11.2.10

საორიენტაციო თემატიკა "მგზავრის წერილების ანალიზისთვის"


ილია ჭავჭავაძის "მგზავრის წერილების" შესწავლისას მოსწავლემ, გარდა იმისა, რომ კარგად უნდა აითვისოს შინაარსი, ასევე უნდა მოახდინოს თავმოყრა იმ პრობლემებისა, რაც ნაწარმოებშია წარმოჩენილი. ამაში კი მეგზურად და გზამკვლევად მასწავლებელი უნდა მოევლინოს.

ალბათ, გვახსოვს, როგორ გვასწავლეს თავად ჩვენ სკოლაში ეს ნაწარმოები. პირადად ჩემს შემთხვევაში მოხდა ასე: გავიარეთ "მგზავრის წერილები", დავწერეთ შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცეს სააანალიზო თემა: "მგზავრის წერილების" განხილვა. ამით შემოიფარგლა ჩვენი, როგორც მოსწავლეების, შეხება ამ ნაწარმოებთან.

ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტური და საინტერესოა ის , რომ სააანალიზო თემებისა და პრობლემების წარმოჩენა მოხდეს ნაწარმოების შესწავლის კვალდაკვალ.

I. პირველივე თავში ვითარდება საინტერესო სცენა რუს "იამშჩიკთან" დაკავშირებით. სასურველია, ამ დროს მოსწავლეებს სააზროვნოდ და დასაწერად შევთავაზოთ თემა:
"მგზავრი ვლადიკავკაზის სატუმროსთან." გეგმა კი, რომელიც უნდა გაითავალისწინონ, შემდეგია: თემაში უნდა ჩანდეს ანალიზი იმ პორტრეტისა, რაც პირველივე სტრიქონებიდან იკვეთება, ფრანგის სიტყვები, მგზავრის ფიქრები და "პოვოსკის" დაძვრის სცენა. უნდა იყოს გადმოცემული ანალიზი იმისა, თუ რა იგულისხმა ილიამ ყოველივე ამის უკან, რა სიმბოლოების დანახვა და შეფასებაა შესაძლებელი. ეს თავი და ეს სცენა საყურადღებოა იმიტომაც, რომ "იამშიკის" სახით წარმოდგენილია რუსი დამპყრობელის სახე, "ორ იმოდენად უფრო საძაგელი."


II. შემდეგ ყურადღება უნდა გავამახვილოთ მგზავრის განცდებზე, რომელიც მას ეუფლება სამშობლოსთან მოახლოებისას. იგი განიცდის და ერთგვარად შიშობს კიდეც, არ იცის, როგორ შეხვდება მშობლიური გარემო უცხო ქვეყნიდან ჩამოსულს. ამასთან დაკავშირებით სასურველია, მოსწავლეებს სამსჯელოდ მივცეთ თემები :
"ოთხი წელიწადი" (ეს თემა გააერთიანებს "თერგდალეულობის" დაბრალების შიშს და კიდევ იმას, თუ როგორ აფასებს ილია იმ ოთხ წელიწადს, რომელიც მან სწავლას დაუთმო სამშობლოსგან მოშორებით)და მეორე თემა , რომელიც ასევე ეხმაურება ოთხი წელიწადის საკითხს, არის "მშობელს შვილის სიტყვა ყოველთვის ესმის". აქ უფრო ფართოდ გაიშლება საქართველოსთან შეხვედრის თემა და ილიას განზრახვა "ღვიძლი სიტყვის" თქმის შესახებ. ეს ორივე თემა კი ერთ მიზანს ემსახურება, მოსწავლემ გაიაზროს, როგორ ხედავს ილია თავის მომავალს, როგორ სურს, რომ თავისი სწავლა–განათლება მამულის სამსახურში ჩააყენოს და ეს მისი უპირველესი მიზანია.

