30.6.12

მამაო ზურაბ თუ მამა ზურაბ?



   დღეს საკმაოდ ხშირად გვესმის და ვკითხულობთ : "მამაო ამბობს", " მამაომ თქვა", " მამაოს უთქვამს", "მამაო არჩილი მოვიდა", "მამაო ზურაბმა დაგვლოცა" და ა.შ. ეს იგივეა , რომ გვეთქვა: ბატონო არჩილი მოვიდა, ბატონო ზურაბმა თქვა... ეს ფორმები არასწორია.
  ! სწორია : მამა არჩილი, მამა ზურაბი,  მამა არჩილმა დაგვლოცა, მამა ზურაბმა თქვა და ა.შ.

  ნათესაური ურთიერთობის აღმნიშვნელი სიტყვა მამა რელიგიური მნიშვნელობით ხმარებისას აღნიშნავს როგორც ღმერთს (მამა ღმერთი, მამაზეციერი), ისე მის ამქვეყნიურ განმასახიერებელს _სასულიერო პირს.
   ჩამოთვლილ გამოთქმებში მამა წინამავალი სიტყვაა, იგი ხმოვანზე დამთავრებული არსებითი სახელია, ამიტომ საკუთარ სახელთან შეხამებისას უცვლელია.

სახელობითი    მამა გიორგი     მამა არჩილი     მამა ზურაბი
მოთხრობითი    მამა გიორგიმ    მამა არჩილმა    მამა ზურაბმა
მიცემითი        მამა გიორგის    მამა არჩილს    მამა ზურაბს
ნათესაობითი    მამა გიორგის    მამა არჩილის   მამა ზურაბის
მოქმედებითი    მამა გიორგით    მამა არჩილით   მამა ზურაბით
ვითარებითი     მამა გიორგიდ    მამა არჩილად   მამა ზურაბად
წოდებითი       მამა გიორგი!     მამა არჩილ!     მამა ზურაბ!
  სასულიერო პირის მიმართ მამაო ფორმის ხმარება გამართლებულია მხოლოდ მიმართვის ფორმებში _ ისიც, მაშინ , როცა ეს საზოგადო სახელი დამოუკიდებლად გამოიყენება.

შეგვიძლია მამას შევუნაცვლოთ მეუფე: მეუფე დავითი, მეუფე დავითმა... მეუფე დავით!

1 comment:

Anonymous said...

სახელთან შეხამებისას გასაგებია სწორი ფორმა, მაგრამ პოსტის დასაწყისში მოყვანილი მაგალითებისთვის ("მამაომ თქვა", "მამაო ამბობს" და "მამაოს უთქვამს") სწორი ფორმა როგორ იქნება, მტკიცედ ვერ ჩამოვყალიბდი.

მე როგორც მივხვდი "მეუფემ თქვა" უნდა გამოვიყენოთ და თუ არ შეწუხდები, იქნებ დამიდასტურო, ან უარყო და ის მითხრა, სწორად როგორ იქნება : )