30.6.12

2010 წელში თუ 2010 წელს?


     საუბრისას ძალიან ხშირად გვიწევს დროის დაკონკრეტების მიზნით რიცხვის, თვისა თუ წლის დასახელება. ამისათვის ორი გზა არსებობს:
   1. ვასახელებთ თარიღს სრულად, ანუ ვამბობთ თვესაც და რიცხვსაც, ან წელსაც და რიცხვსაც, ან წელს, რიცხვს და დღეს ერთდროულად . მაგალითად, "ექსკურსიაზე მივდივართ 5 აპრილს", "დიდგორის ბრძოლა მოხდა 1121 წელს", "მე დავიბადე 1981 წელს, 13 ნოემბერს, პარასკევს".
   2. არის შემთხვევები, როცა ცნობილია მოქმედების დრო და დაზუსტების მიზნით ვამბობთ მხოლოდ რიცხვს, მაშინ გვაქვს ხოლმე ასეთი ფორმები: "ექსკურსიაზე მივდივართ 5-ში", "ტრაგიკული ამბავი მოხდა 37-ში", "მე დავიბადე 13-ში".
   თუ დავაკვირდებით პირველ პუნქტში ჩამოთვლილ თარიღებს, აღმოვაჩენთ, რომ თარიღის გადმოსაცემად გამოყენებულია მიცემითი ბრუნვა: წელ-ს, აპრილ-ს, ნოემბერ-ს, პარასკევ-ს.
   ხოლო მეორე შემთხვევაში გამოყენებულია -ში თანდებული(მიცემითი ბრუნვის ნიშანი წარმოდგენილი არ არის): 5-ში, 13-ში, 37-ში. ასეთ დროს იგულისხმება, რომ რომელ თვეზეა საუბარი ცნობილია და მხოლოდ რიცხვის დასახელებაა საჭირო. ან ყველამ იცის , რომელ წელზეა საუბარი და მხოლოდ ბოლო ორ ციფრს ვასახელებთ ("ტრაგიკული ამბავი მოხდა 37-ში").
     გავრცელებული შეცდომა დაკავშირებულია შემოკლებულ გამოთქმასთან, რომელიც
განვიხილეთ მეორე პუნქტში. იმის გამო, რომ მხოლოდ წლის, რიცხვის ან თვის ხმარებისას -ში თანდებულს ვხმარობთ, იგი შეცდომით გადაგვაქვს იქაც, სადაც მხოლოდ მიცემითი ბრუნვის უთანდებულო ფორმა უნდა ვიხმაროთ. ასეთი უმართებულო ფორმებია: 1998 წელში, 2010 წელში და ა.შ. უნდა იყოს 1998 წელს, ან 2010 წელს.
         ფორმა წელში ქართული სალიტერატურო ქართულისათვის მიუღებელია.  -ში თანდებული ერთვის მხოლოდ ამ სიტყვის სრულ ფორმას : წელიწადი. მაგალითად, წელიწადში 12 თვეა, ან ეს ამბავი წელიწადში ერთხელ ხდება.
    დავიმახსოვროთ, სწორი ფორმებია: 2010 წელს, ამ წელს, იმ წელს, გასულ წელს, მომავალ წელს...

No comments: