17.10.11

როგორ ჩავატაროთ კლასში ვიქტორინა?

     პროლოგის მაგიერ
 მიზანი –  გავლილი მასალის გამეორება მოსწავლეებისათვის მოსაბეზრებელი რომ არ გახდეს, სასურველია, სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით ჩავატაროთ ვიქტორინა.
    ვიქტორინა ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებს გასამეორებლად მივცეთ გავლილი მასალა, კითხვა –პასუხის დროს ძალიან კარგად გამოჩნდება, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა კონკრეტული თემატიკა და  ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავამახვილებინოთ ყურადღება გავლილი თავის საკვანძო საკითხებზე.

საჭირო მასალა: 
1. ფურცელი (A4) 
2. ქვიშის საათი (სასურველია, ან  ერთწუთიანი ან  სამწუთიანი; ან ორივე ერთად)
3. წებო
4. ჭიკარტი

მოსამზადებელი პერიოდი
  1. ვიქტორინის ჩასატარებლად  კარგად უნდა მოემზადოთ.
  2. წინასწარ უნდა შეადგინოთ კითხვები, 
  3. განსაზღვროთ თითოეული კითხვისთვის მოსაფიქრებელი დრო, 
  4. მიანიჭოთ  კითხვებს ქულა, 
  5. გაანაწილოთ კლასი გუნდებად (სასურველია, თუ გუნდში 5 მოსწავლეზე მეტი არ იქნება).
კითხვების შედგენა

    კითხვების შედგენისას გაითვალისწინეთ, რომ კითხვა უნდა იყოს ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბებული. სასურველია, თუ   კითხვას თითოეულ გუნდს მაგიდაზე დაუდებთ. კითხვას თან უნდა ახლდეს პასუხის ველი, სადაც მოსწავლეები ჩაწერენ პასუხს. ამგვარი მიდგომა თავიდან აგაცილებთ წამოძახებასა და არასაქმიან ხმაურს.

დამატებითი საილუსტრაციო მასალა
  ძალიან კარგი იქნება, თუ წინასწარ მოამზადებთ მასალას, რომელსაც ვიქტორინის დასრულებისთანავე საილუსტრაციოდ კლასის კედელზე გამოფენთ. ამგვარი მასალა ცალკეულ  საგანს განსხვავებული ექნება. (ქართულის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ლექსიკური ერთეული, მწერლის ბიოგრაფიის დეტალები, განმარტებები, წესები). ეს ყველაფერი ერთ ფორმატზე განათავსეთ, დააწებეთ და ვიქტორინის დასრულებისთანავე კლასის კედელზე გამოფინეთ.





No comments: