2.5.10

ყველაზე ვრცელი რეცენზია

      მოსწავლე არასოდეს კითხულობს თემებს კლასში, მხოლოდ მე მაქვს პრივილეგია გავეცნო მის ნაშრომს ჩემთვის, მივუწერო შენიშვნა და მოწონება ისე, რომ ამას სხვა ვერავინ ნახავს. ყოველთვის მიკვირს, რატომ არ კითხულობს იგი თავის თემებს, ის ხომ ასე კარგად წერს?!
ასეა თუ ისე, ეს შესავალიც იმიტომ წავუმძღვარე რეცენზიას, რომ განეწყოთ, თქვენ ახლა იმას ნახავთ და გაიგებთ, რაც არ გინახავთ და არ გაგიგიათ.
მისი თემები ყოველთვის გამოირჩევა, თვითონ ამბობს , რომ ვერ წერს თემებს კლასში: „ვერ დავწერ თემას კლასში, მომეცით სახლში“. თუმცა, მერწმუნეთ, კლასშიც კარგ თემებს წერს! სწავლობს კარგად, დავალებებს ასრულებს, ძირითადად, გულმოგინედ. „ვფიქრობ, სწავლის ძირი სულაც არ არის მწარე. თუ სწავლა არ გინდა და ზიხარ უგულოდ,  მოვალეობის მოხდის მიზნით, ამ დროს სწავლა, მართლაც, მწარეა, ხოლო, როცა ინტერესით სწავლობ, ეს სულ სხვა რამაა.“ მის თემებს ყოველთვის ეტყობა გულითაა ის დაწერილი თუ უგულოდ.
„შენი აზრით, როგორი ვიქნები მე?“ – ამ კითხვას ერთგან სვამს თავად ავტორი, ვეცდები, სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გავიცნოთ ეს მოსწავლე თავისი ფიქრით, ტკივილით, იმედით, სიხარულით, „სიგიჟეებითა“ (როგორც თვითონ უწოდებს, მე კი ამას „ახალგაზრდობას“ დავარქმევდი) და სიყვარულით.
მისი თხზულებები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, ეხება ბევრ თემას და უყურადღებოდ არ ტოვებს არაფერს. თბილისზე საუბრისას არ ავიწყდება კოლორიტების გახსენება, მეეზოვებისა და ტაქსისტების გარეშე თბილისს რა ხიბლი აქვს?! საუბრობს ქალაქზე ისევე, როგორც სხვა თემაზე, თ ბ ი ლ ა დ!
• „ტაქსის მძღოლებს უყვართ თავის თავზე ამბების მოყოლა (ოღონდ არა ნამდვილი   ამბების), ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავისი გამოგონილი ამბებით ართობენ მგზავრებს. მგზავრიც ხითხითით უხდის ფულს. იცის, რომ ყველაფერი მოგონილია. კი, მაგრამ, ამ ამბის მოგონებასაც ხომ უნდა ნიჭი?!“ – ამ გახსენების გარეშე თემა თბილისზე არასარულფასოვანი იქნებოდა.(დააწკაპუნე)

• „თათრის თავწაკრული მეეზოვე ქალები ცოცხით ხელში მტვერს გაყრიან და ნაზად გიღიმიან ისე, რომ თავისი ოქროს კბილი მკაფიოდ გამოჩნდეს.“ – კარგი რაღაც გაგახსენდა, მე მეგონა, მარტო მე მაყრიდნენ მტვერს, ამიერიდან მშვიდად ვივლი.
• „მახინჯი არ უნდა არსებობდეს ისეთ ქალაქში, სადაც ყველაფერი თბილია.“ – თითქმის საარჩევნო ლოზუნგია, ე.წ. სლოგანი!
• „მინდა ვცხოვრობდე იქ, სადაც ვცხოვრობ, მაგრამ ჩვენი ქალაქი ღამით მკვდარია, მე კი– ცოცხალი.“ – ეს სიცოცხლით სავსე ადამიანის განცხადებაა უთუოდ.
ავტორი განიხილავს და წყვეტს პრობლემურ საკითხებსაც. ისეთს, როგორიცაა სტრესი და ადამიანი (და აყალიბებს გენიალურ ფრაზას : „სტრესი ანუ შინაგანი უარყოფა“ ,:), ერი და მომავალი, მოსწავლე და სწავლა, ენა და საზოგადოება. აი, რამდენიმე ამონარიდი მისი პუბლიცისტური წერილებიდან, რომლებიც მან ენას და მის დღევანდელ მდგომარეობას მიუძღვნა.
• „ქუჩაში მდგომ „საზოგადოებას“ ქართულ ენასთან არანაირი კავშირი არა აქვს, მით უმეტეს, ქართული კულტურისა და ლიტერატურის ცნობასთან.“ – დაისვა პრობლემა: ქუჩაში დგომა განათლების მიღებას აბრკოლებს, ენას აბინძურებს, საკუთარი თავის შემეცნებას აფერხებს, ეს ავტორს არ მოსწონს.
• „ქართული ენის შესანარჩუნებლად ყველაზე მთავარი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და ძველი და ახალი წიგნები უნდა ვიკითხოთ ქართულად.“ – აზრი ცოტა ბუნდოვანია, თუმცა მე ვიცი, რა უნდა ეთქვა ავტორს, წიგნები უნდა ვიკითხოთ მშობლიურ ენაზე და უნდა გავეცნოთ როგორც ძველ, ისე ახალ ლიტერატურას–ო . ხომ ასეა, X?!
ასევე საინტერესოა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ადამიანის მსჯელობა ცხოვრების მდინარებაზე, დროის გასვლაზე, დაბერებაზე. რა იქნება მაშინ, როცა დავბერდებით, როცა აღარ ვიქნებით. ასეთ პესიმისტურ თემებზე საუბრისასაც კი ახერხებს ავტორი, შეინარჩუნოს იმედიანი განწყობა და საღი აზრი:
• „არ შეიძლება დრო მივუშვათ უყურადღებოდ, გაიპარება და მოგვენატრება, ვინანებთ ყველაფერს , რაც დავაპირეთ და ვერ დავასრულეთ, საჭიროა დროსთან ბრძოლა.“ – გენიალური ნათქვამია, დროსთან ბრძოლა ძალიან ბევრი პოეტური მიმდინარეობის დევიზი გამხდარა, ასე. რომ, X, შეგიძლია, შენც სცადო ბედი.
• „ახლა ცოცხალი, მგრძნობიარე, ემოციური ვარ. მაწუხებს ფიქრებზე ფიქრი და ოცნება იმაზე, რაც ან მოხდება ან – არა.“ – ამ ფრაზაში , გარდა იმისა, რაც ზედაპირზე ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანია – „ფიქრებზე ფიქრი“, ძალიან ორიგინალურია! ტავტოლოგიაა, მაგრამ მე მომწონს.
• „მოხუცის თვალებში ყველაფერი ადვილად ამოიკითხება.“– ამ ფრაზაზე კინაღამ ვიტირე, ჩაგიხედავთ მოხუცის თვალებში?! არის იქ ამოუცნობი, ჩაბუდებული, მარადიული სევდა, რომელიც მან ამოიკითხა. ყოჩაღ !
მოსწავლე ძალიან დიდი სიყვარულით საუბრობს ოჯახზე. დააკვირდით მის ასოციაციებს: „გულის სითბო, სახლი,ოჯახი...ფიქრი .... დროის განუყოფელი ნაწილია“. გულის სითბო მისთვის ოჯახია, ფიქრობს სახლზე, ოჯახზე.... და ეს მისი დროის განუყოფელი ნაწილია. „ჩემს სახლს ბევრი ფანჯარა აქვს, მაგრამ ამ ბევრიდან ერთია ჩემი.“ ესეც ძალიან კარგი ნათქვამია, ნამდვილი სამკაულია მოთხრობისა, რომელსაც, ალბათ, ეს მოსწავლედაწერს! ამ ფრაზით დაიწყე!!! ნებისმიერი ოჯახი ინატრებდა ასეთ პირმშოს, რომელიც ამდენს ფიქრობს სახლსა და ოჯახზე.
ასე დავასრულოთ ეს რეცენზია, მაგრამ აქვე გავითვალისწინოთ ავტორის რჩევა, „ამბავი ჩვეულებრივი არასოდესაა“ . შეიძლება გეგონოთ, რომ ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ, არა! ყოველი დღე არაჩვეულებრივია, ასე ფიქრობს ავტორი და იქვე ამატებს: „ჩემი ამბავი ჩვეულებრივი არასოდესაა, არც ის დილაა ჩვეულებრივი, როცა ვიღვიძებ და სკოლაში მოვდივარ. ეს ხომ ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი მისიაა.“
დაბოლოს, რამდენიმე ფრაზა, რომელიც ყურადღების ღირსია:
• „ჩემი აზრით, ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა გიყვარს და როცა უყვარხარ.“ – გისურვებ იყო ძალიან ბედნიერი ყოველთვის.
• „სამყარო ჩემით ვერ იყვირებს“. –რატომ ხმა არ გაქვს ძლიერი?!
• „იმაზე, ცას რომ ეძახიან, მოკაშკაშე მზეა, რომელიც მთელს დედამიწას ათბობს და ანათებს.“ – ეს ძალიან მომეწონა: „იმაზე, ცას რომ ეძახიან“... მაგარია!
• „ჩემი ცხოვრება მთვარის შუქზე იწყება.“ – მთვარესავით იდუმალი, სათნო და ნაზი ხარ! შენ კი ამტკიცებ , არაო, მაგრამ ასეა!
• „მინდა, რომ ისეთი ღამის ცხოვრება, სადაც ყველა ცოცხალია, მთვარე კი– წყნარი.“ – გიყვარს მჩქეფარე ცხოვრება და ყოველთვის ცდილობ იყო იქ, სადაც რაღაც ხდება.
იკითხე ბევრი, წერე კიდევ უფრო ბევრი და ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დღე, როცა ამაყად ვიტყვი: „მე X XXXXXXxX ვიცნობ, ის ჩემი მოსწავლე   იყო“!
P.S. ეს ყველაზე ვრცელი რეცენზია გამოვიდა, რაც ,თავისთავად, მეტყველებს იმაზე, რომ მასალა მქონდა ბევრი და საინტერესო.
ველი მომავალში წიგნს შენგან, რომლის რეცენზიასაც, იმედია, მე მანდობ კვლავ!












No comments: