29.11.10

სიყვარული

ავტორი: მეოცნებე მეათეკლასელი                                  
    
      გრძნობა, რომელიც დაუპატიჟებელი სტუმარივით მოდის და კარებზე გიკაკუნებს, შენც კარებს აღებ და „ავადდები“. სიყვარულის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს, როდესაც გიყვარს ხარ ბედნიერი, თან უბედურიც. ის ტკივილს გაყენებს, ხშირად ტკივილი ისეთია, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობ. ნამდვილი სიყვარული მაშინაა, ჩემი აზრით, როდესაც ის ორმხრივია, მაშინ ის ყველაზე ლამაზია. ამ დროს ცხოვრებას სხვა იერსახე ეძლევა და ადამიანი ყველაფერს განსხვავებულად უყურებს. ამ ყველაფერს კი დიდი სიხარული მოაქვს. ბედნიერებაა, როდესაც იმ ადამიანს გაუზიარებ შენს გრძნობებს, იმ გრძნობებს, რომლებიც დიდი სიღრმიდან მოდის და უზარმაზარი ტალღასავით გფარავს, როდესაც შენი საყვარელი ადამიანი იღიმის შენ დანახვაზე და ყოველ შენს სიღრმიდან ამოფრქვეულ გრძნობაზე ანალოგიურად გპასუხობს, როდესაც მას რთულ მომენტში მხარში ამოუდგები, როდესაც მას ენდობი და ის შენ, როდესაც თითქოს და გამოუვალი სიტუაციიდან ხელჩაკიდებულები  ერთად გამოდიხართ და ღიმილი გამშვენებთ.
            მაგრამ, ყველაზე დამტანჯველია, სიყვარული, როდესაც შენ ის გიყვარს, მაგრამ იმ ადამიანს არ აქვს ისეთი დამოკიდებულება შენდამი, როგორც შენ მის მიმართ და იტანჯები. გსურს მასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ყოფნა, მაგრამ... გსურს, რომ ისიც განიცდიდეს შენს მიმართ იმას, რასაც შენ მის მიმართ განიცდი, მაგრამ... ყველაზე რთულია, როდესაც ის სხვასთან ერთად არის და მიუდგომელი კუნძულივითაა, რომლის ნაპირთან მხოლოდ კლდეს ხედავ, არ იცი ამ კუნძულის შიგნით რა ხდება, არ იცი ის რა აზრისაა შენზე. სულ მასზე ფიქრობ და ეს ფიქრები რთულ მომენტში ხელს ჩაგჭიდებენ და წონასწორობა დაკარგულს უფსკრულში ჩავარდნისაგან გადაგარჩენენ. მის დანახვაზე გამომეტყველება გეცვლება, თან გიხარია, თან დაბნეული ხარ. არ იცი, თუ რა უთხრა და ეს „გკლავს“. წარსულში მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა გაგონდება და ეს სიტყვები ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავებივითაა, დაინტერესებული მეცნიერივით ტელესკოპით მიზდევ და თუ დაეწიე, აკვირდები და ახალ-ახალი გრძნობები გეუფლება და სულ უფრო და უფრო გიყვარდება.
            ჩემი აზრით, მეგობრობა მხოლოდ მეგობრობაა და სიყვარული სულ სხვაა, ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც ყოველთვის სხვადასხვანაირია და არასდროს არ იცი თუ როდის და როგორი სახით გეწვევა. რაც შემეხება მე, მხოლოდ ის ვიცი, რომ იმ ადამიანისათვის, რომლისადმი ეს „ამოუცნობი“ გრძნობა გაგაჩნია, შავს თეთრად აქცევ და შეეცდები მისთვის ყოველი შემდეგი დღე წინამორბედზე ცოტათი უკეთესი გახადო. ამ გრძნობით „დაავადებულ“ ადამიანს ხშირად უჩვეულო ქცევები აქვს, ის დაფრინავს და არც კი იცის თუ საით მიფრინავს და თუ სად მიდის ეს საფრენი ბილიკი, შეიძლება მას მოუწიოს ამ გზის წლობით გავლა, მაგრამ იგი მზადაა ამისათვის, რადგანაც მას ამოძრავებს ის გრძნობა, რომელსაც სიყვარული ეწოდება და ის მიფრინავს იმ იმედით, რომ იგი დაახლოვდება იმ ადამიანთან, რომელიც მისთვის ცხოვრების არსია. სიყვარული გრძნობაა, რომელიც გტანჯავს, ბედნიერს გხდის, გაცოცხლებს და ამავდროულად გკლავს.

No comments: