25.4.10

რეცენზია ჭკვიანი მოსწავლის რვეულზე



    ერთი თხოვნა მაქვს, ბოლომდე ჩავიკითხოთ აქ დაწერილი, მით უფრო , რომ ძალიან საინტერესო ადამიანის აზრებზე გიყვებით. იგი ჭკვიანი ადამიანია, მოვლენებს ხედავს განსხვავებული კუთხით, გაოცებს აზროვნების სტილით.
წარმოდგენილია ბევრი საინტერესო თხზულება. ავტორს აქვს გადმოცემის განსხვავებული სტილი. ერთადერთი, აბზაცები არ უყვარს! სურს, რომ მისი ნაწერი კომპაქტური და შეკუმშული იყოს, ალბათ, ამაშიც თავისებური ხიბლია.
შთამბეჭდავი მსჯელობაა მოცემული ქართულ ლიტერატურაზე. სხვაგვარად რვეულს შეგვიძლია ვუწოდოთ „ფიქრები ქართულ ლიტერატურაზე.“ აქ ნახავთ ავტორის აზრს ვარსქენსა და შუშანიკზე, „ვეფხისტყაოსნის“ გმირებზე, ილია ჭავჭავაძეზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე და კიდევ მრავალ მწერალსა თუ პოეტზე.
თემებში ხშირად წააწყდებით სიტყვებს, რომლებსაც , როგორც წესი, ამ ასაკის ადამიანები არ იყენებენ. ნიძლავი მზადაა: თუ ნახავთ
,თუნდაც, ერთს მაინც ჩამოთვლილი სიტყვებიდან სხვა მეცხრე კლასელის რვეულში, მე ქედს მოვიხრი. ეს სიტყვებია: პრიორიტეტი, ექსპრესია ,ასპექტი ,ექსპანსია ,ნოსტალგია, განპირობებული, ინსპირირებული და კიდევ მრავალი სხვა. ქმნის თავად , როცა ასეთს ვერ პოულობს ენაში, მაგალითად, პრობლემატიკურობა.
მოსწავლე ძალიან სერიოზულად მსჯელობს ხოლმე მოცემულ საკითხზე, წარმოაჩენს მოვლენის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეს, ხშირად იყენებს პარალელებს საკითხის უკეთ წარმოსაჩენად. ამ გახსენებით კი ვხვდებით, მისი ცოდნა       დახარისხებული და მოწესრიგებული ფორმით აქვს თავში, ეს კარგია! მაგალითად, გაეცანით შემდეგ შედარებებს:
"ვარსქენ პიტიახში არის მოღალატე, ცხოველური ხასიათის მქონე ნეგატიური ადამიანი, ტიპური ქართველი დიდგვაროვნის მაგავსად, მანაც მეფის ღალატით გადაწყვიტა ხელისუფლების განმტკიცება, მაგრამ ლიპარიტ ბაღვაშის მსგავსად, ისიც სიკვდილით დაისაჯა."
" შუშანიკი არის რელიგიური წამების სიმბოლო ისევე, როგორც ქეთევან წამებული."


        ახლა წარმოგიდგენთ რამდენიმე აზრს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ამ რვეულის „მარგალიტებად“. დარწმუნებული ვარ ასე მკაფიოდ და ჩამოყალიბებულად მსგავსს ვერსად ვერაფერს გაიგებთ :
"21–ე საუკუნეში ადამიანისათვის მატერიალური კეთილდღეობაა მთავარი." –იგი ამაზე წუხს!
"ადამიანი ხარბია, სანამ თვითონ არ ჩავარდება ასეთ(გაჭირვებულ) დღეში , მანამდე ვერაფერს მიხვდება, სამწუხაროდ, ეს რეალობაა." – მართალია, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი, ვერ გააზრებ.
" ყველას თავისი ოცნება აქვს, ეს შეიძლება იყოს აუხდენელი ან ახდენას ექვემდებარებოდეს." – ოცნებაზე საუბრის დროსაც კი ცდილობს შეინარჩუნოს რაციონალიზმი, მსჯელობს ძალიან სერიოზულად, ოცნება ახდებას ექვემდებარებოდეს!– ძალიან საინტერესოა.
"თუ ადამიანი პირნათლად იცხოვრებს , მით უფრო მეტი შანსი ექნება ოცნების ასრულებისა." – აქ ჩანს ავტორის ოპტიმიზმი, კარგია,X, წარმატებებს გისურვებ.
„მერანი“ ექსპრესიულობას აღწევს შინაგანი დაძაბულობით და მაღალფარდოვანი სიტყვებით." – ძალიან კარგი აზრია!
"რა გენიალურია უნდა იყო კაცი, რომ დაწეროს ისეთი რამ , რაც 150 წლის შემდეგაც ყველაზე აქტუალურია. ჩემი აზრით, ეს გენიალურობაზე მეტია". (ილია ჭავჭავაძე“ ფიქრები „მგზავრის წერილებზე“) –და რა გენიოსი უნდა იყოს მოსწავლე, რომელიც მერე ამას დაწერს.
"პოეტი , პირველ რიგში, სამშობლოს უნდა ემსახურებოდეს, შემდეგ ყველაფერს." – ეს ილია ჭავჭავაძის გავლენაა, უთუოდ.
" ჩემი აზრით, დემოკრატია არის ცისფერთათვის ღირსების ორდენის მიცემა". – ხომ კარგია?! მეც ძალიან ბევრი ვიცინე... X, გენიოსი ხარ!


P.S. X, გადავხედე შენს რვეულს და კიდევ უფრო დამწყდა გული ჩემს მიერ გაკეთებულ წარწერაზე (რომელიც მრავლადაა ამ რვეულში და ვისურვებ, რომ აღარ იყოს მეორეში) – „დღეს დავალება არ გაქვს“! ახლა კიდევ ერთხელ ვხვდები, რამდენი კარგი თემა და მსჯელობა დარჩა დღის სინათლის მიღმა. შენ უნდა ყოველთვის დაწერო დავალება! წარმატებებს გისურვებ! მე ვიცი, რომ წლების შემდეგ აუცილებლად ვიამაყებ იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევედი კლასში, სადაც X  XXXXX  სწავლობდა.

No comments: