30.6.12

ორი წლის უკან თუ ორი წლის წინ?


    მომხდარი ამბისა თუ ვითარების გადმოსაცემად ზოგიერთი ამბობს :" ეს ამბავი ორი დღის უკან მოხდაო", ხოლო სხვანი კი ამბობენ - "ორი  დღის წინ მოხდაო". რომელია ამ ფორმებიდან სწორი? 
    სწორი გამოთქმაა  "ორი დღის წინ მოხდა." საინტერესო კი ის არის, რომ ერთი და იმავე მოვლენის  აღსანიშნად მნიშვნელობით საპირისპირო და განსხვავებული სიტყვები (წინ და უკან) გამოიყენება და თან ისე, რომ  უმართებულო ფორმამ(ორი დღის უკან), თითქმის განდევნა ტრადიციულად სწორი ფორმა (ორი დღის წინ).
   ეს შეცდომა რომ აღარ დავუშვათ, ამისათვის საჭიროა, გავიაზროთ წინ და უკან სიტყვების მნიშვნელობა.
  წინ გამოიყენება მომხდარი, წინა ვითარების გადმოსაცემად. ეს სიტყვა ძალიან ბევრ სიტყვაშია შემორჩენილი_ გუშინწინ, შარშანწინ, უწინდელი, წინათ, უწინ... და ყველგან ადრინდელ , წინა ვითარებას აღნიშნავს.
  უკან გამოხატავს რაღაცის შემდგომ, მომდევნო, გვიანდელ ვითარებას.
      უკეთ რომ გავიაზროთ , რა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის, დავაკვირდეთ გამოთქმებს : ამას წინათ და მას უკან.  პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას გამოხატავს, ხოლო მეორე (მას უკან) რაღაც მოვლენის შემდეგ მომხდარ ამბავზე მიგვანიშნებს. მას უკან = მას შემდეგ.
    დავიმახსოვროთ, რომ წარსულში მომხდარი ამბის გადმოსაცემად უნდა ვიხმაროთ:
მრავალი საუკუნის წინ // წინათ
ოთხი წლის წინ // წინათ
ერთი თვის წინ // წინათ
ორი კვირის წინ // წინათ
რამდენიმე დღის წინ
ნახევარი საათის წინ,   ხუთი წუთის წინ....
  გავითვალისწინოთ, რაც უფრო მცირეა დროის მონაკვეთი (დღე, საათი, წუთი, წამი) სასურველია, ვიხმაროთ წინ (და არა წინათ). წინათ უფრო ხანგრძლივ პერიოდს (საუკუნე წელი, კვირა)  შეეფერება.

3 comments:

Unknown said...

დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი ახსნაა! აღარ შემეშლება აწი

Anonymous said...

ერთი და იმავე მოვლენის აღსანიშნად-არასწორია

ერთსა და იმავე მოვლენის აღსანიშნად-სწორია

Unknown said...

ძალიან კარგი, საჭირო და საინტერესო ბლოგია.