3.3.11

ერლენდ ლუ – "ნაივური. სუპერი."


         ცოტა რამ ავტორის შესახებ: ერლენ ლუ დაიბადა 1969 წელს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "ნაივური. სუპერი" 20 ენაზეა თარგმნილი. ერლენდ ლუ ძალები სხვადასხვა სფეროში მოსინჯა: იდგა თეატრალურ სცენაზე იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და კლიპებს, იყო სკოლაში მასწავლებელი, მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც. "ნაივური. სუპერი" გამოსვლისთანავე იქცა ევროპულ ბესტსელერად.   
   
     თუ დაფიქრებულხარ ოდესმე, რაზე შეიძლება ფიქრობდეს კაცი? ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს! უნდა ეს, თუ არ უნდა  ფიქრები გამუდმებით ტრიალებენ, იცვლებიან, იზრდებიან და თუ დროზე არ მიხედე, შავდებიან.
   არადა, ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივადაა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.  ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ გადაშლით ერლენდ ლუს  წიგნს– "ნაივური.სუპერი".
       საკმარისია, დაიწყო კითხვა და მთელი წიგნი შემოგეკითხება, მარტივად და გენიალურად, როგორც ეს სათაურშია მითითებული. თან ამ სიმარტივის უკან კარგ საფიქრალსაც გადააწყდები. წაიკითხავ და შენც დაფიქრდები იმ საკითხებზე, რასაც მთავარი პერსონაჟი შენთან ერთად უკირკიტებს.
   ცხოვრებაში ყურადღებას ვაქცევთ და გვამახსოვრდება საგნები, რომლებიც ან ძალიან დიდია ან ძალიან პატარა, საშუალო ზომის საგნები კი ისე თანაცხოვრობენ ჩვენთან ერთად, რომ მათი არსებობა ხშირად არც კი შეგვიმჩნევია. ასეა ფიქრის დროსაც, ან არ ვნერვიულობთ და თუ ვნერვიულობთ, ძალიან.
*      რა უნდა ქნას ადამიანმა, როცა პრობლემები მოსვენებას არ აძლევს?
*      რისი გაკეთებაა საჭირო სამყაროს გასაუმჯობესებლად?
*      რა უნდა ქნა, როცა საგნებს შორის კავშირს ვერ ხედავ?
*      რა არის , რაც ბევრჯერ შეიძლება გამოიყენო, არ არის ისეთი დიდი, რომ მისი ტარება გაგიჭირდეს, არ ღირს ძალიან ძვირი, შეიძლება შინაც გამოიყენო და გარეთაც, მარტოსაც შეიძლება გამოიყენო და სხვებთან ერთადაც, გაგააქტიურებს, დროს დაგვავიწყებს?
*      სამყარო დასასრულისკენ მიექანება?
*      რა უნდა გამოვიდე, დიდი რომ გავიზრდები?
*      წარსული, აწმყო და მომავალი უბრალო სიტყვებია, თუ რამე კონკრეტულს მოიცავს?
*      რომელი ცხოველი გინახავს ცხოვრებაში?
*      რა იწვევდა შენს აღფრთოვანებას შენს ბავშვობაში?
*      რა არის ის, რაც აგრესიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარება, მკვეთრ ფერებში იქნება, მრავალჯერადად გამოიყენება, ხმებს გამოსცემს, საშუალებას მოგცემს დაივიწყო ცუდი მეგობარი და დრო.
    ეს კითხვები უტრიალებს თავში მთავარ პერსონაჟს, 25 წლის სტუდენტს. (საინტერესოა, რომ ნაწარმოებში მისი სახელი და გვარი მხოლოდ ბოლოს გამოჩნდება და ისიც დაკვირვებული მკითხველისათვის) . ამ კითხვებზე პასუხს ეძებს და ასე ებრძვის ერთფეროვან ცხოვრებას, აზრს, რომელმაც უნდა აამოძრაოს, მიზანს, რომელმაც უნდა უბიძგოს მოძრაობისკენ.
    თხრობა პირველ პირშია გადმოცემული, მარტივი და გასაგები ენით, მოკლე და ნათელი წინადადებებით, ავტორი ახერხებს და ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობის დროსაც კი არ ღალატობს თავის მინიმალისტურ სტილს.
  ნაწარმოების დასაწყისში მთავარი პერსონაჟი ცხოვრების ერთფეროვნებისგან თავმობეზრებული ადამიანია, რომელიც ვერ ხედავს საგნებს შორის ურთიერთკავშირს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და ვერ ხედავს ცხოვრების აზრს, თუკი სამყარო ისედაც ააღსასრულისკენ მიექანება, თუკი დრო არ არსებობს, თუკი  წარსული, აწმყო და მომავალი პირობითი ცნებებია.
   ნაწარმოების ბოლოს კი მან იცის, რა უნდა, იცის, რომ ყველაფერი გაცილებით მარტივია, მან იპოვა იმ კითხვებზე პაასუხი, რომელსაც თავად გამოჩენილმა მეცნიერმა და მისმა საყვარელმა ავტორმა, პაულ დევისმა,  მოხერხებულად აარიდა თავი.
  ამ ცვლილების მომსწრე ხდება მკითხველი, მთავარ გმირთან ერთად გადის გზას, რომელიც მისი გზაცაა. საკითხები, რომელიც წამოჭრილია მკითხველისთვისაც საკმაოდ ნაცნობია, უფიქრია და ამდენად, მათ ირგვლივ ტრიალი ერთგვარი გამოცდაა მისთვისაც.
   პასუხები კი ძალიან მარტივია, იმაზე მარტივიც კი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმოგიდგენიათ:

*      რა უნდა ქნას ადამიანმა, როცა პრობლემები მოსვენებას არ აძლევს?
პასუხი: უკეთესია კაცმა წინააღმდეგობა გაუწიოს თავის პრობლემებს, ვიდრე უბრალოდ უკუაგდოს ისინი.
*      რისი გაკეთებაა საჭირო სამყაროს გასაუმჯობესებლად?
პასუხი:  ყველაფერს უნდა შეხედო უფრო მარტივად.
*      რა უნდა ქნა, როცა საგნებს შორის კავშირს ვერ ხედავ?
პასუხი: უნდა შეიძინო ბურთი, გახვიდე ეზოში და კედელს ესროლო, შემდეგ დაიჭირო და ისევ ესროლო, და თან იმაზე იფიქრო, რომ  შენ მიერ ნასრიოლი მოხვდა სხვა საგანს და ისევ შენ დაგიბრუნდა. უნდა დაიწყო ამით, დანარჩენი თვითონ მოხდება.
*      რა არის , რაც ბევრჯერ შეიძლება გამოიყენო, არ არის ისეთი დიდი, რომ მისი ტარება გაგიჭირდეს, არ ღირს ძალიან ძვირი, შეიძლება შინაც გამოიყენო და გარეთაც, მარტოსაც შეიძლება გამოიყენო და სხვებთან ერთადაც, გაგააქტიურებს, დროს დაგვავიწყებს?
პასუხი:  ეს არის ბურთი. თუ იცი საგნის დანიშნულება , რისთვის გჭირდება ან რატომ, ყოველთვის მიაგნებ იმას , რასაც ეძებ.
*      სამყარო დასასრულისკენ მიექანება?
პასუხი: ამაზე პასუხი თავად პაულ დევისმაც არ იცის. ალბათ, ეს ის საკითხია, რომელზეც პასუხი თვითონ უნდა მოძებნო და დაიჯერო, რომ ეს ასეა.
*      რა უნდა გამოვიდე, დიდი რომ გავიზრდები?
პასუხი: წესით, ვინმე კარგი უნდა გამოხვიდე, ისეთი, რომელიც ამ სამყაროს ცოტათი უფრო უკეთესს გახდის.
*      წარსული, აწმყო და მომავალი უბრალო სიტყვებია, თუ რამე კონკრეტულს მოიცავს?
პასუხი: არსებობენ ტომები, რომელთა ლექსიკაში სიტყვა "დრო" არ არსებობს. მათთვის წარსული, აწმყო და მომავალი წრფეზე კი არა, წრეზეა განლაგებული და გვერდიგვერდ თანაარსებობენ.

*      რომელი ცხოველი გინახავს ცხოვრებაში?
პასუხი: სახალისო კითხვაა და ამაზე პასუხი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩამოწერო, ჰკითხე სხვებსაც და მიხვდები, რომ ამაზე ერთი კარგი და საინტერესო საუბრის წარმართვაა შესაძლებელი. თითოეულ ნანახ ცხოველს თავისი პატარა და უნიკალური ისტორია აქვს.
*      რა იწვევდა შენს აღფრთოვანებას  ბავშვობაში?
პასუხი: საუბრის თემა N2. ჩამოწერე და შეადარე შენი მეგობრის ჩამონათვალს. მიხვდები, რომ ის, რაც ბავშვობაში შენს აღფრთოვანებას  და გაოცებას იწვევდა სირთულის გამო, საოცრად გამარტივდა. გავა დრო და ასე შეხედავ დღევანდელ დღესაც.  
*      რა არის ის, რაც აგრესიისგან გათავისუფლებაში დაგეხმარება, მკვეთრ ფერებში იქნება, მრავალჯერადად გამოიყენება, ხმებს გამოსცემს, საშუალებას მოგცემს დაივიწყო ცუდი მეგობარი და დრო?
პასუხი:  არც მეტი არც ნაკლები, ეს არის საკაკუნო დაფა. საქართველოში , ალბათ, ასეთ სათამაშოს ვერ შეიძენ, მაგრამ შეგიძლია შეიძინო და წაიკითხო წიგნი, რომლის გარეყდაზეც საკაკუნო დაფაა გამოსახული.



    
    

No comments: