27.6.11

ჯგუფური მუშაობა


  1.         ჯგუფური მუშაობა გამოიყენება როგორც განვლილი მასალის გამეორებისა და განმტკიცების მიზნით, ისე პრაქტიკული მუშაობისას
  2.    ჯგუფური მუშაობა ეფუძნება კონსტრუქტივიზმის პრინციპებს.
  3.      კონსტრუქტივიზმი სწავლას მიიჩნევს, როგორც პროცესს, რომლის დროსაც მოსწავლე თავდ ახდენს  მასალის აგებას ანუ კონსტრუირებას.
  4.       გასათვალისწინებელია,  რომ ჯგუფური მუშაობის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებს.
  5.    ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით , თუ რამდენი ბავშვია კლასში, როგორ სივრცეში მოუწევთ მუშაობა, მერხების განლაგებაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ   მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7–ს.
  6.      კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის სასურველია, თუკი ჯგუფები დაკომპლექტდება არაერთგვაროვნად – ერთ ჯგუფში მოხვდებიან განსხვავებული აკადემიური  მიღწევების მქონე მოსწავლეები. 
  7.       საჭიროა, რომ მასწავლებელმა ნათლად განსაზღვროს ინსტრუქციები. მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ ბუნდოვანი წარმოდგენა დავალების შესახებ.
  8.       კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.
  9.      ჯგუფური მუშაობა კომპლექსური პროცესია. იმისათვის, რომ ჯგუფური მუშაობა
ეფექტურად წარიმართოს საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. მხოლოდ მოსწავლეთა დასმა მაგიდის გარშემო არაა საკმარისი.

მოსამზადებელი სამუშაოები:
  •   რესურსების მომარაგება;
  •   შესაბამისი წინაპირობის შექმნა;
  •   დაგეგმვა;
  •   მასწავლებელს მზად უნდა ჰქონდეს საჭირო რაოდენობის დავალებები, რომლებიც ისე იქნება შერჩეული, რომ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

10.  ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ სასურველია, თუ მასწავლებელი კლასს გააცნობს მუშაობის შედეგებს და შეაფასებს მთელ პროცესს.

11. ჯგუფურ მუშაობას გააჩნია როგორც დადებითი , ასევე უარყოფითი მხარეები.

დადებითი მხარეები: – ჯგუფურ მუშაობას ინდივიდუალურ მუშაობასთან შედარებით გააჩნია უპირატესობა.
  •       ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობას და სოციალიზაციის უნარის განვითარებას.
  •       ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა  და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს.
  •       ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს ემპათიის გრძნობას უვითარებს.
  •      მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას.
  •      აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

უარყოფითი მხარეები: 
  •       ჯგუფური მუშაობის თანამშრომლობითი ხასიათი ერთ–ერთი უარყოფითი თვისებაცაა– იგი ხელს უშლის დამოუკიდებლად სწავლას.
  •   ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს ლიდერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულება და მისი აზრის უკრიტიკოდ მიღება.
  •     ჯგუფური მუშაობის დროს რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება. ვიღაც შეიძლება სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს.
გამოსავალი:  როდესაც რომელიმე მოსწავლე წვლილი არ შეაქვს სამუშაოს შესრულებაში, ეფექტურია, თუ მასწავლებელი თავად გაუნაწილებს მოსწავლეებს დავალებებს. შემდეგ კი მოახდენს შეფასებას როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფურად.
  •      შესაძლოა, მოხდეს მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯგუფში, თუკი ჯგუფის რომელიმე წევრს  არასწორი ინფორმაცია აქვს.
  •       მასწავლებლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს პროცესის მართვა.

ჯგუფური მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორები:
  •         ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარების უნარი.
გამოსავალი: "წრიული სისტემა" – მასწავლებელი სვამს რამდენიმეპასუხიან კითხვას, მოსწავლეები პასუხობენ რიგ–რიგობით. პროცესი სრულდება მაშინ, როცა კლასში ყველა მოსწავლე უპასუხებს.
  •         ზოგიერთი მოსწავლე ვერ ახერხებს  ჯგუფში ინტეგრირებას.           (მიზეზი: მორცხვობა)
გამოსავალი: მასწავლებელმა თავად გაუნაწილოს ჯგუფის წევრებს როლები.  ფუნქციები ჯგუფში შეიძლება ასე გადანაწილდეს: 
o   ერთი ან რამდენიმე მოსწავლე იქნება პრეზენტატორი; 
o   მკვლევარი 
o   ტექნიკური დირექტორი (ამარაგებს რესურსებით ჯგუფს) 
o   აღმწერი – ინიშნავს ჯგუფის მუშაობის საფეხურებს, ხარვეზებს და მიღწევებს.

  •            პრობლემა შეიძლება შექმნას კომუნიკაციის ნაკლებობამაც, როცა მოსწავლეს უჭირს თავისი აზრის ჩამოყალიბება. ეს კი ართულებს მის მუშაობას და ინტეგრირებას.
გამოსავალი: ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე საჭიროა კომუნიკაციური უნარების გასავარჯიშებელი აქტივობების დაგეგმვა. 
  • ხელის შემშლელია კიდევ მოსმენის ჩვევის  ნაკლებობა.
გამოსავალი: მოსმენის ჩვევის ნაკლებობა ახასიათებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ისინი არ ელოდებიან, როდის დაასრულებს პასუხს კლასელი და არ უსმენენენ. მოსწავლეებში მოსმენის ჩვევის განსავითარებლად არსებობს ასეთი სავარჯიშო, რომელსაც მუისი და რეინოლდსი გვთავაზობენ: სთხოვეთ მოსწავლეს, სანამ თვითონ დაიწყებს პასუხის გაცემას, გაიმეოროს წინა მოსწავლის პასუხი.


No comments: