5.4.10

ტიციან ტაბიძე – "ცისფერი ყანწებით" (I ნაწილი)


            მოდერნული ხელოვნება ღვიძლი შვილია ქალაქის. მთვრალი გოლიათის სუნთქვით გაიზარდა იგი, მის აკვანზე ნიმფების  მაგიერ მოხეტიალე მემუსიკენი მღეროდნენ ნანას, ბუნებას არ უწოვებია მისთვის ძუძუ, შავი ქალაქის ნისლით და მკთომარე გაზით იზრდებოდა. ამიტომ დასაბამითვე მას თან დაყვა  ნაღველი პირველყოფილი ლაღი ცხოვრების მოგონებისა, ქალაქის ელექტრონის ფარნებზე წარმოუდგებოდა ნანატრი წარსული. სარწმუნოება მკვდარია, მაგრამ უამისოდ არ შეიძლება ცხოვრება, აქ იწყება მითის ქმნა, გაძარცულ სამსხვერპლოზე ჩნდებიან მითის მქმნელნი (......)
           
           ახალი ფუტურისტების ტერმინოლოგიით თანამედროვე კულტურა წარმოადგენს უზარმაზარ ქალაქს, ლონდონს, ნიუ–იორკს, ჰამბურგს, სადაც ტრუბები მაღალია ტაძრებზე, სადაც ცოფიანად მიჰქრიან ავტომობილები და გასაფრენად დარაზმულან ცეპელინები. აქ დრო არ არის უკან მოხედვის, აქ შეიქმნა წუთის კულტი. პოეტის შეგნება დამძიმდა.
            ქალაქმა შექმნა ახალი სახეები, აქ ჩაეყარა საფუძველი ლიტერატურულ სკოლას, რომელიც ცნობილია სიმბოლიზმად. სიმბოლიზმი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მომწიფდა, კლასიკურ შკოლად იქცა და ერთი თვალით უყურებს კიდეც თავის საფლავს. სიმბოლიზმის საინტერესო ახსნას იძლევა ფრანგი მწერალი რემი–დე გურმონი:
      "რა არის სიმბოლიზმი? თუ დავეყრდნობით სწორ გრამატიკულ მნიშვნელობას სიტყვებისას, თითქმის არაფერი . თუ კითხვას გავწევთ განზე, მაშნ იმას შეუძლია აღნიშვნა იდეათა მთელი რიგის: ინდივიდუალიზმი ლიტერატურაში,  შემოქმედების თავისუფლლება, დასწავლილი ფორმულების უარყოფა,  ლტოლვა ყოველივე არაჩვეულებრივისადმი,უცნაურისადმიც კი, ის ნიშნავს კიდევ  იდეალიზმს , სოციალური ფაქტების უგულებელყოფას, ანტინატურალიზმს, ტენდენციას მიმართულს იქით, რაც არი გადმოცემისას, მხოლოდ იმ ხაზების გადმოცემა, რომელიც ერთ ადამიანს მეორისაგან განასხვავებს, სურვილს დაიჭირო ის, რაც არსებითია და გადმოსცე."
            


              


No comments: