ზმნიზედა არის მეტყველების ნაწილი , რომელიც აღნიშნავს, თუ სად, როდის, როგორ, რა ზომით, რამდენჯერ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება. მაგალითად,
· გარეთ მზე ანათებს. (სად?),
· დღეს მერცხალი შემოფრინდა. (როდის?)
· ძალიან ჩქარობდა. (როგორ?)
რამდენადაც ზმნიზედა მოქმედებას ან მდგომარეობას ახასიათებს სხვადასხვა თვალსაზრისით, იგი შეიძლება ახლდეს ზმნასაც და ნაზმნარ სახელსაც : გუშინ წავიდა, გუშინ წასული კაცი...
სინტაქსურად ზმნიზედა გარემოებაა!
შინაარსის მიხედვით ზმნიზედის რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა:
1. ადგილის ზმნიზედა გვიჩვენებს მოქმედების ადგილს ან მიმართულებას. მისი კითხვებია: სად? საიდან? საითკენ? სადამდე?
ადგილის ზმნიზედებია: აქ, იქ, წინ, შინ, ძირს, ახლოს, შუაში, შინისკენ, ბოლოსკენ, გვერდით, შორით, ქვემოთ, მაღლა, მაღლიდან, აქამდე...
2. დროის ზმნიზედა აღნიშნავს მოქმედების დროს, ე.ი. უჩვენებს დროის გარკვეულ მონაკვეთს კონკრეტულად. მისი კითხვებია: როდის? რა დროიდან? რა დრომდე? რამდენ ხანს?
დროის ზმნიზედებია: ახლა, წეღან, წუხელ, გუშინ, შარშან, უწინ, ზეგ, ჯერ, მერე, გვიან, მალე, ბოლოს, დაწყებისას, დამთავრებისას, მარადის, გუშინწინ, ხანდახან, დღედაღამ, ზამთარ–ზაფხულ, დროდადრო...
3. ვითარების ზმნიზედა გვიჩვენებს, თუ რა ვითარებაში ხდება ზმნით გამოხატული მოქმედება. მისი კითხვებია: როგორ? რანაირად?
ვითარების ზმნიზედებია: ძალიან, ძლიერ, ლუკმა–ლუკმა, ცხენდაცხენ, ძალზე, ძლივს, განუწყვეტლივ, ამნაირად, ეგრე, ასე, ისე, თავქვე, გარდიგარდმო...
4. მიზეზის ზმნიზედა გვიჩვენებს მოქმედების მიზეზს. მისი კითხვაა რატომ?
მიზეზის ზმნიზედებია: ამიტომ, მაგიტომ, რატომღაც...
5. მიზნის ზმნიზედა გამოხატავს მოქმედების მიზანს. მისი კითხვაა: რისთვის?
მიზნის ზმნიზედებია: ამისთვის, მაგისთვის, მისთვის, ამად, იმად...
ზმნიზედათა მართლწერა
- მოქმედებითი ბრუნვისგან წარმომდგარი ზმნიზედების ბოლოს უნდა დავწეროთ თ და არა დ: ზემოთ, ქვემოთ, გარეთ, წინათ, უნებლიეთ, აქეთ, იქით...
- ვითარებითი ბრუნვისაგან ნაწარმოები ზმნიზედების ბოლოს უნდა დ და არა თ: კარგად, ცუდად, უცბად...
- დეფისით (და კავშირის გარეშე) იწერება ფუძის გაორკეცებით მიღებული ზმნიზედები: ჩქარ–ჩქარა, უჯრა–უჯრა, ნაბიჯ–ნაბიჯ, ნელ–ნელა, მთა–მთა, ტყე–ტყე...
- დეფისით იწერება აგრეთვე ანტონიმური ზმნიზედები: დილა–საღამოს, აქა–იქ, გაღმა–გამოღმა...
- უდეფისოდ იწერება და კავშირით შეერთებული ზმნიზედები: ხანდახან, თანდათან, დროდადრო, გზადაგზა...
- უდეფისოდ (ერთად) იწერება შერწყმული ზმნიზედები: ცალმხრივ, ყოველმხრივ, ყოველნაირად, დიდხანს, დოგამოშვებით...
- უნდა ვთქვათ და დავწეროთ ალბათ (და არა ალბად) .
საინტერესოა: ალბათ არაბულიდანაა შემოსული. მისთვის ამოსავალია ჰელბეთ ფორმა, რაც ნიშნავს "რასაკვირველია", "უსათუოდ". ქართულში შემოსულს მნიშვნელობა შეუცვლია და სათუოდ, სავარაუდოდ მომხდარის მნიშვნელობა მიუღია.
- წინ და უკან ანტონიმური ზმნიზედებია. თუ უკვე წარსულში მომხდარ ამბავზეა საუბარი, მაშინ უნდა ვთქვათ: საზღვარგარეთ წავიდა ორი წლის წინ (და არა საზღვარგარეთ წავიდა ორი წლის უკან) , ორი საათის წინ დაიწყო კითხვა (და არა ორი საათის უკან დაიწყო კითხვა)...
7 comments:
ჰელბეთ - არ არის არაბულად, ალ-ბათთა არის ეგ სიტყვა, რომელიც თურქულში შევიდა და გახდა ელბეთ.
მადლობააა
არაა ჰელბეთ არის არაბულად
რომელია სწორი ფორმა:მოსაწყობად თუ მოსაწყობათ?
მისაწყობად
თუ არ ვცდები, აკლია ჯგუფი: ზომა ოდენობისა-ჯერობისა
Post a Comment