25.3.10

გაყიდვაშია, ხმარებაშია, შეხებაშია, შეტევაშია?

გაყიდვა, ხმარება, შეხება, შეტევა მოქმედების აღმნიშვნელი სახელებია. მოქმედების სახელები ფორმალური თვისებებითაც და მნიშვნელობითაც უფრო ახლოს დგას ზმნებთან, ვიდრე სახელთან.
დავაკვირდეთ სიტყვებს: გაყიდვა–ში, ხმარება–ში, შეხება–ში, შეტევა–ში... პირველი ნაწილი არის მოქმედების სახელი (გაყიდვა, ხარება, შეხება, შეტევა), ხოლო მეორე ნაწილი – –ში თანდებული.
თანდებული უმეტესად არსებით სახელს დაერთვის. მოქმედების სახელი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო ახლოს დგას ზმნასთან, ვიდრე სახელთან, ამიტომ ამგვარი ფორმები ყურს გვჭრის და ქართული ენის ნორმების გათვალისწინებით დარღვევად ითვლება.
      თუ დავფიქრდებით, ძალიან ხშირად წაგვიკითხავს, მოგვისმენია და გვინახავს ტელევიზიით მსგავსი ტიპის შეცდომიანი ფორმები. მაგალითად, ბევრი რეკლამა სრულდება ასე: "უკვე გაყიდვაშია" ესა თუ ის ჟურნალი და გაზეთი, წამალი თუ პროდუქტი. ან ფეხბურთის მატჩის გადმოცემისას ხშირად ამბობენ :"შეტევაშია " ესა თუ ის გუნდი ან ფეხბურთელი, რაც ასევე შეცდომაა. თუ სურთ ორი მსგავსი საკითხის ან მოვლების დაკავშირება , ამბობენ:"ეს ორი საკითხი შეხებაშია".
       ამის თქმა ასეც ხომ შეიძლება :"იყიდება უკვე" ? "უტევს" ? "ეხება"?  მაშინ, რატომღა ვხმარობთ შეცდომიან ფორმას? ამის მიზეზი არის რუსული გამოთქმის სიტყვასიტყვით გადმოტანა ქართულ ენაში. რუსულ ენაში გვაქვს "в продаже" , რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "გაყიდვაშია".
       დავიმახსოვროთ: უცხო ენიდან რამე გამოთქმის სიტყვასიტყვით გადმოტანა მშობლიური ენის ბუნებისა და წესის გაუთვალისწინებლად არის კალკი. გაყიდვაშია, ხმარებაშია, შეხებაშია, შეტევაშია– კალკებია. ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული ის, რომ თანდებული ქართულ ენაში უმეტესად დაერთვის სახელს და საერთოდ არ დაერთვის მოქმედების აღმნიშვნელ სახელებს.
      ამგვარ კალკებს ყოველთვის მოეპოვებათ შესაბამისი შესატყვისი ქართულ ენაში:
გაყიდვაშია– იყიდება ან ყიდიან შეხებაშია – ეხება
ხმარებაშია – იხმარება შეტევაშია – უტევს

No comments: