11.5.10

უსათაურო

                              თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
      გაისმა ყველასათვის სანატრელი ზარი. ზედამხედველებმა ყველა გარეთ გაგვიყვანეს. ეზო ციხისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ზემოთ ცა ჩანდა. დანარჩენი ისეთივეა, როგორიც ჩვენი საკნები.
როგორც წესი, სასეირნოდ დილით გავდივართ ხოლმე, მზე ამოსული როცა არაა! მზე ყველას მონატრებული გვაქვს. საკნებს ფანჯრები არ აქვს. ეზოშიც დილით გავდივართ. მხოლოდ ერთი დღე, მზიანი დღე, ემთხვევა ჩვენს სეირნობას. მაშინ ყველას გვიხარია, ვივიწყებთ ჩვენს დარდს და პატარებივით დავრბივართ. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით, რომ კიდევ ერთი წელი უნდა მოვიცადოთ შემდეგ მხიარულებამდე. ზედამხედველები ამ დღეს გულკეთილობას იჩენენ და მთელი დღე „გარეთ“ ვართ.
ამ დღეს, როგორც სხვა ყველა დანარჩენს, დასასრული აქვს. გულდაწყვეტილები ვბრუნდებით „სახლში“ , მზარეული კი პიურესა და წყალს გვაძლევს.ვნაყრდებით და ჩამოვსხდებით რკინის საწოლებზე. ამ დროს მახსენდება ჩემი წინა ცხოვრება, ჩემი ცოლი, ცუგა და ბაბუა, რომელიც პატარაობისას ზღაპრებს მიყვებოდა, ნაცარქექიასა და კომბლეს კი არა, თავის გამოგონილს.
ამ ფიქრებში ჩამეძინა. მოვხვდი სადღაც გვირაბში. თავიდან ვიფიქრე– მოვკვდი–თქო, მაგრამ სინათლე არსად იყო. დავდიოდი უაზროდ, ხან კედელს ვეჯახებოდი , ხან კი ძირს ვვარდებოდი. უცებ სინათლე გამოჩნდა, ეს არ იყო ღვთაებრივი , ეს იყო უბრალო მზის სხივი.

No comments: