29.6.12

პროლოგის რამდენიმე სტროფის განმარტებისთვის

"რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა."
1. "რომელმან" აქ ჩვენებითი ნაცვალსახელია, რომელიც პირდაპირ აღნიშნავს ღმერთს – მან შექმნა სამყარო.
2. "სამყარო" ამ კონტექსტში არ ნიშნავს ქვეყანას და წუთისოფელს. ღვთაების მიერ ქვეყნის შექმნა გააზრებულია, როგორც ერთისგან სიმრავლის წარმოქმნა,
"სამყაროში", შუალედურ, ზემიღმურ შრეში, თავმოყრილია ყველა საგნის თუ მოვლენის წინასახე, იდეა.
მაგალითად, "სამყაროში" არსებობს ადამიანის იდეა, წინასახე, ხოლო ამქვეყნად არსებობს ამ იდეის განხორციელებული ფორმა, უამრავი ადამიანი ჩვენი სახით. და ასე იქ ყველაფრის იდეა და წინასახეა, რასაც ამ ქვეყნად სიმრავლის სახით ვხვდებით. "სამყაროდან" ეს იდეები მოიფინება დედამიწაზე, "ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა". ეს "უთვალავი ფერი" სიმრავლეს გულისხმობს.
3. "მისგან არს ყოვლი ხელმწიფე" – ამქვეყნიური მეფობა ღვთიურ ზეუფლობას განასახიერებს. (მსგავსი აზრია გატარებული "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც", სადაც გრიგოლი აშოტ კურაპალატის საგვარეულოს დავით წინასწარმეტყველს უკავშირებს).



"აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება,–
ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება;
მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება,
მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანეთის მონება."
1. ამ სტროფის მიხედვით, ადამიანს ოთხი თვისება უნდა ჰქონდეს, რომ შემოქმედებითი აქტი განახორციელოს:

  • ენა (მჭევრმეტყველება);
  • გული (ემოციური იმპულსი);
  • ხელოვნება (იგულისხმება პროფესიული ოსტატობა);
  • გონება.
ამას უნდა დაემატოს ღვთის შეწევნა.
2. ეს სტროფი იმითაც არის ნიშანდობლივი, რომ ნახსენებია პოემის მთავარი გმირი, ტარიელი, და მისი სამი მეგობარი.

"ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები,
ვით მარგალიტი ობოლი, ხელის–ხელ საგოგმანები,
ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქენ საჭოჭმანები,
ჩემმან ხელ–მქმნელმან დამმართოს ლაღმან და ლამაზმანები."
1. "ნათარგმანები" ყოველთვის არ ნიშნავს ერთი ენიდან მეორეზე გადატანილს, ვახტანგVI–მ ბეჭდურ "ვეფხისტყაოსანს" დაურთო კომენტარები, რომელსაც "თარგმანი" უწოდა.
ამდენად, პირველი სტრიქონი უნდა გავიგოთ ასე : "ეს უცხო, სპარსული, ამბავია, ქართულად გააზრებული". ნაწარმოების უცხოურ წარმომავლობაზე საუბარი იმის მიმანიშნებელია, რომ იგი საყოველთაო, ზოგადადამიანურ თემებს ეხება; ამავე დროს ეს ერთგვარი ხერხია, რომლითაც ავტორი თავს იცავს მოსალოდნელი კრიტიკისგან – მან მიწიერი, ხორციელი სიყვარული განადიდა, ამასთანავე თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების არსი თამამად გამოსახა.

"ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,
ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა;
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თბობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა."
1. ამ სტროფში გატარებულია ნეოპლატონური იდეა სიყვარ ულის შესახებ. რუსთაველი იცნობს ღვთიურ ცნობას და პროკლესეულ "სულთა სირას". სიყვარული არის "პირველი და ტომი გვართა ზენათა". "ტომი" და "გვარი" პლატონის ფილოსოფიის ცნებებია.

  • "გვარი" პლატონურ იდეას ნიშნავს;
  • "ტომი" – ნიშნავს ზოგადს, იდეათა გამაერთიანებელ იდეას. 
2. რომელ სიყვარულზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, იგულისხმება ყოველთვის ერთი, გამაერთიანებელი საწყისი – ღმერთი და ღვთაებრივი სიყვარული ("მიჯნურობა პირველი"), რომლისგანაც იბადება სხვადასხვაგვარი სიყვარული. ეს მიჯნურობა ერთ–ერთია იმ იდეათაგან, რომელიც პირველ სტროფში ნახსენებ "სამყაროში" არსებობს 
და ამქვეყნად სხვადასხვა სახით ხორციელდება. 
3. ზეციური სიყვარული "მომცემია აღმაფრენათა", მაგრამ მასზე საუბრისას ცალკე ენა დაიღლება და ცალკე– ყური, ამიტომ რუსთველი საუბრობს ამქვეყნიურ სიყვარულზე, მაგრამ კი ისეთზე, რომელიც საზეოს ჰბაძავს.

"მიჯნურსა თვალად სიტურფე მართება, მართ ვითა მზეობა,
სიბრძნე, სიუხვე, სიმდაბლე, სიყმე და მოცალეობა,
ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.
ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა."
1. ჩამოთვლილია 10 თვისება, რომელიც უნდა ახასიათებდეს მიჯნურს, იდეალურ ადამიანს:
  • თვალად სიტურფე;
  • სიბრძნე;
  • სიუხვე;
  • სიმდაბლე (იგულისხმება თავმდაბლობა, მოკრძალება სატრფოს წინაშე);
  • სიყმე (იგულისხმება რაინდული ერთგულება მეფისა, პატრონისა)
  • მოცალეობა ( მოცლა, თავისუფალი დროის ქონა);
  • ენა (მჭევრმეტყველება);
  • გონება;
  • დათმობა (მოთმინება, გამძლეობა, ნებისყოფა);
  • მძლეთა მებრძოლთა მძლეობა.

No comments: