31.3.10

როგორ ვასწავლოთ VI კლასში "ჩირიკი და ჩიკოტელა"? ( II ნაწილი)

           ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე იმ ხალხურ გამონათქვამებს, რომლებიც თავისებურ ელფერს აძლევს მოთხრობას. ამ გამონათქვამებთან დაკავშირებით შესაძლოა შეირჩეს "პატარა მსჯელობის" ან "საინტერესო დისკუსიის" გამათვის გზები.
       გამონათქვამის გააზრების პარალელურად მოსწავლის ყურადღებას მივმართავთ იმისაკენ, თუ რომელ პერსონაჟზეა ნათქვამი მსგავსი რამ. ეს კი ხელს უწყობს ხალხური სიბრძნის და სხარტი გამოთქმების გააზრების კვალდაკვალ, პერსონაჟთა დასახასიათებლად ნიადაგის შემზადებას. ამ ტიპის გამონათქვამებად მივიჩნიე და მოსწავლეების სააანალიზოდ შევარჩიე შემდეგი : ....






1. "სადაც ნემსს შესდებს სახნისს გამოიღებს." (ჩირიკზე ამბობდა ხალხი და ამითგამოხატავდა ამ ადამიანის თავდაუზოგავ შრომას, ჩირიკის მონდომებას)
2. "შეიძლება ღარიბები ვიყვნეთ ბალახზე, მაგრამ მდიდრები უნდა ვიყვნეთ სალამზე". (ჩირიკი ამბობდა ხოლმე ასე და ამით ხაზი ესმება, თუ რაოდენ კეთილშობილია ჩირიკი, სიღარიბეში ადამიანმა არ უნდა დაკარგოს ზრდილობა და სალმით უნდა იყოს მდიდარი.)
3. "ფეტვი არ გაჰვარდება ხელიდანო". (ჩიკოტელაზე ამბობდნენ და ეს გამონათქვამი მას, როგორც ძუნწ ადამიანს, ისე ახასიათებს).
4. "ირემმა ირემს ბალახი მიუშვირა , განა თუ გაკლიაო" . (ჩირიკის სიტყვებია, შეიძლება ადამიანს ბევრი რამ ჰქონდეს, მაგრამ ყურადღება და სითბო სხვისაგან მაინც ესიამოვნოს).
5. "სხვას სხვისი მკვდარი მძინარე ეგონაო".( შეგვიძლია , გავიხსენოთ კიდევ ერთი ხალხური ანდაზა :"სხვისი ჭირი– ღობის ჩხირიო").
6. "ჭირი არ წავა უჭიროდ , თუ ჭირის დედა მთელია" . ( ამას ამბობს ჩიკოტელა, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და დავუსვათ კითხვა მოსწავლეებს : ამ სიტყვებს ჩიკოტელას მსგავსი ადამიანი უნდა ამბობდეს?)
7. "ცეცხლს წყალი დროზე უნდა მიუსხაო". (ხანძარს დროზე თუ არ ჩააქრობ, გაგანადგურებს, პრობლემას დასაწყისშივე თუ არ მოაგვარებ, მერე უფრო გართულდება) .
8. "დანის ყელზე მიყვანა" (გამოუვალ მდგომარეობაში ერთი პირის მიერ მეორის ჩაგდება).
9. "გველის ფხაში გაძრომა და ჯავრის ამოყრა"  . (რადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩიკოტელა ემუქრება ჩირიკს შურისძიებით).
10. "ჭირის თქმა ხომ დამწვარ გულს ანელებს". (დარდის გამხელა ტკივილს ამსუბუქებს, თუმცა აქვე აღვნიშნოთ, რა კონტექსტშია ეს სიტყვები ნათქვამი, მეზობლებს სურთ სეირის საყურებლად ჩიკოტელას გაღიზიანება).
11. "ჭირს ნუ დაუწვები უფრო დაგაწვება". ( "ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა , ვით ქვითკირსა")
12. "კაცი მიწატვერიაო, დღე არა აქვს ბევრიაო". (აქ უნდა გავიხსენოთ ძ"ველი აღთქმა" და ადამიანის შექმნის ამბავი . ).
         საორიენტაციო თემატიკა, რომელიც "ჩირიკი და ჩიკოტელას" გასააანალიზებლად დაგვეხმარება:
  • როგორ გაჩნდა ღვარძლი ქვეყანაზე? ( მოსწავლის სურვილისამებრ თხზულება შეიძლება დაწეროს  თავისუფალ თემაზე ან მოთხრობაში მოცემული ისტორიის გათვალისწინებით). 
  • სიზმართა შუა (ჩიკოტელას ტყუილ–მართალი, არეული რეალობა და სიზმრებს შუა გაჩხერილი გმირის ტრაგედია; შესაძლოა, გადაკეთდეს თავისუფალ თემადაც).
  • როგორ აჯობა მტრობას სიყვარულმა? ( "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია")
  • ჩირიკისა და ჩიკოტელას დახასიათება. (თემა უფრო საინტერესო იქნება, თუ მოსწავლეებს შევთავაზებთ, შეადარონ და ისე დაახასიათონ პერსონაჟები).
  • სხვას სხვისი მკვდარი მძინარე ეგონაო . (თანასოფლელებისა და გარშემომყოფების როლი ჩირიკისა და ჩიკოტელას ურთიერთობის მოგვარებაში).

No comments: