11.5.10

ბოლო ამოსუნთქვის იმედზე!


                           თუ გახსოვთ ვან გოგის "პატიმრები გასეირნების დროს"? ხო, აი, ეს სურათია, სტატიას რომ ახლავს. დღეს ეს სურათი შევუტანე მეცხრე კლასელებს, მცირე საუბრის შემდეგ დავალება გამოიკვეთა: შეურჩიეთ სათაური და დაწერე მოთხრობა, ჩანახატი, პუბლიცისტური წერილი, ესეი... მთავარია, გადმოსცეთ თქვენი ემოცია, რაც ამ სურათის ნახვის შემდეგ დაგეუფლათ! ქვემოთ მოცემულია ერთ–ერთი თემა, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა.
"მეცამეტე წელი დაიწყო , თენდება, მეშინია, მცივა, მხვდება შოლტი... ერთი, ორი... მეწვის, ვტირი. ძაღლივით მიგდებენ გამხმარ პურს და ვტირი, მცივა. გალიაში მოქცეული ნაცრისფერი ფრინველი ვარ. მტვრის სურნელი, მტვრის გემო... ვტირი. მინდა სახლი, მხვდება შოლტი... ვუბრუნდები რეალობას, ვტირი. მენატრება მზე, ჰაერი, ბუნება და ოჯახი, მახსენდება მშობლები, მარტო ვარ!
         ვხვდები, რა არის ცხოვრება და რაოდენ მნიშვნელოვანია ის. გალია პატარაა. ვგრძნობ, როგორ ვეზიზღები ამ კედლებს, ისინი ყოველი მხრიდან გარს მერტყმიან და შემზარავი გამოხედვით ნელ–ნელა მაქუცმაცებენ. ვტირი. ჩვენ აქ ვართ, როგორც ბინძური მღრღნელები  ბნელ სოროში და შოლტები კატის კლანჭებივით გვხვდება. ჰაერზე შვიდწუთიანი სეირნობა მხოლოდ სათაგურია, ვგრძნობ პურის ნამცეცების გემოს, მაგრამ შვიდი წუთის შემდეგ „ბახ“ და დაჭერილი ხარ.ვტირი. ხშირად ვფიქრობ თვითმკვლელობაზე, ხშირად ვვარდები კრუნჩხვებში, ხშირად ვტირი. ცხარე ცრემლები ავარვარებული ლავის მსგავსად გადმოდის ჩემი თვალებიდან და ვარდება გაყინულ ბეტონზე. ვტირი.
     სათაგურს შევეჩვიე ისევე, როგორც კატის ბრჭყალებს. პურის ნამცეცი მყოფნის, რადგან მეტის იმედი არც მაქვს. რად უნდა ნაცრისფერ ჩიტს ან თუნდაც ნაცრისფერ მღრღნელს მეტი, როდესაც აქვს მტვერი?! ვტირი! გავიდა ხანი, ვგრძნობ მღრღნელის ბოლო ამოსუნთქვის სიახლოვეს. ვტირი! მხვდება შოლტი, ერთი, ორი... ეჰ, შეკუმშული ვარ. ვტირი! ვტირი! ვტირი! სათაგურში ვარ დამწყვდეული , პურის ნამცეცის გემო შევიგრძენი, ბნელდება, ვკვდები, ვტირი, მიხარია!"

No comments: