13.10.10

ზ მ ნ ა , ზოგადი დახასიათება


              ზმნა არის მოქმედების აღმნიშვნელი ფორმაცვალებადი სიტყვა, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე კატეგორია მოეპოვება. მოქმედება (ანუ ზმულობა) გრამატიკაში აღნიშნავს ყოველგვარ პროცესს (მალავს, აშენებს), მდგომარეობას (ზის, წევს), ვნებას (იჭრება, იხევა).
          ზმნა შეიძლება იყოს პირველადი და ნაწარმოები.
  • აკეთებს, იშენებს, ხატავს... – პირველადია.
  • შავდება, იჩემებს, გასამდა ... – ნაწარმოებია სახელებისგან.                          (პირველი– ზედსართავი სახელისგან, მეორე –ნაცვალსახელისგან,              მესამე– რიცხვითი სახელისგან).
      ზმნა სემანტიკურად მრავალფეროვანია, ერთდროულად გამოხატავს მრავალ ცნებას, რომლებიც აღინიშნებიან სათანადო აფიქსებით. ამის საფუძველზე იქმნება ზმნის მორფოლოგიური კატეგორიები. ქართულში გამოყოფენ  ზმნის 14–მდე კატეგორიას. ესენია: პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა, მწკრივი, გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. საგულისხმოა, რომ ზმნას შეუძლია ერთსა და იმავე დროს 10–12 კატეგორია აჩვენოს.
      ზმნის კატეგორიებიდან ზოგი უღლებისაა, ზოგიც– წარმოქმნისა.
   უღლებისაა კატეგორია, თუ ის არ ცვლის ზმნის ძირითად ლექსიკურ მნიშვნელობას და ამასთანავე აუცილებლად საჭიროა ამა თუ იმ მწკრივის საწარმოებლად. უღლების კატეგორიებია: პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, მწკრივი.
   წარმოქმნის კატეგორია ცვლის ზმნის ძირითად ლექსიკურ მნიშვნელობას. ასეთებია: გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი.
      წინადადებაში ზმნა შემასმენელია (მზე ამოვიდა) ან შედგენილი შემასმენლის ზმნური ნაწილი (მზე ჩასული იყო).


სავარჯიშო 1. უპასუხე კითხვებს:
  • ზმნა მეტყველების როგორი ნაწილია?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
  • როგორი შეიძლება იყოს ზმნა წარმოების მიხედვით?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
  • რის საფუძველზე იქმნება ზმნის მორფოლოგიური კატეგორიები?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
  • ზმნის რამდენ კატეგორიას გამოყოფენ ქართულში?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
  • როგორი შეიძლება იყოს ზმნის კატეგორიები?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
სავარჯიშო 2. შეაერთე სწორად:
                                           კატეგორია
პირი                                                                                       მწკრივი
 რიცხვი                            უღლების                      გეზი
დრო                                                                       ორიენტაცია
კილო                               წარმოქმნის                     ქცევა
გზისობა                                                                  ასპექტი
აქტი                                                                         გვარი
თანამდევრობა                                                        კონტაქტი
სავარჯიშო 3. მიუთითე, რომელი მეტყველების ნაწილისგან არის ნაწარმოები ზმნა.
  • მგზავრი მოულოდნელად გათეთრდა. (...................................)
  • ახალი მოსწავლე ითავისებს სკოლის წესებს. (...................................)



No comments: