18.10.10

ს ი ტ ყ ვ ა ( ნაწილი II )


     ილია  სიტყვის შერჩევის დროს ფრთხილად იქცეოდა, რამდენიმე ვარიანტს მოსინჯავდა ხოლმე და აკვირდებოდა, რომელი უფრო შეესაბამებოდა ხალხის ბუნებას. მაგალითად, რუსული право- ს შესატყვისად ილიას სხვადასხვა დროს ნახმარი აქვს უფლება, მართლიერება და რჯულიერება. საბოლოოდ დამკვიდრდა უფლება.
      ილია საჭირო სიტყვას ჯერ ხალხის მეტყველებაში და ძველ ქართულ ტექსტებში ეძებდა, თუ იქ ვერ აღმოაჩენდა, თავად ქმნიდა.  ქმნიდა დიდი სიფრთხილით , ქართული ენის ბუნების შესაბამისად, ცნობილი ფუძეებისა და აფიქსების გამოყენებით. განსაკუთრებით ხშირად იყენებდა –ება, –ობა და სა–ო მაწარმოებლებს.
         ამგვარად მოძიებული, შექმნილი და  დამკვიდრებული სიტყვებია: მიწათმოქმედება, აგებულება, აღებ–მიცემობა, დაწესებულება, ეროვნება, კაცობრიობა, მსოფლმხედველობა, მთავრობა, მმართველობა, მიმართულება , მოთხოვნილება, რწმუნება, უფლება, ღირებულება, საქონელი, მიმოქცევა, შინაარსი, სინამდვილე, განყენებული, საერ, საზოგად, საყოველთა, თვალთახედვა, უარყოფა და ბევრი სხვა.  
     დიდი წვლილი მიუძღვის აკაკი წერეთელს ახალი სიტყვებისა თუ ტერმინების შექმნა–დამკვიდრების საქმეში. აკაკის განსაკუთრებით ემარჯვებოდა კომპოზიტების შექმნა, ორი სხვადასხვა სიტყვით ერთი მოხდენილი სიტყვის შექმნა. თვითონ აკაკი წერს, რომ ქართულ ენაში მან შემოიტანა შეხმატკბილება, გაიძვერა და ბობოლა.
       ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის სიტყვები ლიანდაგი და ორთქლმავალი. ამ სიტყვების საჭიროება საქართველოში პირველი რკინიგზის გაყვანის დროს გაჩნდა, XIX საუკუნის 70–იან წლებში. თვითონ ნიკო ნიკოლაძე ასე იხსენებს "ლიანდაგის" აღმოჩენას ხალხის მეტყველების წიაღში:
          მწერალი დიდხანს ეძებდა რუსული "პოლოტნოს" შესატყვისს ქართულ ენაში. ამ ძიების დროს ერთხელ მას თვალი მოუკრავს, როგორ კერავდა დედამისი საბანს და ზედ მთელ სიგრძეზე ფერადი ძაფებით პარალელური ხაზები გაჰყავდა. ამ ხაზების დანახვაზე ნიკო ნიკოლაძეს რკინიგზა გაახსენდა და წინასწარ იგრძნო, რომ "პოლოტნოს" შესატყვისი  იპოვა. ნიკო ნიკოლაძე ჰკითხა დედას: "რას აკეთებო?", პასუხი ასეთი იყო: "საბანს ვალიანდაგებ, შვილო". მწერალი წუთით ჩაფიქრებულა და მერე უყვირია: "დიახ, ლიანდაგი, რკინიგზის ლიანდაგი!"
        ნიკო ნიკოლაძის რეკომენდაციით "ლიანდაგმა", მართლაც, დაიმკვიდრა ადგილი. რაც შეეხება ორთქლმავალს , ეს კომპოზიტი თავად ნიკო ნიკოლაძემ შექმნა. ამ ტერმინის ანალოგიით შემდეგ შეიქმნა არაერთი სიტყვა: ელმავალი, თბომავალი , მთვარემავალი და სხვანი.
      შექმნილიაო, რომ ვამბობთ, ეს არ ნიშნავს სრულიად ახალი ძირის გამოგონებას. აქ იგულისხმება, რომ უკვე არსებული ძირისა და არსებული მორფემებისგან იქმნება სიტყვა, რომელსაც ახალი და საჭირო მნიშვნელობა ენიჭება.
          საინტერესო ისტორია აქვს  ასანთს,  როცა საჭირო გახდა სათანადო ტერმინის მონახვა, ერთხანს სცადეს გამოეყენებინათ ძველი ქართული წუმწუმა (წუმწუმა არაბული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს გოგირდს), მაგრამ ეს სიტყვა არ აღმოჩნდა ქართული ენისათვის დამახასიათებელი და ვერ დამკვიდრდა, შედეგად მივიღეთ ის, რომ სასაუბრო ენაში კვლავ იყენებდნენ ბარბარიზმს "სპიჩკას", "სპიჭკას"  და "სპიჩქას". ასეთ ვითარებაში აკადემიკოსმა ალექსანდრე ჯანელიძემ შექმნა სიტყვა ასანთი. ასანთი ასე იშლება: სანთ–ი.
–ნათ– ძირი ქართულში უხსოვარი დროიდან არსებობდა (ნათ–ელი, ნათ–ება...). ასევე ძველთაგანვე არსებობს ა– ზმნისწინი და  სა– პრეფიქსი, მაგრამ ადრე არ არსებობდა ამ ელემენტების შეერთებით მიღებული სიტყვა, შეიქმნა მოხერხებული ტერმინი, რომლის ანალოგიითაც წარმოიქმნა კიდევ ერთი სიტყვა: სანთებელა.
      ძველი სიტყვის გაცოცხელება და მისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება ისეთივე დამსახურებაა, როგორც ახლის შექმნა. მაგალითად, სიტყვა მივლინება ძველი ქართული სიტყვაა და "გაგზავნას" ნიშნავდა. შემდეგ ეს სიტყვა დავიწყებას მიეცა. როცა საჭირო გახდა სპეციალური ტერმინი სამსახურებრივი დავალებით დროებით სხვაგან  გაგზავნის აღსანიშნად, ლექსიკოგრაფის ვუკოლ ბერიძის წინადადებით, გამოიყენეს ძველი ქართული სიტყვა მივლინება. ამ სიტყვამ იოლად შეიგუა ახალი მნიშვნელობა.
     კონსტანტინე გამსახურდიამ აღადგინა საბას ლექსიკონიდან სიტყვა ქვემეხი და შექმნა მოხდენილი კომპოზიტი დიდოსტატი ( გერმანული "გროსმაისტერის" ნაცვლად).
 

2 comments:

lasharela said...

http://lasharela.com/2011/12/04/2057

შენი ბლოგიდან ამონარიდი გამოვიყენე და ლინკიც მივუთითე შენს ბლოგზე, მაგრამ ერთი გამაგებინე - ნიკო რატომ ან როგორ იყო მწერალი? :) ნიკოლაძეს ვულისხმობ :)

ლელა ტეფნაძე said...

:)))) ეგ ამბავი მეც გამიკვირდა თავის დროზე, მაგრამ ისევე როგორც შენს შემთხვევაში, ჩემთვისაც ციტატაა ეს ნაწყვეტი და ამიტომ გამოკვეთილად მაქვს პოსტში. წყარო რ.გაბეჩავას წიგნია, ქართული ენა, X კლასი. :)))))