Showing posts with label იდიომები. Show all posts
Showing posts with label იდიომები. Show all posts

30.10.10

ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული


 ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული – იტყვიან ადამიანზე, რომელსაც იოლად გამოსდის ყველაფერი, იღბლიანია და ადვილად აღწევს წარმატებას. (ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და გაიხსენე ,რა შემთხვევაში ვამბობთ ასე)
      "ჩემი მეგობარი  ძალიან საინტერესო ადამიანია, უყვარს წიგნების კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა. ხშირად ვხვდებით ხოლმე და ვიხსენებთ სკოლის პერიოდს, ჩვენს კლასელებსა და მასწავლებლებს. ეს საუბარი ყოველთვის ერთი ფრაზით სრულდება:
–შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული! – ვეუბნები მე.
     ამაზე ჩემს მეგობარს ეღიმება , თავადაც იცის, რომ ეს ასეა. მე კი ის ვიცი, რატომ ვამბობ ამას:  ერთი საკითხიც რომ ჰქონოდა ნასწავლი გამოცდაზე სწორედ ის საკითხი შეხვდებოდა, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზეც ტესტის ის ვარიანტი შეხვდა, რომელიც უნდოდა, ჩააბარა თუ არა, გაიცნო  გოგონა, რომელიც შეუყვარდა და ცოლად მოიყვანა, შემდეგ მოინდომა, საკუთარი ბიზნესი წამოეწყო და ესეც ჩინებულად შეძლო. ახლა საახალწლოდ კიდევ ერთ მომგებიან კონტრაქტს აფორმებს.... მოკლედ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული."
    ისტორია: ამ ფრაზის ისტორია უკავშირდება ძველ წარმოდგენას სამყაროს შექმნის თუ ადამიანის გაჩენის შესახებ. ძველად ეგონათ, რომ როცა ადამიანი მოევლინებოდა ქვეყანას, მისი ბედის ვარსკვლავი ცაზე სწორედ მაშინ ჩნდებოდა. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ კი წყდებოდა. ვინც იღბლიანი იქნებოდა, მას ბედი სწყალობდა და ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულიაო.–ამბობდნენ, ხოლო, ვისაც არ უმართლებდა, საკუთარ წარუმატებლობას უბედურ ვარსკვლავს აბრალებდა.
      სამყაროს შესახებ  ამგვარი წარმოდგენა დღეს აღარ არსებობს, თუმცა გამოთქმა დამკვიდრებულია და ხშირად გაიგებთ.

ხატოვანი სიტყვა–თქმანი


         საინტერესო ისტორიები აქვს არა მარტო ცალკეულ სიტყვებს, არამედ ხშირ შემთხვევაში მთლიან  ფრაზას თუ გამოთქმას.  ხშირად გაგვიგია ან გვითქვამს ამა თუ იმ ადამიანზე "ბედნიერ ვარსკვლავზეა" დაბადებულიო, თუმცა არ ვგულისხმობთ, რომ ის, ვიღაც, მართლაც ვარსკვლავზე დაიბადა. ამ ფრაზას თავისი პირდაპირი მნიშვნელობა დაკარგული აქვს და გადატანით ნიშნავს, რომ კონკრეტული ადამიანი იღბლიანია.  
  გამოთქმებს, რომელთაც დაკარგული აქვთ პირდაპირი მნიშვნელობა და ვხმარობთ გადატანითი მნიშვნელობით   ხატოვანი სიტყვა–თქმანი, ფრთიანი გამოთქმები, უცხო ტერმინით – იდიომები, ზოგჯერ კი ფიგურალური გამოთქმები  ეწოდება.
   ხშირად ისე ვიყენებთ ხატოვან გამოთქმებს, რომ არ ვიცით, რატომ ვამბობთ ასე? საიდან იღებს სათავეს მნიშვნელობის ამგვარი ფორმირება.  იდიომები სხვადასხვა წარმოშობისაა. ზოგი ბიბლიიდან მომდინარეობს, ზოგი– ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას ეფუძნება. ძალიან ბევრი ანტიკური მითებიდან თუ სხვადასხვა ლეგენდიდან იღებს სათავეს.
   ხატოვანი სიტყვა–თქმანი ითარგმნება და ასე ვრცელდება ენიდან ენაში. ზოგი იდიომი აშკარად ნათარგმნია, თუმცა დღეს შეუძლებელია იმის დადგენა, საიდან მოდის, ვინ დაამკვიდრა და გაავრცელა ის. ასეთი გამოთქმებია : "ხელი ხელს ბანს", "ხელის მოთბობა", "შუბლზე აწერია", "ჩიტის რძე"...
  იდიომების უფრო დიდი ნაწილის წარმოშობა ცნობილია და ისტორიები ძალიან საინტერესოა.