III. ვაგრძელებთ ნაწარმოების შესწავლას და წინ უმნიშვნელოვანესი საუბარია მგზავრსა და რუს ოფიცერს შორის. მოსწავლემ კარგად უნდა გაიაზროს, რას ამბობს რუსი ოფიცერი, რაზე მეტყველებს მისი თითოეული სიტყვა, რატომ არ ეკამათება მას ილია და საუბრისას ოდენ მცირე რეპლიკებით იფარგლება. ამ ყველაფრის მოქცევა კი შეიძლება თემში სათაურით "სამეცნიერო საუბარი." თემაში უნდა მოხვდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა, რასაც რუსი ოფიცერი ქართველების მისამართით ამბობს, და იქვე უნდა ჩანდეს, თავად მოსწავლე როგორ უპასუხებდა ამგვარ გამოწვევას. ამით ვაყალიბებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სახეს დამპყრობი რუსეთისა. ეს ლოთი, ხეპრე, ბნელი, უტიფარი, ცხვირაბზეკილი, ბრიყვი, თავხედი პოდპორუჩიკი სხვა არაფერია, თუ არა სახე ჩვენი "ბატონ–პატრონისა"


IV. შემდეგ რიგში დგას ძალიან საინტერესო სახეები თერგისა და მყინვარისა, და დღისა და ღამისა. შეგვიძლია ეს ორი თემა გავაერთიანოთ, მაგრამ რაკიღა ნაწარმოები ისეა აგებული, რომ ეს სიმბოლოები ერთად არ გვხვდება და ჯერ თერგზე და მყინვარზეა საუბარი, ჩვენც ჯერ
"მყინვარისა და თერგის" შეპირისპირებაზე ვიმსჯელოთ, და შემდეგ "დღისა და ღამის" შედარებაზე. სასურველი, მოსწავლეებს მივაწოდოთ მოკლე ინფორმაცია გოეთესა და ბაირონის შესახებ, გავაცნოთ მათი შემოქმედების ძირითადი ასპექტები და ცხოვრება, რათა მოსწავლეებმა თავად შეძლონ მსჯელობა, რატომ შეადარა ილიამ მაინცდამაინც ეს ორი შემოქმედი. ამ ორი თემის ანალიზით, მივიყვანთ მოსწავლეებს უმთავრეს დასკვნამდე, რომელიც ნაწარმოებში კითხება: სიცოცხლის არსი ქმედებაშია!!!


V.და ბოლოს, მივადექით მოხევისა და მგზავრის საუბარს, საკვანძო საუბარს ნაწარმოებისას. აუცილებლად უნდა დაიწეროს თემა, რომელიც ლელთ ღუნიას მიერ წამოჭრილ თემებს გააერთიანებს. თხზულებას სათაური შევურჩიოთ დიალოგიდან გამომდინარე. მაგალითად, შეგვიძლია ვუწოდოთ
"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" ან რომელიმე სხვა გამონათავამი მოხევის ლაპარაკიდან. მთავარია, თემაში ჩანდეს, რა აწუხებს ქართველს. ეს პრობლემები კი დაახლოებით ასე გამოიყურება:
1. ქართველისათვის საკუთარი მიწა–წყალი უსარგებლო გამხდარა.
2. თავისუფლების დაკარგვით ქვეყანამ დაკარგა სახე, ტრადიციები, ზნეობა (ადრიდა და აწინა).
3. მტერი და მოყვარე ძნელი გასარჩევი გახდა.
4. დამყარებულია მოჩვენებითი მშვიდობა. (საინტერესოა, რომ მოხევეც თერგს იხსენებს და ჭაობს, როდესაც ამ თემაზე ესაუბრება).
5. ლელთ ღუნია იხსენებს, რომ სადაც "ღონე ვერ ღონობს" იქ სიბრძნემ და ხერხმა უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა.

VI. ყოველივე ამის შემდეგ , შეგვიძლია წარვმართოთ
შემაჯამებელი მსჯელობა, რომელიც გააერთიანებს, თავს მოუყრის იმას, რაც მანამდე უკვე თქმულა და დაწერილა. მოსწავლე, რომელიც ნაბიჯ–ნაბიჯ წაჰყვა მასწავლებელს, დაწერა და იმსჯელა ყველა ამ თემაზე, შემაჯამებელ მსჯელობასაც ადვილად გაართმევს თავს. შემაჯამებელი, დასკვნითი მსჯელობის თემატიკა და საკითხების ჩამონათვალი კი ასეთია:

"მოძრაობა და მარტო მოძრაობა"
აქ ერთიანდება თემები
"თერგი და მყინვარი" და "დღე და ღამე" – ძირითადი დებულება "სიცოცხლის არსი ქმედებაშია".

