ენის ლექსიკური შემადგენლობა განუწყვეტლივ ივსება და მდიდრდება ახალი სიტყვებით, რომლებიც წარმოქმნილია ადრე არსებული სიტყვებისა და აფიქსების მეშვეობით, ან დიალექტებიდანაა შემოსული ან კიდევ სხვა ენებიდან ნასესხებია. ბევრი სიტყვა, რომელსაც დღეს ვიყენებთ უხსოვარ დროშია შემქნილი ან ნასესხები და ჩვენ არ ვიცით, ვინ მოიგონა ისინი , ვინ თქვა პირველად.
თუმცა არის სიტყვათა ისეთი ჯგუფი, რომელიც ახლო წარსულშია შემქნილი ან მივიწყებული იყო და მათ დამკვიდრებას შეუწყეს ხელი. ზოგიერთი ასეთი სიტყვის სალიტერატურო ენაში შემომტანი ცნობილია. სწორედ ასეთ სიტყვებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
მამული – ამ სიტყვას ქართულში ორი მნიშვნელობა აქვს:
1. სამშობლო
2. მიწა–წყალი, რომელიც ვისამე საკუთრებას შეადგენს და მემკვიდრეობით გადაეცემა მამიდან შვილზე.
ორივე ეს მნიშვნელობა ძველი ქართულიდან მოდის, მაგრამ ამ სიტყვის ზოგადი, ფართო გაგება (ანუ პირველი მნიშვნელობა) XIX საუკუნისთვის უკვე დავიწყებული იყო და "მამული" მხოლოდ მიწა–წყლის, ადგილ–მამულის მნიშვნელობითღა იხმარებოდა.
ახალ სალიტერატურო ქართულში ამ სიტყვის ფართო, სამშობლოს, მნიშვნელობით დამკვიდრება ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. აი, რას წერს ილია ჭავჭავაძე ამ სიტყვასთან დაკავშირებით:
"ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს– ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა–პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია. სადღაა მამული?
ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მოსდევს: განვთვითეულდით, და რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა. ჩვენს დაფუყულს და შევიწროებულს გონებას სადღა შეეძლო ექონია ის ვრცელი და დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა?
მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრისკაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისთვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია; მამულისათის ძლევამოსილობა– მოგებული საქმის განაჩენის პირია; მამულის სიმაგრე– ტყრუშული ღობეა, ვენახს გარშემო შემოტყმული; მამულის პატივი– ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის–შვილობა– მხვნელისა და მთესველის სახელიღაა."
შემდგომში სიტყვა "მამული კვლავ აღდგა თავისი ფართო მნიშვნელობით, რაც ილია ჭავჭავაძისა და XIX საუკუნის 60–იანი წლების მოღვაწეთა დამსახურებაა. ამ სიტყვის გააქტიურებას მოჰყვა მისგან სხვა სიტყვათა წარმოებაც: მამულიშვილი, მამულიშვილობა, სამამულო.
XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული სალიტერატურო ენა სავსე იყო ბარბარიზმებით, უცხო ენიდან შემოსული უხეირო სიტყვებით. ილიამ ბრძოლა გამოუცხადა ასეთ სიტყვებს და ამ ბრძოლაში ხალხის ცოცხალი მეტყველების წიაღში დაფარული საუნჯე მოიშველია. ასე დაუპირისპირა მან:
· პივას– ლუდი
· გიპსს– თაბაშირი
· კოპიოს– ასლი
· ტამოჟნას– საბაჟო
დღეს ეს სიტყვები ყოველი ქართველისთვის ნაცნობი და გასაგებია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მათ გზა ილია ჭავჭავაძემ გაუკაფა სალიტერატურო ენაში. ზოგიერთი სიტყვა ილიამ ძველი ქართული ძეგლებიდან გააცოცხლა– მოხელე, ხელისუფალი, ხელისუფლება და სხვა.
დღეს ჩვენ ვამბობთ– "მაღალი წოდება", "საპატიო წოდება", "მასწავლებლის წოდება" – და არც ვიცით, რომ სიტყვა წოდება დღევანდელი მნიშვნელობით სწორედ ილიასგან მოდის.
ილიამ შექმნა სიტყვა დედააზრი (დედამიწის, დედაბოძს, დედაენის და სხვათა ანალოგიით), რომელსაც "პრინციპის" შესატყვისად ხმარობს. მსგავსადვე არის წარმოქმნილი დედაარსი.
No comments:
Post a Comment