23.2.11

ხატოვანი გამონათქვამები საბერძნეთიდან


  •  ოლიმპიური სიმშვიდე ეს გამოთქმა მაშინ გამოიყენება, როცა კონკრეტული ადამიანი გასაოცარ და  შესაშურ სიმშვიდეს იჩენს. ხატოვან თქმას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც, ღმერთები იმყოფებოდნენ ოლიმპოს მთაზე (ჩრდილოეთ საბერძნეთში) , სადაც მუდამ სიმშვიდე სუფევდა.  

მაგალითი : ნიკა ოლიმპიური სიმშვიდით უყურებდა  თამაშს, რომელსაც  მისი გუნდი დიდი ანგარიშით აგებდა.  (.. ნიკა სიმშვიდეს იჩენდა მაშინაც კი, როცა, წესით , უნდა აღელვებულიყო.)
  • პანიკური შიში – ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ვიღაც პანიკურმა შიშმა მოიცვა და ვგულისხმობთ , რომ მას ძალიან შეეშინდა. ბევრმა არ იცის, რომ ამ ხატოვანი გამოთქმის სათავეც ბერძნულ მითოლოგიაში უნდა ვეძებოთ.

  ვაჭარ–მოგზაურთა, ხელოსანთა და მეჯოგეთა მფარველ ღმერთს– ჰერმესს და ნიმფა დრიოპეს შეეძინათ ვაჟიშვილი, რომელიც თხისწვერებიანი და რქებიან–ჩლიქებიანი იყო.  ახალშობილმა დაბადებისთანავე ხტუნვა და სიცილი დაიწყო. როცა მამამ  შვილი წარუდგინა ოლიმპოს ბინადარ ღმერთებს, პატარა არსებამ ყველა გაახალისა,  ამიტომ მას სახელად  პანი  ("ყველა") უწოდეს.
       პანს ტყისა და ნადირთა მფარველობა დაეკისრა.  იგი ძალიან მხიარული იყო. თუმცა სასტიკი გაბრაზება იცოდა, განსკუთრებით არ უყვარდა, როცა ძილს არ აცლიდნენ და ხმაურით აღვიძებდნენ. ამიტომ როცა პანს ეძინა, ყველა ჩუმდებოდა ტყეში , იტრუნებოდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. საერთოდ, პანის უცნაური გარეგნობა ისედაც ყველას აშინებდა და აშფოთებდა. ამიტომ დაერქვა დიდ შიში პანიკური შიში და დიდი შიშით გამოწვეულ არეულობას– პანიკა.
მაგალითი 1: ომის დაწყებისთანავე მოსახლეობა პანიკურმა შიშმა მოიცვა და პროდუქტების მომარაგება დაიწყო. (ომის დაწყების გამო მოსახლეობა ძალიან შეშინდა და დაიწყო პროდუქტების მომარაგება)
მაგალითი 2: გავრცელებულმა ტყუილმა ქალაქში პანიკა გამოიწვია. (ტყუილმა ხალხი შეაშინა და ამ შიშმა არეულობა გამოიწვია).
  •  ეზოპეს ენა – ნიშნავს სათქმელის გადმოცემას შეფარული, ალეგორიული, შენიღბული ფორმით.

  ეზოპე ბერძენი მეიგავეა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ცხოვრობდა. ეზოპე მონა იყო  და უფლება არ ჰქონდა ადამიანის ნაკლოვანებებზე პირდაპირ ესაუბრა, ამიტომ აირჩია მან აზრის გადმოცემის იგავური ფორმა , ფრინველებსა და ცხოველებზე მოგონილი პატარა ამბებით იგი ადამიანთა ნაკლს ამხელდა.
მაგალითი: რა ეზოპეს ენით მელაპარაკები, თუ სათქმელი გაქვს პირდაპირ მითხარი. (თუ რამის თქმა გსურს, პირდაპირ მითხარი, ნუ მელაპარაკები მინიშნებებით
  • დამოკლეს მახვილი – ეს გამოთქმა იხმარება მოსალოდნელი საშიშროების, მოახლოებული საფრთხის აღსანიშნად.

       ფრაზას საფუძვლად უდევს ძველი ბერძნული თქმულება:                       
     სირაკუზის მმართველი დიონისე უბედნიერეს ადამიანად მიაჩნდა მასთან დაახლოებულ პირს–დამოკლეს. დამოკლე შენატროდა დიონისეს ყოფას და ბედს. მმართველმა გადაწყვიტა დამოკლესთვის ჭკუა ესწავლებინა; დაიბარა ერთ დღეს და თავის ტახტზე დასვა, მაგრამ წინდაწინ ტახტის ზემოთ, ჭერში,  ცხენის ძუით შიშველი მახვილი ჩამოკიდა. დამოკლე დაჯდა ტახტზე, აიხედა ზემოთ და დაინახა ჩამოკიდებული მახვილი, რომელიც შეიძლება, ჩამოვარდნილიყო და პირდაპირ თავში ჩასცემოდა. საჩქაროდ წამოხტა შეშინებული დამოკლე. დიონისემ მეგობარს ამით მიანიშნა, რომ მმართველის ბედი სახარბიელო არ არის და რომ მას საფრთხე ყოველ წუთს ელოდება.
მაგალითი:  ეს პრობლემა დამოკლეს მახვილივითაა, დროზე უნდა მოვაგვარო. (პრობლემა უნდა მოვაგვარო, თორემ როდის გართულდება მდგომარეობა, არავინ იცის). 


1.      ესაუბრე  ............................           ..................... , თორემ პირდაპირ თუ უთხარი სათქმელი, არავინ იცის, როგორ გაგიგებს.
2.      მიუხედავად იმისა, რომ ვითარება საშინლად დაიძაბა,                                           ის მაინც ინარჩუნებდა   ............................           ..................... .
3.      ეს  პრეზენტაცია ჩემთვის  ............................           ....................., თუ ვერ მოვამზადე კარგად, სამსახურიდან გამათავისუფლებენ. 

1 comment:

nikadanelia said...

ხვალისთვის მაქ დასაწერი ეს ხატოვანი დავალებები და ძალიან დამჭირდა...ბლოგს რაც შეეხება მომეწონა და ხშირად ვინახულებ..დიდი მადლობა ქალბატონო ლელა