1.6.12

ვაჟა-ფშაველა-„ალუდა ქეთელაური“



 თავისებურება 1.  ვაჟა-ფშაველას პოემების შესწავლისას მოსწავლეებს ძირითად დაბრკოლებას უქმნის ტექსტის ენა. კუთხური მეტყველება,  დიალექტური  ფორმები შინაარსის სრულყოფილად გააზრებას აფერხებს.   მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად კონკრეტულად „ალუდა ქეთელაურზე“ ვსაუბრობთ, ეს თავისებურება ვაჟა-ფშაველას სხვა პოემების  შესწავლის დროსაც იჩენს თავს.

პრობლემა - კუთხური მეტყველება, დიალექტური ფორმები მოსწავლეს შინაარსის სრულყოფილად გააზრებაში უშლის ხელს.   ის, რაც მოსწავლეს აფერხებს ამ შემთხვევაში, ლექსიკის გასამდიდრებლად უნდა გამოვიყენოთ.

აქტივობა- დიალექტიზმები უნდა განვუმარტოთ,   ვისარგებლოთ ლექსიკონით. თითოეული ფორმის განმარტების შემდეგ , შეგვიძლია, გამოგამოვიყენოთ აქტივობა პირობითი სათაურით  „სიტყვების ყუთი“/“სიტყვების გუდა“. წინასწარ მოვამზადოთ
ბარათები.თითოეულ ბარათზე დავწეროთ სტრიქონი ან სტროფი, რომელიც დიალექტურ ფორმებს შეიცავს. ეს ბარათები მოვათავსოთ "გუდაში"/ყუთში".მოსწავლეებს სათითაოდ ამოვაღებინოთ „სიტყვების ყუთიდან“/ „სიტყვების გუდიდან“ ბარათი, რომელიც უნდა განმარტონ და სალიტერატურო ენით უნდა წარმოადგინონ კლასის წინაშე.   შემდეგ ვაძლევთ მცირე დროს. მოსაფიქრებელი დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები თავიანთ ვარიანტს წარუდგენენ მოსწავლეებს. ეს აქტივობა დაეხმარება მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებაში, ტექსტის ენის უკეთ გაგებაში. 

თავისებურება 2. - "ალუდა ქეთელაურის" შესწავლისას მოსწავლეს ინტერესს აღუძრავს ალუდას განკვეთის მიზეზი. რატომ განკვეთეს ალუდა თემიდან? კონკრეტულად რის გამო დაიმსახურა მან თემის რისხვა? ერთი შეხედვით, მოსწავლეებს შეიძლება, მოეჩვენოთ, რომ ეს მარჯვენის არ-მოკვეთის გამო მოხდა. მოსწავლე თავად უნდა მივიყვანოთ იმ აზრამდე, რომ პოემის კულმინაცია ხატობის ეპიზოდია, ალუდას მიერ ხევისბერის მოვალეობის მითვისება ხდება მიზეზი მისი განდევნისა.მუცალის მარჯვენა თემს სჭირდებოდა, როგორც დამადასტურებელი საბუთი ალუდას მორიგი გამრჯვებისა. ამის გამო თემმა ალუდას ზურგი არ აქცია, მხოლოდ  ტყუილის თქმა დასდო ბრალად: შეგეშინდა და გამოიქეცი, აქ კი რაღაც ტუილს ყვებიო. („გამაჰქცევიხარ ქისტისშვილს, გარდუქცევიხარ ქალადა“.) აი, ის , რაც ხატობაზე მოხდა  ნამდვილად ტრადიციის დარღვევაა: ალუდამ "რჯულძაღლის" სულის ცხონება მოინდომა კურატის შეწირვით , ეს ერთი მხრივ და მეორე, გაცილებით უფრო საშიში და საზარელი წესი დაარღვია მან, შეწირვის რიტუალი აღასრულა თავად, შეიჭრა ხევისბერის მოვალეობაში, ჩამოართვა მას უფლება და თავად აღასრულა რიტუალი.  ამ ტრადიციის დარღვევა ძვირად დაუჯდა ალუდას.

პრობლემა- თუკი მოსწავლე კარგად ვერ გაიგებს, რატომ დაისაჯა ალუდა, გაუჭირდება ალუდასა და თემის საქციელის განსჯა, არასწორად დასვამს აქცენტებს და შესაბამისად, არასრულად გაიაზრებს წამოჭრილ პრობლემას.

აქტივობა:  მოსწავლეებს განსახილველად მივცეთ რამდენიმე ეპიზოდი (ალუდას სოფელში დაბრუნების, მინდიას მიერ მარჯვენის მოტანის, ხატობის). მცირე განხილვის შემდეგ მოვაწყოთ გონებრივი იერიში თემაზე - რატომ დაისაჯა ალუდა? ჩამოვწეროთ ყველა შესაძლო პასუხი, შემდეგ მოვახდინოთ პასუხების დაჯგუფება-კლასიფიკაცია.

თავისებურება 3. „ალუდა ქეთელაურის“ ერთ-ერთ თავისებურებად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ სიმართლე ორივე მხარესაა. არგუმენტები მოეპოვება ალუდასაც და თემსაც. მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ საკუთარი პოზიციის გარკვევაში.

პრობლემა-მოსწავლე ვერ ხვდება ალუდა არის მართალი თუ თემი?! ალუდა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის პროტოტიპია, მოსწავლეთა ნაწილი მის მიმართ უდიდესი თანაგრძნობით აღივსება.  თუმცა შეიძლება, წარმოიშვას წინააღმდეგობა.თემიც მართალია! ალუდამ დაარღვია მთავარი წესი (ხევისბერის მოვალეობა მიითვისა).  თემის ასეთი პოზიცია   საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და რთული ისტორიული წარსულით იხსნება.

აქტივობა- ასეთ შემთხვევაშიკარგი იქნება, გავმართოთ  საკლასო დისკუსია. ჩამოვწეროთ პოზიციები, რომელსაც მოსწავლეები თავისი სურვილისამებრ დაიცავენ.  დავყოთ კლასი სადისკუსიო ჯგუფებად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსალოდნელია 2-3 ჯგუფის შექმნა.(1. თემი მართალია; 2. ალუდა მართალია; 3. არ მაქვს გამოკვეთილი პოზიცია).  

7 comments:

xcisis skola said...

რატომ აღარ წერთ ლელა?

xcisis skola said...

met temas ratom agar wert lela?

Unknown said...

დავწერ, აუცილებლად დავწერ. ტექნიკურმა პრობლემებმა იჩინა თავი (ლეპტოპი დავკარგე:( ). ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ეს ამბავი ჩემთვის, ბევრი მასალა დამეკარგა, ბევრი იდეა და თემა. ახლა ვცდილობ ნელ–ნელა დავუბრუნდე ჩვეულ ფორმას. მადლობა, ეკა მოკითხვისთვის. :)

ელენე ბეთლემიშვილი said...

ლელა, მე არ ვარ ფილოლოგი, მაგრამ ისე გატაცებით ვკითხულობ თქვენ ბლოგს და ყველას ვურჩევ: მასწავლებლებსაც, ჩემს მაძიებლებსაც (პედაგოგთა პროფესიულ უნარებზე თუ რამ მაინტერესებს აქ ვკითხულობ).
ძალიან მეწყინა ლეპტოპის ამბავი, მეც თითქოს ხელ–ფეხი მეკვრება თუ ჩემი ლეპტოპი თან არ მაქვს, მაგრამ თქვენც ხომ ხვდებით – არ დაგკარგვიათ რამდენი ნააზრევი, რამდენი იდეა, რამდენი თემა – ამ ბლოგის მეშვეობით:))) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცოდნა უნდა გასცე უშურველად:))) ლელა, წარმატებები და იცოდეთ რომ ველოდებით თქვენს ცანაწერებს :)))

Unknown said...

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ძალიან მეხმარება თქვენი გამოხმაურებები. :)

Unknown said...

ლელა, ძალიან დამეხმარა თქვენი ბლოგი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაში, ფაქტობრივად, სახელმძღვანელოებით არ მიმეცადინია და 10 წელია არ მისწავლებია.
დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებებს!:)

cisana said...

ლელა, მეც საოცრად დამეხმარა თქვენი ბლოგი გამოცდის ჩაბარებაში................ დიდი მადლობა.............. და წერეთ. რაც შეიძლება, ხშირად და ბევრი.................... ერთი იდეა მაქვს- ცალკე მდგომ თანდებულებზეც თუ დაწერთ თქვენთვის ჩვეული გასაგები ენით, ძალიან კარგი იქნება...............