მატულობს ერთ ადგილზე ჯდომისა და ყურადღების კონცენტრაცია. თუმცა მასწავლებელს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი ერთ ადგილზე ჯდომით უფრო იღლება , ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური აქტივობით. ამას თუ გაითვალისწინებს პედაგოგი და შეეცდება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები უფრო ხშირად ჩართოს აქტიურ  და არა პასიურ საქმიანობაში, შედეგი უკეთესი ექნება.
     ნატიფი (წვრილი) მოტორული უნარები სამი წლის ასაკის ბავშვსაც გააჩნია, თუმცა ჩანასახის სახით. თანდათანობით მოტორული უნარის განვითარებასთან ერთად, მოსწავლეს შეუძლია გადაბმით და გათანაბრებული ასოებით წერა.


     საინტერესოა ერთი ფაქტი, რომ ბიჭები გოგონებზე უკეთესად ასრულებენ ისეთ მოქმედებებს, რომელთაც მსხვილი მოტორული უნარები ესაჭიროება.
 გოგონები კი ბიჭებზე უკეთ ასრულებენ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც ნატიფ (წვრილ ) მოტორულ უნარებს მოითხოვენ.


    ფიზიკური განვითარების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარება.  ტვინი ყველაზე სწრაფად იზრდება ჩვილობის ასაკში. 3–დან 15 წლამდე ტვინის მთლიანი მოცულობა არ იზრდება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება სხვადასხვა ნაწილში. შეიძლება, ერთი წლის მანძილზე ტვინის ზოგიერთი ნაწილი ძალიან გაიზარდოს, მაგრამ შემდეგ ისევ შემცირდეს. ეს მოხდება მაშინ, როცა იგი გათავისუფლდება უსარგებლო უჯრედებისაგან და რეორგანიზაციას მოახდენს. 
     სკოლამდელი ასაკის ბავშვის ტვინის წინა (ფრონტალური) ნაწილი იზრდება. ტვინის ეს ნაწილი ახდენს მოქმედებების დაგეგმვას, ახალი დავალებების ორგანიზებას და ყურადღების კონცენტრაციას.
  სკოლამდელი ასაკის შემდეგ ვიდრე გარდამავალ ასაკამდე სწრაფად იზრდება ტვინის ის ნაწილები, რომლებიც არეგულირებენ ენისა და სივრცითი მიმართებების განვითარებას.
     ტვინის თანდათან მომწიფება,  ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, ბავშვს საშუალებას აძლევს შეიმეცნოს და გამოსცადოს სამყარო. 


   ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე საუბრისას ხშირად აიგივებენ სიმწიფის ხანასა და მოზარდობის ასაკს. არადა, სიმწიფის ხანა და მოზარდობის ასაკი განსხვავებული ცნებებია. სიმწიფის ხანა წინ უძღვის მოზარდობის პერიოდს და მომწიფება მოზარდობის დაწყების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია.
   სიმწიფის ხანა განისაზღვრება, როგორც სწრაფი ფიზიკური მომწიფების პერიოდი, რომელიც მოიცავს ჰორმონალურ და სხეულის ცვლილებებს. ეს ხანა ხასიათდება ჰორმონების მოზღვავებით. 
   ბიჭებში გამოიყოფა ჰორმონი ტესტესტერონი, გოგონებში კი– ესტრადიოლი. ეს ჰორმონები ძლიერი ქიმიური ნივთიერებებია, რომლებსაც ენდოკრინული ჯირკვლები გამოყოფს და სხეულში სისხლის მეშვეობით ვრცელდება.ჰორმონები მოზარდის ფსიქოლოგიურ განვითარებასაც უწყობს ხელს.
   საინტერესო  დაკვირვება ჩაატარეს მეცნიერებმა და დაამტკიცეს, რომ ბიჭებს, რომლებსაც უფრო მაღალი წარმოდგენა აქვთ საკუთარ კომპეტენტურობაზე, ტესტესტერონის უფრო მაღალი კონცენტრაცია აქვთ ორგანიზმში.
   ხოლო გოგონები, რომლებიც უფრო მეტ აგრესიასა და გაბრაზებას გამოხატავენ , ესტრადიოლის უფრო მეტ რაოდენობას შეიცავენ სისხლში. 
      

ვსაუბრობთ რა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, არ უნდა გამოგვრჩეს როლი ისეთი ფაქტორებისა, როგორიცაა სტრესი, დაძაბულობა, დეპრესია
კვება,
ვარჯიში . ჩამოთვლილ ფაქტორებს შეუძლიათ გაააქტიურონ ან , პირიქით, ჩაახშონ ჰორმონების გამოყოფა.
     მასწავლებელი უნდა გაეცნოს ინფორმაციას, რომელიც ეხება ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. ბავშვთან ყოველდღიური შეხებისას  თავს იჩენს ხოლმე რიგი პრობლემებისა, რომლებიც ზოგიერთ სიტუაციაში ფიზიკური განვითარების ამა თუ იმ ეტაპს, ფაზას უკავშირდება.

2 comments:

anina said...

საინტერესოა ძალიან და გაფორმება განსაკუთრებით მომეწონა : )

Unknown said...

მიხარია, რომ საინტერესო სტატია გამოვიდა. :)