7.4.11

თეიმურაზ I


      ბიოგრაფიულ ცნობებს თეიმურაზის შესახებ გვაწვდის როგორც მატიანე და საისტორიო დოკუმენტები,  ისე არჩილ მეფის თხზულება "რუსთველისა და თეიმურაზის გაბაასება". ამ უკანასკნელში მეთექვსმეტე პასუხში მოცემულია "ცხოვრება თეიმურაზისა".
   თეიმურაზის მამა იყო ალექსანდრე მეფის ძე –დავითი, კაცი "ამაყი, ლაღი, მრისხანე", ამასთანავე ბოროტი იმდენად, რომ , როგორც ცნობილია, მან დააპატიმრა თავისი ძმა გიორგი და ტახტიდან ჩამოაგდო მამა, რათა თვითონ გამხდარიყო კახეთის მეფე.
 დედამისი , აშოთან მუხრანბატონის ასული – ქეთევანი, იყო ადამიანიჭკუითა და ყოველგვარი სათნოებით შემკობილი, რომელმაც შირაზში შაჰ–აბასისგან მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა თავს.
  თეიმურაზი დაბადებულა  1589 წელს. 16 წლისა, დედას გიორგის შურისძიების შეეშინდა და 1602 წელს თეიმურაზი გაგზავნა სპარსეთს შაჰ–აბასთან. შაჰ–აბასმა იგი დიდი პატივით მიიღო. სპარსეთში თეიმურაზი "ისწავებდა წიგნსა და ენასა სპარსთასა". რაც ასე გამოიყენა მან შემდგომში. ცხადია, სპარსულ ენას ის მანამდეც და შემდეგაც  სწავლობდა, თორემ ორ–სამ წელიწადში ის მას ასე ზედმიწევნით ვერ შეისწავლიდა. სპარსულ ენასა და ლიეტარტურასთან ერთად მას საფუძვლიანად შეუსწავლია ქართული მწერლობა როგორს სასულიერო–საეკლესიო, ისე საერო. რუსთაველთან გაბაასებაში თეიმურაზი ამაყობს, რომ მან საღმრთოცა და საეროც შეუდარებლად იცის. საქართველოში დაბრუნებული თეიმურაზი  1605 წელს ავიდა სამეფო ტახტზე.
    თეიმურაზის მეფობა არ იყო ბედნიერი არც მისთვის პირადად, არც მის ქვეშევრდომთათვის. უმეტესი ნაწილი თავისი ხანგრძილვი მეფობისა მან გაატარა       ე ქ ს ო რ ი ო ბ ა შ ი: ხან ოსმალეთში, ხან სპარსეთში, ხან რუსეთში, უმეტესად კი რაჭასა და იმერეთში, თავის შვილთან, ნესტან–დარეჯანთან, რომელიც ცოლად ჰყავდა იმერეთის მეფეს ალექსანდრეს.  ხან დიდებული ფეოდალები ჩამოგდებდნენ ტახტიდან და გააძევებდნენ, ხან სპარსელები, ხან ქართლის მეფეები.
   ოჯახურ ცხოვრებაშიც არ იყო თეიმურაზი ბედნიერი: ჯერ იყო და მოუკვდა საყვარელი მეუღლე ანა და სპარსელების მოთხოვნით იძულებული შეიქნა ცოლად შეერთო ახლო ნათესავი, ქართლის მეფის და. შემდეგ ძალით გამოგლიჯეს ხელიდან დედა– ქეთევანი და შვილები –ალექსანდრე და ლევანი, რომელთაც ტრაგიკული ბედი ხვდათ სპარსეთში.  ტრაგიკული იყო ბედი სხვა შვილებისაც,                        ნესტან–დარეჯანისა და დავითისა: დავითი ჯერ კიდევ ყმაწვილი დაიღუპა სპასელებთან ბრძოლაში. ნესტან–დარეჯანი , ეს თავისებური ქართველი კლეოპატრა, ჯერ ზურაბ ერისთავის ცოლი იყო, შემდეგ იმერთა მეფეს ალექსანდრეს, უკანასკნელად გაჰყვა ვიღაც ვახტანგ ჭუჭუნაშვილს და 1668 წელს შუბით განგმირა ხოსია ლეჩხუმელმა.
          რაც შეეხება შვილიშვილებს, დავითის შვილებიდან ერთი– გიორგი, ბავშვობაშივე მოკვდა იმერეთის სამეფო კარზე, სადაც ის იზრდებოდა. მეორე, ერეკლე, იძულებული იყო, ქართლ–კახეთის არევ–დარევის გამო, რუსეთში გადასულიყო, სადაც ის იზრდებოდა გარკვეულ ატმოსფეროში. შემდეგ ერეკლემ მრავალი მწარე დღე აგემა ქართლ–კახეთს. თეიმურაზი მოესწრო მეორე ცოლის სიკვდილსაც და ეს თავზარდამცემი ამბავი მან შეიტყო გზაში, როდესაც ის ასტრახანში იმყოფებოდა, რუსეთიდან გაცრუებული იმედებით                 გამობრუნებული (1659წ.).  დასასრულ, მას უკუღმართმა ბედმა ისიც კი არ არგუნა, რომ საყვარელ სამშობლოში დაეხუჭა თვალები: 74 წლის ასაკში, სიბერით დაუძლურებული მეფე იძულებული იყო სპარსეთში ხლებოდა ახალ შაჰს, რომელმაც შელახა მისი რელიგიური შეხედულება და პირადი თავმოყვარეობა სახეში ღვინის შესხმით, შემდეგ თეიმურაზი  გადაიხვეწა ასტრაბადს. აქ 1661 წელს ჩოხის ან მაზარის ჩაცმით ბერად შედგა, ხოლო 1663 წელს გარდაიცვალა.
   მისი პოლიტიკური უბედობის მიზეზად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ თეიმურაზი იყო ეჭვიანი და დაუნდობელი კაცი, მოკლებული დიპლომატიურ შორსმჭვრეტელობას და საღ პოლიტიკურ ალღოს, მაგრამ , რაც მას აკლდა, როგორც მეფეს, უხვად ჰქონდა, როგორც პოეტს, ნამდვილად რომ ვთქვათ, ის მოწოდებული იყო იმდენად არა მეფობისთვის, რამდენადაც მწერლობისათვის.
  (ნაწყვეტი წიგნიდან   „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, კ.კეკელიძე, ტ.II, თბ.,1981წ., გვ.551–552)



