31.10.11

ანტონ I კათალიკოსი


ანტონ I  (1720–1788 წ.წ.)–  ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათალიკოსი, მწერალი, მეცნიერი,                                                                                                                              ვახტანგ VI–ის ძმის მეფე იესესა და ერეკლე  I–ის ასულის  ელისაბედის ვაჟი.

   თეიმურაზი  მამის გარდაცვალების შემდეგ  (1727 წლიდან) იზრდებოდა თელავის სასახლეში თავის ბიძაშვილ ერეკლე I I –თან ერთად. მის აღზრდაში მონაწილეობდა დავითგარეჯის წინამძღვარი არქიმანდრიტი სპირიდონი. თეიმურაზმა მიიღო ფართო განათლება. მას დიდი საერო
კარიერისთვის ამზადებდნენ. თუმცა ერთი შემთხვევის შემდეგ, მან ზურგი აქცია საერო მოღვაწეობას და ბერად აღიკვეცა:
     თეიმურაზი ქართლის თავადის გივი ამილახვრის ასულზე დანიშნეს, მაგრამ 1735 წელს თბილისში ლაშქრით შემოსულმა თამაზ–ხანმა (ნადირ–შაჰი) საცოლე წაართვა და გივი ამილახვარიც აიძულა დამორჩილებოდა მის ნებას. თავზარდაცემული თეიმურაზი ჯერ დავითგარეჯას შეეხიზნა, შემდეგ იმერეთს გადავიდა, ერთხანს რუსეთშიც იყო. 1738 წელს ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში ანტონის სახელით.
      1744 წელს საქართელოს კათალიკოსად აირჩიეს. ანტონი შეუდგა ნიადაგშერყეული და შევიწროებული ქართული ეკლესიის გაძლიერებას. განსაკუთრებით გაააქტიურა ბრძლა სომეხ მონოფიზიტთა წინააღმდეგ. დაწერა ტრაქტატი – „მზასიტყვაობა“– მათ სამხილებლად. ანტონ კათალიკოსი აქტიურად იყო ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაში.
   ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს. ამით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა ანტონ I–ს გაკათოლიკება დასწამეს და „მწვალებლად“ აღიარეს.1755 წელს მცხეთის საეკლესიო კრებამ ანტონი კათალიკოსობიდან გადააყენა.
   1763 წელს ერეკლე მეფის სურვილის თანახმად, საეკლესიო კრებამ ანტონი კვლავ კათალიკოსად აირჩია.
     ანტონის უშუალო მონაწილეობით 1762–1763 წელს განახლდა ვახტანგ VI–სეული სტამბა. შემდეგ ეს სტამბა რეორგანიზდა „ახალ სტამბად“.  ანტონი ზრუნავდა ქართველთა განათლებაზე, დააარსა ჯერ თბილისის და შემდეგ თელავის სემინარიები. ამ სემინარიებისთვის თავად დაწერა „ქართული ღრამმატიკა“(1753 წელს), მოგვიანებით გადაამუშავა გრამატიკა და მეორე რედაქცია  გაამზადა– 1767 წელს.
    დიდი წვლილი მიუძღვის ფიზიკის ტერმინოლოგიის დადგენაში, ერთხანს ასწავლიდა კიდეც ფიზიკას სემინარიაში,. მის ლექციებს ერეკლე I I ესწრებოდა თურმე.
        ანტონ პირველს მდიდარი ფილოსოფიურ–თეოლოგიური მემკვიდრეობა დაუტოვებია. „წყობილსიტყვაობაში“ ქართული ფილოსოფიურ–თეოლოგიური აზრის განვითარებაა მიმოხილული . ენციკლოპედიური ხასიათისაა „სპეკალი“, რომელიც ფილოსოფოსთა (არისტოტელეს, პლატონის, იოანე დამასკელის და სხვათა) შეხედულებებს განიხილავს.  არისტოტელესა და პორფირიოსის შეხედულებათა ახსნა–განმარტების მიზნით დაწერა „კატიღორია–სიმეტნე“. ანტონ I-ს ეკუთვნის „ღვთისმეტყველება“, „მარტირიკა“ (ჰაგიოგრაფუილ თხზულებათა კრებული). „სადღესასწაულოში“ შესულია ჰიმნოგრაფიის ნიმუშები, თავად ანტონის მიერ დაწერილი რამდენიმე ჰიმნიც. ანტონს ეკუთვნის ისტორიული ნაშრომები: „მოკლე ისტორია საქართველოსი“, „ქართველ მეფეთა შთამომავლობა“, თარგმნა კურციუსის „ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა“.
      ანტონ I შეეცადა საქართველოში დაემკვიდრებინა ე.წ. სამი სტილის თეორია, რომლის თანახმადაც, „მაღალ მატერიაზე“ „მაღალი სტილით“ უნდა ეწერათ, ისტორიული თხრობა „საშუალო სტილს“ მოითხოვდა, საყოფაცხოვრებო მოვლენები – „დაბალ სტილს“. თვით ანტონი უმეტესად „მაღალი სტილით“ წერდა.
   

შემდეგ: „სამი სტილის თეორია“ – დადებითი და უარყოფითი მხარეები. 

No comments: