25.4.10

რეცენზია ექსტრემალის რვეულზე

„X-მა რომ მოინდომოს,  
მეტს შეძლებსო“
(ხალხური სიბრძნე)


ძალიან ჭკვიანი და საინტერესო ადამიანის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ ახლა, ადამიანისა, რომელიც ხედავს ყველაფერს ლამაზს და აფასებს ჯეროვნად. X განწყობის ადამიანია, თუ არ უნდა ვერაფერი აიძულებს, რომ დავალება შეასრულოს, რაც არ არის კარგი და ეს თავადაც იცის. ხომ იცი?!
მოსწავლის თემები გამოირჩევა მხიარული, იუმორით გაჯერებული პასაჟებით. მაგალითად,


"ვარსქენის გარეგნობაზე ტექსტში ლაპარაკი არაა, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ყოფილივყო შაგვრემანი, პირქუში და კუნთიანი".
"ვარსქენს გეგმები ჩაეფუშა".
" ჩემი აზრით, ვარსქენი ძალიან ბოროტი იყო , იგი მარტო შუშანიკს არ სცემდა და ლანძღავდა, არამედ საულიერო პირებსაც. იგი იყო შიზოფრენიკი"
„სწავლა მოსწავლეთა“ დაწერა დავით გურამიშვილმა , იგი არის სასწავლო ნაწარმოები". – ხომ ისწავლე მერე?
"დავით გურამიშვილი ბავშვის ცემას მიზანშეწონილად მიიჩნევს, რადგან ბავშვი კარგად აღიძრდება და თავზე არ „დაგაჯდება.“
X–ს უყვარს თავისუფალი თემების წერა იმიტომ, რომ კარგად გამოსდის. ასე გააგრძელე, თუმცა მასალაც არ დავივიწყოთ და თავისუფალ დროს წიგნების კითხვაც. (სკეიტი კარგია, მაგრამ წიგნი უფრო საჭიროაო! – ესეც ანდაზა.)
ჩემი კეთილი რჩევაა, ისწავლე სკეიტით სრიალისას წიგნის კითხვა, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება! იმუშავე ამ საკითხზე, ჯერ პატარა წიგნი წაიღე და თან იკითხე , თან ექსტრემალური სპორტით დაკავდი. მერე გაზარდე წიგნის ზომა და ფორმა, მერე რაოდენობასაც მიაქცევ ყურადღებას. ფაქტს ვერსად გავექცევით: უნდა ვიკითხოთ!
რატომ დავიწყე რეცენზია ანდაზით? X-ს უყვარს მოკლე, ბრძნული ფრაზების გამოგონება, თან ისე, რომ , თითქოს, ეს საკმაოდ ცნობილი ანდაზაა, რა არ იცით?! თემატიკა მრავალფეროვანია, მაგრამ რა სათაურიც არ უნდა შეურჩიო, ყველაფერი ვამპირების და ბომჟების თემაზე დაიყვანება.
ჩაატარეთ ექსპერიმენტი: მიეცით მოსწავლეს ნებისმიერი თემა და იგი გაჩვენებთ, როგორ უნდა მიიყვანოთ ნებისმიერი თემა ვამპირებთან და ბომჟებთან.
აქ წააწყდებით ძალიან ბევრ „მარგალიტს“, ამის გამო X-ს ბევრი შენიშვნა მიუღია, მას გაუთვალისწინებია, ამიტომ მოდი, დავივიწყოთ გაბრაზება და დავტკბეთ მოსწავლის „სხარტულებით“:


"მუშაობის გარეშე გაზომბდები". – ხომ არის ანდაზა?!
"თოვლით დაფარული კალთები მოტიტვლებული იყო და არც ერთი ღრუბელი არ ჰქონდა მიწეპებული." – ამაზე თავის დროზე ძალიან გამეღიმა, თითქმის, გამეცინა.
"რეკლამას რომ ვუყურებ ხოლმე, მავიწყდება რას ვუყურებდი იქამდე, დიდი რეკლამა ცუდია, პატარა– სჯობს." –ახლა ვმუშაობთ ამ საკითხზე და ცვლილებებს უახლოეს მომავალში შევატანინებთ, ბატონო ჩემო. რაკიღა პატარა რეკლამა სჯობს, ამას გავითვალისწინებთ!
"სადაც არაფრის შიში არ გაქვს, არ გეშინია, რომ ბნელი დაგფარავს". – ფილოსოფიური წიაღსვლაა, გენიალურია, დააკვირდით, გაიაზრეთ. ყოჩაღ, X!
" სჯობს, ჯანმრთელი იყო, ვიდრე ავადმყოფი და მუცელამოყორილი". – ესეც ჩემი უსაყვარლესი გამონათქვამი X-ის  რეპერტუარიდან.
P.S. დიდ მადლობა, X, ასეთი მხიარულება რომ შემოიტანე. წარმატებებს გისურვებ! დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და მე ვიტყვი, X ჩემი მოსწავლე იყო. და ამას ვიტყვი სიამაყით და სიხარულით.

4 comments:

სანდრო სულაკაური said...

"...აქ წააწყდებით ძალიან ბევრ „მარგალიტს“, ამის გამო სანდროს ბევრი შენიშვნა მიუღია...." gaipara saxeli :D

Unknown said...

აბა, სად, გაიპარა სახელი? შენ ხარ ექსტრემალი? ასე ფიქრობ? :)))

MetaGamma said...

ra kargia.. gamaxsenda, rogor mindoda maswavlebloba adreul asakshi.. veraferi sheedreba am shegrdznebebs..

Unknown said...

MetaGamma მეც ბავშვობიდან მინდოდა და გამოვედი კიდეც. კარგია! მიხარია, ჩვენს ბლოგზე რომ შემოიჭყიტე. :)))