30.10.10

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული


 ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიიტყვიან ადამიანზე, რომელსაც იოლად გამოსდის ყველაფერი, იღბლიანია და ადვილად აღწევს წარმატებას. (ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და გაიხსენე ,რა შემთხვევაში ვამბობთ ასე)
      "ჩემი მეგობარი  ძალიან საინტერესო ადამიანია, უყვარს წიგნების კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა. ხშირად ვხვდებით ხოლმე და ვიხსენებთ სკოლის პერიოდს, ჩვენს კლასელებსა და მასწავლებლებს. ეს საუბარი ყოველთვის ერთი ფრაზით სრულდება:
შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული! ვეუბნები მე.
     ამაზე ჩემს მეგობარს ეღიმება , თავადაც იცის, რომ ეს ასეა. მე კი ის ვიცი, რატომ ვამბობ ამას:  ერთი საკითხიც რომ ჰქონოდა ნასწავლი გამოცდაზე სწორედ ის საკითხი შეხვდებოდა, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზეც ტესტის ის ვარიანტი შეხვდა, რომელიც უნდოდა, ჩააბარა თუ არა, გაიცნო  გოგონა, რომელიც შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა, შემდეგ მოინდომა, საკუთარი ბიზნესი წამოეწყო და ესეც ჩინებულად შეძლო. ახლა საახალწლოდ კიდევ ერთ მომგებიან კონტრაქტს აფორმებს.... მოკლედ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული."
    ისტორია: ამ ფრაზის ისტორია უკავშირდება ძველ წარმოდგენას სამყაროს შექმნის თუ ადამიანის გაჩენის შესახებ. ძველად ეგონათ, რომ როცა ადამიანი მოევლინებოდა ქვეყანას, მისი ბედის ვარსკვლავი ცაზე სწორედ მაშინ ჩნდებოდა. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კი წყდებოდა. ვინც იღბლიანი იქნებოდა, მას ბედი სწყალობდა და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიაო.–ამბობდნენ, ხოლო, ვისაც არ უმართლებდა, საკუთარ წარუმატებლობას უბედურ ვარსკვლავს აბრალებდა.
      სამყაროს შესახებ  ამგვარი წარმოდგენა დღეს აღარ არსებობს, თუმცა გამოთქმა დამკვიდრებულია და ხშირად გაიგებთ.

No comments: