29.6.12

დ.გურამიშვილი – „დავითიანი“



   „დავითიანს“ საინტერესო კომპოზიციური აგებულება აქვს. ავტობიოგრაფიულობა კი მისი ერთ–ერთი ძირეული თავისებურებაა. დ.გურამიშვილის ცხოვრებისეული ფაქტები იგავურ–სიმბოლურ გააზრებაში იკარგება.
    ნებისმიერი ადამიანი შეგვიძლია წარმოვადგინოთ სამი სახით (სამსახოვანია)
  1. კერძო პირია (სახელი და გვარი აქვს, მისთვის დამახასიათებელი გარეგნობა და მდგომარეობა  და .აშ.) გააჩნია.
  1.    კონკრეტული ერის წარმომადგენელია (ეროვნული ნიშნით ხასიათდება, რომელიმე ნაციის წარმომადგენელია, ერისკაცია)
  2.      ადამიანია (ზოგადად ადამიანთა რასას განეკუთვნება, იმას გრძნობს და განიცდის, რასაც ზოგადად ადამიანები).

დ.გურამიშვილიც საკუთარ თავს სამი სახით წარმოგვიდგენს:
  •        I.            დ.გურამიშვილი, როგორც კერძო პირი, ჩანს „დავითიანის“ იმ თავებში, რომელიც მის თავგადასავალს მოგვითხრობს;
  •     II.            დ.გურამიშვილი, როგორც ერისკაცი, ჩანს „ქართლის ჭირის“ ამსახველ სტროფებში;
  •  III.            დ.გურამიშვილი, როგორც ზოგადად ადამიანი, ადამიანური სატკივარით და განცდით, წარმოჩნდება რელიგიურ ჰიმნებში და ბიბლიურ სიუჟეტებში, რომლებიც ჩართულია „დავითიანში“.

  „დავითიანის“ კომპოზიციური თავისებურების შესახებ არაერთხელ აღუნიშნავთ.
რამდენად გვიშლის ხელს ეს კომპოზიციური თავისებურება სწავლების პროცესში?– ეს არის მთავარი საზრუნავი მასწავლებლისთვის.
როცა სახელმძღვანელოში მოცემულია კონკრეტული თავი „დავითიანიდან“ (მაგალითად, „მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი“ ან „სწავლა მოსწავლეთა“), შეიძლება თუ არა, რომ ძირითად პრობლემად  მთლიანი ნაწარმოების, „დავითიანის“, კომპოზიციური თავისებურება მივიჩნიოთ?!
    პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: მოსწავლემ უნდა დაინახოს კავშირი „დავითიანის“  ცალკეულ ნაწილს შორის, უნდა მოახდინოს მისი ერთი სათქმელის ქვეშ გაერთიანება. სხვაგვარად ვერ მოხერხდება  ნაწარმოების გაგება. ამიტომ "დავითიანის" რომელ ნაწილსაც არ უნდა ვასწავლიდეთ, ერთ–ერთი თავისებურება სწორედ ესაა:
   
    თავისებურება 1. „დავითიანის“ ცალკეული ნაწილები საინტერესო კომპოზიციურ ერთიანობას ქმნის. ერთმანეთს ერწყმის სამი ძირითადი რკალი.
  • პირველი არის დიდაქტიკური რკალი,
  • მეორე – საღვთისმეტყველო რკალი,
  • მესამე – ისტორიული რკალი.

      ჩემი აზრით, ძირითადი აქედან ისტორიული რკალია, დანარჩენი ორი ერთგვარ შესავალს ქმნიან. ავტორი სანამ გაგვაცნობს სავალალო ისტორიულ სინამდვილეს, მანამდე გვეუბნება, თუ რატომ დაგვემართა ეს (დავშორდით ღვთის გზას, „უკვდავების წყაროს“) და გვასწავლის, როგორ შეიძლება გამოსწორდეს ვითარება („ისმინე, სწავლის მძებნელო!“).  

   პრობლემა. მოსწავლე ვერ აღიქვამს „დავითიანს“ ერთიან ნაწარმოებად და შესაბამისად, გაუგებარი იქნება მისთვის ამ ნაწარმოების არსი. დ.გურამიშვილი საუბრობს საღვთისმეტყველო თემებზე, გადმოგვცემს იგავურად სათქმელს, ძალიან ექსპრესიულად გვესაუბრება ქრისტეს ცხოვრების გზაზე, მიმართავს დიდაქტიკას, შემდეგ გვესაუბრება ქართლის ჭირზე, საქართველოს ისტორიის (XVIII საუკუნის) ერთ ფურცელზე. ამას ყველაფერს ერთი საერთო სათქმელი აერთიანებს:
  მაცხოვარმა ყველა ჭირი, თვით სიკვდილიც კი დაითმინა და ირგუნა, რომ ჩვენ, მოკვდავები, მივახლებოდით მარადისობას. ჩვენ კი ვერ დავდექით ჩვენს ეგოისტურ მიზნებსა და მისწრაფებებზე მაღლა და გავწირეთ ქვეყანა. ქართლ–კახეთის დაქცევა გამოიწვია იმან, რომ ჩამოვშორდით ღვთის გზას, მოვშირდით „უკვდავების წყაროს“.

    აქტივობა. იმისათვის, რომ მოსწავლემ „დავითიანი“ ერთიან, ერთი სათქმელითა და ფაბულით გაერთიანებულ ნაწარმოებად აღიქვას, მივმართავ მინილექციას. მინილექციას დავიწყებ დ.გურამიშვილის ბიოგრაფიული ცნობების გაცნობით, ისტორიული მიმოხილვით  და შემდეგ ვისაუბრებ ნაწარმოებზე, მის შემადგენელ ნაწილებზე და საერთო სათქმელზე, რომელიც აღნიშნულ სამ სიუჟეტურ რკალს აერთიანებს.

(რომელი ნაწყვეტიც არ უნდა იყოს მოცემული „დავითიანიდან“, პირველ თავისებურებად აღნიშნულის დასახელება შეიძლება, რაც შეეხება ნაწყვეტებს, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული მათგანის თავისებურება–პრობლემა და გადაჭრის გზა).

თავისებურება 2. „მოთქმა ხმითა თავ–ბოლო ერთი“ დატირებაა ქრისტესი,  „ვაი, რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო“, „დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო“ რეფრენად გასდევს  თითოეულ სტროფს.  დატირების პარალელურად გაშლილია სახარებისეული სიუჟეტი.

პრობლემა. მოსწავლე შეიძლება ვერ მიხვდეს, რატომ არის ეს თავი ასეთი ფორმის, რატომ ირჩევს პოეტი მოთქმა–ვაების გზას მაშინ, როცა ქრისტე ამაღლდა და სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა?!

აქტივობა. გამოვიყენებ მინილექციას და მოსწავლეს გავაცნობ, რა ადგილი უჭირავს აღნიშნულ თავს „დავითიანის“ კომპოზიციურ ქარგაში. ქრისტეს დატირებით საკუთარ თავსაც გლოვობს პოეტი. გავისხენებ რამდენიმე ეპიზოდს დ.გურამიშვილის ცხოვრებიდან(ლეკთაგან დატყვევებას, გადახვეწას). ის, რისთვისაც ქრისტემ სიკვდილიც კი დაითმინდა და ირგუნა, ქართველებმა არაფრად მივიჩნიეთ და ამიტომ დაგვატყდა თავს ამდენი უბედურება. („ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის, თუ არ ბრძენი, ენა–მჭევრი“. 

 თავისებურება 3. „ქართლის ჭირის“ სწავლებისას ძალიან ხშირად მოგვიწევს ისტორიული პარალელის გავლება. სინამდვილე აქ მხატვრულადაა გადმოცემული, პოეტი იყენებს შედარებებს („:ვით მამალი სხვის მამალსა“),  მეტაფორებს („წყემსი ცხოვართა დამხსნელი და მგელთა არ მიმცემელი“.)

 პრობლემა. სირთულე შეიძლება შექმნას უზუსტობამ, რომელიც „დავითიანის“ ისტორიულ ნაწილშია გაპარული. თავში , სადაც საუბარია ქართლელთა და კახელთა მიერ უფალთან გაორგულებაზე, ნახსენებია ვახტანგ მეხუთე. უნდა იყოს მეექვსე. ამაზე საგანგებოდ უნდა გამახვილდეს ყურადღება, რათა მოსწავლემ შესძლოს სწორი ისტორიული პარალელის გავლება. ისტორიული ფაქტები ერთმანეთს ენაცვლებიან და საზარელ სურათს ქმნიან.
  