თეიმურაზის შესახებ წერდა:  
    
 „ქეიფს, განცხრომასა და ნადირობას დაერთო ზედ მისი მელექსეობა , რომელიც იმას წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ნერონს მისი მემუსიკობა, პოეტობა და მსახიობა, რომ იმის ბადალი მელექსე არ გაჩენილა. უჯდა მთელი დღეობით ამ უშნო და უაზრო ლექსებს და აკლავდა თავის სიცოცხლეს შიგა. სწერდა ლექსს, სადაც არც ესთეტიკა, არც ხელოვნება, არც იდეა, არც რაიმე აზრი, არც რამე ისტოირული მხატვრობა, არაფერი ღვთისაგან განაჩენი არ ისახებოდა, გარდა უბრალო და უაზროდ გადატმასნილი სიტყვების რახა–რუხისა, სიტყვების ტმასვნა–გრეხისა. ჰკითხულობთ იმის ლექსებს და გიკვირს, რომ კაცი, რომელმაც გამოიარა ამდენი მწუხარება, გამოიარა ათასი ტრაღიკული შესაზარი მდგომარეობა, ათასი დევნა, თავის დამცრობა, ნახა უმაგალითო ოხრება და ტყვევნა თავისი სამეფოსი, თავისის აღმზრდელი და შემნახველი ქვეყნისა, დაკარგა რამდენჯერმე თავისი სარჩო–საცხოვრებელი, დარჩა მეფობიდან უბინაოდ, უჯაროდ, სცადა ათასი სიმუხთლე სოფლისა, დაკარგა უმაგალითო წამებით დედა, პირმშო შვილები, დაკარგა სიყრმის საყვარელი ცოლი და სხვა ამისთანა, – როგორ არ შეიპყრა აზრმა თავისი ლექსების წერის დროს, როგორ ერთხელ მაინც არ შეჰკვნესა გულმა ამოდენა ამბების მნახველს, როგორ არ გაუარა ერთხელაც  რამე ჩასაფიქრებელმა და საგულისხმო აზრმა, გონების მოსაზრებამ, ქვეყნის ცრემლმა, ქვეყნის ვაებამ“.

(ნაწყვეტი წიგნიდან „გიორგი სააკაძე და მისი დრო“, 1911წ., გვ.374–375.)

No comments: