29.3.10

სწორად თუ სწორედ?


   სწორად  და  სწორედ სიტყვებს ერთი ასო განასხვავებს. ორივე ეს ფორმა ერთი და იმავე ფუძისაგან არის ნაწარმოები,  ორივე მათგანი მართებული ფორმაა, შეგვიძლია მათი გამოყენება , მხოლოდ თავ–თავის ადგილას: ერთის ნაცვლად მეორეს ვერ ვიხმართ და –პირიქით.
        სწორად  სიტყვა ნაწარმოებია ზედსართავი სახელისაგან– სწორი, რომელსაც დაესმის კითხვა: როგორი? სწორად სიტყვას სამი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს:
1. პირდაპირ (მაგ.: სულ სწორად იარეთ, არ გადაუხვიოთ  და გამოჩნდება ჩვენი სკოლა).
2. მართებულად, უშეცდომოდ (მაგ.:ტესტი სწორად მხოლოდ ერთმა მოსწავლემ დაწერა).
3. ტოლად, თანაბრად (მაგ.: "ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების").
ამრიგად, სწორად = ტოლად, თანაბრად; პირდაპირ;მართებულად, უშეცდომოდ.
      სწორედ  სიტყვის ამოსავალია დღეს დიალექტურ ფორმად
მიჩნეული სწორე, რომელიც ადრე იხმარებოდა უფრო ხშირად, მაგრამ მოგვიანებით მას ჩაენაცვლა სწორად ფორმა და  მნიშვნელობა , რომელიც შეინარჩუნა და არ დაკარგა არის– რომელიმე სიტყვის ხაზგასმა. თუკი გვინდა ამა თუ იმ სიტყვის გამოყოფა, გამოყოფა– აი, ეს და არა ის, ან ასეთი და არა ისეთი, მაშინ უნდა ვიხმაროთ სწორედ.
     მაგ.: სწორედ ასეთ მონაყოლს ვითხოვ თქვენგან; სწორედ ახლა დამირეკა. სწორედ ამ ფერის მანქანა მინდოდა  და ა.შ.
     ამრიგად, სწორედ  = ზუსტად, სახელდობრ; ნამდვილად,მართლაც.
ამდენად, ერთი შეხედვით მოცილე ფორმები სწორად და სწორედ მოცილე კი არა, განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვებია და თითოეული მათგანი დანიშნულებისამებრ უნდა ვიხმაროთ:
სწორად = ტოლად, თანაბრად; პირდაპირ;მართებულად, უშეცდომოდ.
სწორედ  = ზუსტად, სახელდობრ; ნამდვილად,მართლაც.

6 comments:

Anonymous said...

და მაინც, რომელი ფორმაა სწორი: "უფრო სწორედ" თუ "უფრო სწორად"?

Unknown said...

ორივე ფორმა "სწორედ" და "სწორად" მართებულია, განსხვავებული მნიშვნელობის მქონე სიტყვებია და უნდა ვისწავლოთ მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება.
მაგალითად:
1. თუ გვსურს, რომ ვიღაცას ნათქვამი დავუდასტუროთ, აღვნიშნოთ ნათქვამის სიზუსტე, ვამბობთ:"სწორედ ასეა", "სწორედ ამას გეუბნებოდით", "სწორედ ამ კაბაზე გეუბნებოდი" და ა.შ. ანუ "სწორედ" ფორმით შეგვიძლია კონკრეტული სიტყვის გამოყოფა, კონკრეტულ ნათქვამზე აქცენტის დასმა.
2. ხოლო, თუ გვსურს, რომ რაღაცის თანაბრად გაყოფაზე, ტოლად განაწილებასა და რაღაცის მართებულობაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვამბობთ :"სწორად გაყავი", "სწორად მოჭერი" და ა.შ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც კომენტარში მიუთითეთ,სწორია ფორმა "უფრო სწორად", რადგან ვასწორებთ ვიღაცის ნათქვამს, მართებულ ფორმას ვუთითებთ.

გიორგი said...

ბლოგში გიწერიათ, რომ „სწორედ“-ის ერთ-ერთი მნიშვნელობა „ზუსტად“ არის, ასე რომ თუ ვიღაცის ნათქვამს აზუსტებ, სწორია „უფრო სწორედ“ და თქვენივე ნაწერიდან გამომდინარე, ორივე სწორია.

Unknown said...

რომელია სწორად აღიგნიშნეს თუ აგიღნიშნეს

Anonymous said...

არც ერთი.

Anonymous said...

აღგინიშნეს არის სწორი ფორმა