25.4.10

რეცენზია 30 სიტყვიან თემებზე


         შევთანხმდეთ, რომ განსჯის მიღმა დავინახავთ საოცარი იუმორის  მქონე ადამიანს. მოსწავლის რვეულს სხვაგვარად შეგვიძლია დავარქვათ: „30 სიტყვიანი თემები“, ან „განსჯა 30 სიტყვაში“, რადგან მისი არც ერთი თემა არ აჭარბებს მითითებულ ლიმიტს.  მაგრამ ამ 30 სიტყვაში ჩატეულია აზრი, მსჯელობა, ახალი პერსონაჟები  ხასიათით და ქცევით. ამასაც ხომ უნდა ნიჭი?!
     დავიწყოთ პერსონაჟებით, ავტორი გამოირჩევა კოლორიტი პერსონაჟების შექმნით. გადაავლეთ თვალი გალერეას:  შანელა, მუმლი, მიხელიე –ავტორი პოემისა „სირაქლემა გაიქცა“, დურმიშხან ლემონჯავა, არმენჯანი, ზინა და კიდევ ბევრი ეპიზოდური როლის შემსრულებელი.
     მოსწავლე ყოველთვის გამოირჩევა ორიგინალური ხედვით, უფრო მეტი ენთუზიაზმით წერს თავისუფალ თემებს და ეს კარგადაც გამოსდის.  
     თუმცა აქვე არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო: მოსწავლე  უფრო მეტი პასუხისმგებლობით რომ მოიქცეს, დაძლიოს სიზარმაცე და მეტი სერიოზულობა გამოიჩინოს, უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.
      რას არ შეხვდებით მის რვეულში?! გთავაზობთ „მარგალიტებს“  :
(.......)
·        " გივი ფათერაკის ძიებაში თამარ მეფის ხიდიდან გადახტა." – საწყალი მოსწავლის  ხელში!
·         "ჟანა! უაზროდ ხუმრობ! "– საწყალი ჟანა, როგორ მკაცრად უთხრა, შემეცოდა.
·       "  დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ! ხურდავ, დამიბრუნდი!" –საინტერესო ინტერპრეტაციაა. აქვე წარმოიდგინეთ, მათხოვარმა მართლა რომ თქვას ასე.
·        " ლიკამ შავი შპროტის ქილა ყავისფერ თაროზე დადო. "– წინადადებებს შორის უშესანიშნავესი.
·         "ინვალიდმა ცხენოსანმა ოთხი ოპერაცია გაიკეთა. "– აქ რას ვერ მივხვდი იცით, ცხენიანად გაიკეთა ოპერაცია?!
·         "ელამი დევის სახე ჩალურჯებულია, რადგანაც ის ხეს შესკდა." – „ელამი დევი“ ჩინებულია!
·         "ანზორის ცუდი მაგალითით შალვამ ძმა მოკლა. "– ე.ი. ანზორმაც მოკლა ძმა, ხომ?!
·         "შორ გზად მოჩანს ხახვი." – წარმოიდგინეთ რა არ ხდება ზღაპარში?
·         "წითელო მზეო, ამოდი და ჩამოვარდი." – ეს ანარქისტის განცხადებაა!
·        " ოზონის შრე თხელდება, ბევრი ცხოველი გადაშენდა და ბევრი გადაშენებს გზაზეა."– პრობლემა , მართლაც, რთულია.  მესმის შენი წუხილის.
·        " დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ ჩვენი დედამიწა, გავშალოთ კარვები და გავმართოთ აქცია დაბინძურების წინააღმდეგ". – აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა, გულიანად გამეცინა.
     P.S.  X, კარგი ბიჭი ხარ! ეს ყველაფერი ხუმრობით ითქვა. მთელი წელი შენ გვეხუმრებოდი და ახლა ჩვენი ჯერიც დადგა.
ხუმრობის მიღმა, რაც შემიძლია გითხრა არის ის, რომ შენ მართლა კარგად წერ, მაგრამ იგრძნობა რომ ცოტას კითხულობ. თუ მოუმატებ კითხვას, წერაც თავისთავად უკეთ გამოგივა. ასე , რომ დაფიქრდი ამაზე და არ მიანებო თავი იმას, რაც კარგად გამოგდის. იკითხე , იკითხე და წერე!

No comments: