9.10.11

ქცევის წესები

    სასწავლო წლის დასაწყისში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განვუმარტოთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როგორი ქცევაა მათთვის შესაფერისი. ქცევის წესების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ მასწავლებელი ამ პროცედურას განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. არსებობს რამდენიმე რჩევა, რომელთა გათვალისწინება ქცევის წესებს გაცილებით უფრო ეფექტურს გახდის. 
   ქცევის წესების შემუშავება სასწავლო წლის პირველივე კვირას უნდა მოვახერხოთ. გთავაზობთ, როგორ უნდა განვახორციელოთ ეს პროექტი ჯგუფური მუშაობით.

I ეტაპი  – საკლასო დისკუსია
    პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქცევის წესებზე. ამ საუბარში
მოსწავლეების აზრის ფორმირება ხდება. ამდენად, მათ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასურველია, გაიმართოს დისკუსია.
  • მოვისმინოთ მოსწავლეების აზრი; 
  • გავარკვიოთ,  ისინი რას ფიქრობენ ამ თემაზე; 
  • გავიხსენოთ მაგალითები, როცა ცუდად შემუშავებულმა წესმა ან წესების უგულებელყოფამ არასასურველი შედეგი გამოიღო.
 მოსწავლეებს ვახსენებთ, რომ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა ქცევა როგორც გაკვეთილზე, ასევე შესვენების დროს დერეფანში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები ნეგატიური ფორმით არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, "არ ვაგვიანებთ გაკვეთილზე" – წესის ამგვარ ფორმულირებას გაცილებით სჯობს – "გაკვეთილზე შევდივართ დროულად, ზარის დარეკვისთანავე".

II ეტაპი – ჯგუფური მუშაობა
   მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს რამდენიმე ჯგუფად. სასურველია ჯგუფში 3–4 მოსწავლე ერთიანდებოდეს. ჯგუფებს უნდა დავურიგოთ წინასწარ გამზადებული ფორმები. გთავაზობთ სამუშაო ფორმის ერთ–ერთ ვარიანტს.
ჯგუფური მუშაობის დროს მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება პროცესს. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფს ყურადღების მიღმა დარჩენილ საკითხს ახსენებს. სამუშაო ფორმის ნიმუშზე გამოყოფილია კუთხე, სადაც მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი სახელი და გვარი. ეს ერთგვარად ზრდის მათ პასუხისმგებლობას და სამუშაოს მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან.





 III ეტაპი – დასკვნითი ნაწილი
წესების ჩამოწერის შემდეგ თითოეულმა ჯგუმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტატორი (ან პრეზენტატორები), რომელიც (რომლებიც) საკუთარ ნამუშევარს გააცნობენ კლასს.

 მასწავლებელი შევსებულ ფორმებს ყურადღებით უნდა გაეცნოს, დააკვირდეს მოსწავლეთა განწყობასა და სურვილებს. შეაჯეროს საკუთარი ვარიანტი მოსწავლეთა ნამუშევართან და შემდეგ გაკვეთილზე კლასში გამოაკრას ლამაზად დაბეჭდილი და გამზადებული "ქცევის წესები"

  სასურველია, თუ კედელზე გაკვრამდე თითოეული მოსწავლე საკუთარი ხელისმოწერით დაადასტურებს, რომ ეს წესები მათ შეიმუშავეს და მზად არიან ისინი სისრულეში მოიყვანონ.
გთავაზობთ, ქცევის წესებს, რომელიც "თბილისის მწვანე სკოლის" მეხუთე კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს.













5 comments:

ნანა ედიშერაშვილი said...

შესანიშნავი ბლოგია, ძალიან მეხმარება თქვენი ნამუშევრები... დიდი მადლობა

Unknown said...

მიხარია, რომ ვთანამშრომლობთ. :)

natia said...

დიდი მადლობა,ქალბატონო ლელა,ასეთი შესანიშნავი ბლოგისთვის!

ლეილა ისკანდაროვა said...

შესანიშნავი ბლოგია,დიდი მადლობა.

mzia said...

არაჩვეულებრივია , დიდი მადლობა ქალბატონო ლელა.