2.1.11

ანვითარებს თუ ავითარებს? ანსხვავებს თუ ასხვავებს?

     ზმნისწინი ზმნას წინ დაერთვის და მიუთითებს მოქმედების მიმართულებას. მაგალითად, ა-ვიდა - აქ ა- ზმნისწინი მიუთითებს , რომ მოქმედება მოხდა ქვემოდან  > ზემოთ, ანუ ვიღაცამ ქვემოდან ზემოთ განახორციელა მოქმედება.
ჩა-ვიდა - აქ ჩა- ზმნისწინი აღნიშნავს მიმართულებას ზევიდან > ქვევით,
შე-ვიდა-  შე- გამოხატავს მოქმედების მიმართულებას გარედან >შიგნით და ა.შ.
    ქართულ ენაში არის სამი ზმნისწინი , რომლებმაც დროთა განმავლობაში ფორმა იცვალეს.
ძველ ქართულში  იყო  _ აღ-(აღვიდა), გან- (განვიდა), წარ-(წარვიდა).
ახალ ქართულში არის_   ა-(ავიდა),   გა-(გავიდა),     წა-(წავიდა).

    როგორც ვხედავთ, ამ ზმნისწინებს ახალ ქართულში ჩამოშორდა ბოლოკიდური თანხმოვანი (-ღ, -ნ, -რ) უმეტესად მოძრაობის მიმართულების ჩვენების დროს, არსებობს სიტყვები, რომლებშიც ეს ზმნისწინები კვლავ ძველი ფორმით არის წარმოდგენილი. მაგალითად, განვითარება, განსახიერება, განთავისუფლება... აღზრდა, აღნიშვნა, აღწერა... წარმოდგენა...
    ხშირად ხმარობენ ამ ზმისწინებსა და ფორმებს შეცდომით, ჩამოაშორებენ საწყის თანხმოვანს, ან გადაადგილებენ შემადგენელ თანხმოვნებსა და ხმოვნებს, რაც დაუშვებელია. შეცდომაა, მაგალითად, ანთავისუფლებს, ანსახიერებს, ანზოგადებს... აქ დასაწყისის  ნ-  არის ძველი ზმნისწინის ნაწილი... ნ- თანხმოვანი ზედმეტია და წინამავალი გ-ს გარეშე არაფრის მაქნისია...
   ზმნისწინის ამგვარი გათიშვა და ზმნური ფორმის სანახევროდ წარმოდგენა დაუშვებელია. ზმნისწინი ან მთლიანი სახით უნდა ვიხმაროთ (განავითარებს). ან მთლიანადვე უნდა მოვაშოროთ ( ავითარებს).
დავიმახსოვროთ, რომ სწორია:
•    ავითარებს, ავითარებდა... (ან განავითარებს)  ----- და არა ანვითარებს,
•    ასხვავებს, ასხვავებდა... (ან განასხვავებს)    -------- და არა ანსხვავებს
•    ათავისუფლებს ...  (ან განათავისუფლებს)    ------ და არა ანთავისუფლებს
•    გაათავისუფლე ...  (ან განათავისუფლე)      ------ და არა გაანთავისუფლე
•    ასახიერებს, ასახიერებდა (ან განასახიერებს) ------ და არა ანსახიერებს.

2 comments:

NIka said...

ამდენი ხანი ამ საკითხს ვერ ვიგებდი, დღეს გავიგე. მადლობა.

მიშო said...

მადლობა დიდი