"ორ იმოდენად საძაგელია ნამდვილი"
ამ ნათქვამის გახსენების მიზანია, გამოკვეთოს დამპყრობელი რუსეთის სახე. მოსწავლეს შეუძლია გადახედოს თემებს :"მგზავრი ვლადიკავკასის სასტუმროსთან" და "სამეცნიერო საუბარი".

"ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა–ქვეშ არ ჩასწყდომია"
დებულება_ ცოდნისა და განათლების უპირველესი მიზანი _ სამშობლოს სამსახური. აქ ერთიანდება თემები:
"ოთხი წელიწადი" და " მშობელს შვილის სიტყვა ყოველთვის ესმის".


"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს"
ეს ფრაზა აერთიანებს თავისუფლების იდეისთვის ბრძოლას, და პრობლემას, რომელიც ლელთ ღუნია მტკივნეულად სვამს: თავისუფლებასა და პყრობილებაში, ანუ "ადიდა" და "აწინა".



შემაჯამებელ მსჯელობას ასრულებს ილიას ფიქრები, რომელიც მას მოხევესთან საუბრის შემდეგ მოეძალა. სასურველი იქნება თუ გავიხსენებთ, რა მოხდა მას შემდეგ , რაც ილია დაბრუნდა, როგორ წარიმართა მოვლენები, აღსრულდა თუ არა ის, რასაც 24 წლის ილია სამშობლოში დაბრუნებისას გეგმავდა.

7 comments:

LEVAN TEPNADZE said...

ძალიან საინტერესოა. ორი რამ მინდა აღვნიშნო: 1. კითხვის დროს თემის დაწერა მომინდა :), 2. ზემოთ ხასგასმული ასპექტების გააზრება არა მხოლოდ მოსწავლეებს სჭირდებათ. ჩემი აზრით არც სხვებს (სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეების დაახლოებით 60–70%–ს) აწყენდათ ამ გენიალური ნაწარმოების წაკითხვა და შესაბამისი დასკვნების გამოტანა.
P.S. თავად ილია მყინვარივით დიდებული და თერგივით შეუპოვარი იყო!!!

Unknown said...

თქვენ რომ ჩემი მოსწავლე იყოთ, დიდი სიამოვნებით დაგავალებდით თზხულების დაწერას და მერე წავიკითხავდი თქვენს თემას; მაგრამ ახლა შეგვიძლია, თემა მაინც დაწეროთ :) და "სტუმრის მოსაზრების" რუბრიკაში განვათავსოთ. დაფიქრდით შემოთავაზებაზე. რას ტყვით?

LEVAN TEPNADZE said...

ვიფიქრებ. ისე თავის დროზე თითქმის ბოლომდე გავიაზრე რა "ნესტრით" იყო ილია "ნაჩხვლეტი", როცა მგზავრის წერილებს წერდა. P.S. თან ჩემ დროს ასეთი ბლოგი არ არსებობდა. ბლოგს ვინ ჩივის ინტერნეტიც ეგზოტიკა იყო... :)

Unknown said...

მეც ასე მეგონა, რომ სკოლაში კარგად გავიაზრე, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ , ბევრი ასპექტი გამომრჩენია ან მთელი არსით არ შემისწავლია. მაგრამ ასეთი რამ "მგზავრის წერილებზე" და "ვეფხისტყაოსანზე" ხშირად მომდის, ვკითხულობ ყოველ ჯერზე, როგორც – პირველად. :) გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები:)

LEVAN TEPNADZE said...

გეთანხმები. მეც მიგრძვნია მსგავსი რამ. ისე ეგ სულაც არაა ცუდი, ეგ ნიშნავს რომ წაკითხვიდან წაკითხვამდე იზრდები...

Anonymous said...

ეხლა მაქვს პროგრამულად სკოლაში. მადლობთ, ძალიან დამეხმარა .

giorgi said...

აუ ჯიგარი ხარ ხვალ ამაზე ამქვს ჰსემაჯამებელი კომენტარზე აუ რა მაგრად დამეხმარე