აქტივობა. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კარგად ისწავლონ „დავითიანის“ ის ნაწილი , რომელსაც პირობითად „ქართლის ჭირს“ ვუწოდებთ, განვახორციელებ პროექტს, სათაურით „XVIII საუკუნის „ქართლის ჭირი“. პროექტის მიზანი იქნება მხატვრული და ისტორიული სინამდვილის შედარება. პრეზენტაციის მზადების პროცესში ჩავრთავ ისტორიის მასწავლებელსაც და ერთად , ინტეგრირებულად, განვახორციელებთ ამ პროექტს. კლასს დავყოფ ჯგუფებად, თითოეულ მათგანს დავუნაწილებ კონკრეტულ თავს „დავითიანიდან“.  საინტერესო იქნება იმის ჩვენება, რა შეცვალა, რა გამორჩა და რა დაამატა დ.გურამიშვილმა ისტორიულ სინამდვილეს. აქვე ჩავრთავ ლიტერატურის თეორიის საკითხებსაც: რა ხერხებით და რა საშუალებებით ასახა პოეტმა ისტორიული ფაქტები.

თავისებურება 4. „სწავლა მოსწავლეთა“ დიდაქტიკური ხასიათის ნაწარმოებია. ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე ჟამი, როცა ძველი ახალმა უნდა შეცვალოს, დასუსტებული განახლებულმა უნდა ჩაანაცვლოს.  გურამიშვილის აზრით, გაპარტახებული ქვეყნის ბედი სწავლულ თაობას უნდა შეეცვალა. ამიტომ მიმართავს ყველას და სთხოვს: ისმინე, სწავლის მძებნელოო.

 პრობლემა. „დავითიანის“ ამ თავში („სწავლა მოსწავლეთა“) ძალიან ბევრი ბრძნული გამონათქვამია გამოყენებული, პოეტი იყენებს შედარებებს სათქმელის უკეთ წარმოსაჩენად.  თუკი არ მოხდება ამ ყველაფრის   თავმოყრა, სათანდოდ ორგანიზება, მოსწავლეს გამორჩება ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი. თითოეული სტროფი ხსნის იმას, რასაც ბოლო დასკვნის სახით ვეცნობით. (მაგალითად, სწავლა, ცოდნა, მუდამ  განათლებულ ადამიანთან იქნება, მას ვერავინ წაართმევს და ვერც ჩაუზიარდება. ხოლო ვინც არ სრულყოფს საკუთარ ცოდნას, წუთისოფელი მახეს დაუხვედრებს. ამგვარი მსჯელობის ბოლოს დასკვნის სახით ვკითხულლობთ, „თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი“).

  აქტივობა. სანამ გავეცნობით  „სწავლა მოსწავლეთას“ თითოეულ სტროფს, მოსწავლეებს გავაცნობ, როგორ ვმუშაობთ. დაფაზე გავაკრავ ფორმატს პირობითი სათაურით „მოყევ დავითის მცნებასა“, ფორმატი ორად იქნება გაყოფილი, ერთი ველი განკუთვნილი იქნება ბრძნული გამონათქვამებისთვის, ხოლო მეორე –  შედარებებისთვის. მას შემდეგ რაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ თითოეულ სტროფს, ჯერი ფორმატის შევსებაზე მიდგება, მოსწავლეებს გამოვუყოფ მოსაფიქრებლად დროს, დროის ამოწურვის შემდეგ თითოეული მოსწავლე გამოვა დაფასთან, წარუდგენს კლასს თავის მიერ ამოწერილ  ბრძნულ გამონათქვამს თუ შედარებას და  ამის შემდეგ დაწერს ფორმატზე. ჯერი სხვა მოსწავლეზე მიდგება. მასწავლებელმა უნდა ადევნოს თვალ–ყური რამე ძალიან მნიშნელოვანი ხომ არ გამორჩათ  მოსწავლეებს . 

2 comments:

ბელა ქემოკლიძე said...

ძალიან საინტერესო ბლოგია. მადლობა შინაარსიანი სტატიებისათვის!

Anonymous said...

კაიაა დამეხმარა